21:17 | 2020-09-21 ავტორი: რუსა ღვანიძე

„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ – 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს

„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ – 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში პატარა ვირტუოზ ნიკოლოზ თოხაძის ვიდეო ვრცელდება, რასაც საზოგადოების მხრიდან უამრავი პოზიტივი და დადებითი ემოციები მოჰყვა.

 

ხუთი წლის ვუნდერკინდის დედა, ეკა უდესიანი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკოლოზი მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ორი წლის ასაკიდან უკრავს და მღერის:

 

მიხარია, თუ მოგეწონათ, იმედი მაქვს ნიკოლოზი, კიდევ ბევრს შეძლებს. ფაქტია, იმაზე მეტს აკეთებს, რასაც ამ ასაკის ბავშვი უნდა ახერხებდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი მომავალი.

 

თითქმის ყველა ოჯახის წევრი ვმღერით, მაგრამ სტანდარტულად, ისევე როგორც ყველა. განსაკუთრებული ნიჭი არ გვაქვს, არც გენეტიკაში გვყავს მუსიკოსი. სტანდარტული მუსიკალური ოჯახი ვართ. სამწუხაროდ, ნიკოს მხედველობის პრობლემა აქვს – დაქვეითებული აქვს.

 

რამ გამოიწვია მხედველობის დაქვეითება?

 

რეზუსკონფლიქტის შედეგად დაიბადა. სავარაუდოდ, რომ ვერ ხედავს, ეს მაპროვიცირებული ამბავია იმის, რომ ხმებით ერთობა, თან ძალიან კარგად. შესაბამისად, ინსტრუმენტისთვის უფრო მოიცალა, ვიდრე სხვა ჩვეულებრივმა ბავშვმა. უფრო მეტად გაძლიერებული აქვს სმენა, მაგრამ ფაქტია, რომ ნიჭიც ჰქონდა – თუ სმენა არ გაქვს, ამ დონეზე ვერ დაუკრავ.

 

 

რა ასაკიდან გამოავლინა მუსიკალური ნიჭი?

 

დაახლოებით, ორი წლის ასაკიდან – პირველად, „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“ დაუკრა, ჩვენთვის ვერთობოდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ სრულფასოვნად დაუკრა.

 

სამი წლის წინ, მუსიკალური ათწლედის პედაგოგი, თამუნა მიქაძე გამოგვეხმაურა, როცა პირველად მოუსმინა ნიკოლოზს. მითხრა, რამე არ გამოგვეპაროს, ხუთი წლის რომ გახდება, აუცილებლად მომიყვანეთო.

 

რამდენიმე დღის წინ კი, ქ-ნი ნუკრი კაპანაძე შეგვეხმიანა და სტუდიაში დაგვიბარა.

 

VIDEO: მთიული ნიკოლოზის ემოციურად შესრულებული „რა ყოფილა გურია“
2020-06-05VIDEO: მთიული ნიკოლოზის ემოციურად შესრულებული „რა ყოფილა გურია“

 

 

უკვე დაიწყო მუსიკაზე სიარული?

 

გვითხრეს, რომ ათწლედისთვის ძალიან პატარააო და თამუნა მიქაძის რეკომენდაციით, მუსიკოსის პედაგოგ თაკო ჟორდანიასთან გაგვიშვეს, სადაც ოთხშაბათს, უკვე დაბარებულები ვართ.

 

სიმღერაზეც მივიყვანე, მაგრამ გვითხრეს, ამ ეტაპზე ძალიან ადრეაო. გადასარევად მღერის, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვია, არ უნდა სიმღერაზე სიარული, ძალით ვერაფერს ასწავლი. თუ სიმღერა მოწონს, იმ შემთხვევაში გაიმეორებს. სიმღარაზე რომ მივიყვანე, არ მინდა მუსიკაო, დაიხურა ქუდი და წამოვიდა – თავად წყვეტს, რა უნდა და რა არა!

 

რა პრობლემებით დაიბადა?

 

რეზუსკონფლიქტით დაიბადა, მაგრამ სასწაულად გადარჩა. სწორედ, ეს გახდა მხედველობის დაზიანების მიზეზი და არა გენეტიკა. ფაქტიურად, ნიკო არის უძლიერესი ორგანიზმის მქონე ბავშვი, რომელიც ორსულობის დროს, მძიმე კატასტროფაში მოხვდა, მაგრამ სასწაულია, რომ აბსოლუტურად უწამლოდ მოვედით აქამდე.

 

რეანიმაციიდან, მხოლოდ ფოლიუმის მჟავის დანიშნულებით გამოვიყვანეთ და არანაირი სხვა პრეპარატი, ბავშვს, მას შემდეგ არ მიუღია (თუ არ ჩავთვლით ვირუსების დროს დანიშნულ მოკრძალებულ მკურნალობას, რომელიც რეზუსკონფლიქტთან არფერ კავშირში არ არის), როცა ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვს, სერიოზული მკურნალობა ჭირდება. მართლაც სასწაული მოხდა – ორგანიზმმა, თვითონ მოახდინა რეაბილიტაცია.

 

 

ზუსტი დიაგნოზი რა არის?

 

ამჟამად, არავითარი დიაგნოზი არ აქვს. ერთადერთი პრობლემა, რეზუსკონფლიქტის შედეგად დაზიანებული მხედველობაა, რაც თავის ტვინში, სისხლჩაქცევის შედეგად განვითარდა. რეზუსუაყოფითი ჯგუფის სისხლი მაქვს და როგორც წესი, ამ შემთხვევაში, ბავშვის გადარჩენის 0,008% არსებობდა. ნიკოლოზმა, თავისი მონაცემების წყალობით მოახდინა რეაბილიტირება.

 

არც ამბიცია მაქვს და არც მოლოდინი, მაგრამ მართლაც გაუგონარი ამბავია. არ შევადარებ მოცარტს და შოპენს, მაგრამ ამ გენიოსმა მუსიკოსებმაც სამი წლიდან დაიწყეს მოღვაწეობა. ნიკოლოზმაც, ძალიან ადრე დაიწყო თავის თავის აღმოჩენა მუსიკაში. ამავე დროს, პატრიარქის ნათლულია, ვნახოთ რა იქნება.

 

Нет описания.

 

რამდენი აქვს მხედველობის პროცენტულობა, ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გადასარევად უვლის საკუთარ თავს. უბრალოდ, უჭირს პატარა ზომის ნახატების დანახვა, სავარაუდოდ, მსხვილ კონტურებს უკეთ არჩევს. კარგად ხედავს სილუეტებს, კონტურების გარჩევა კი უჭირს.

 

როგორი მიმდინარეობს ბავშვის განვითარება?

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ბავშვი, ფაქტიურად, მკვდარი დაიბადა, მაგრამ სასწაულად გადარჩა. მედიცინისთვის, ეს აუხსნელი მოვლენაა. რეანიმაციიდან 50 -ე დღეს გამობრძანდა სახლში, მხოლოდ ფოლიუმის მჟავის დანიშნულებით, მაგრამ მოხდა საოცრება და ყველაფერი ალაგდა. რაც ამ პრობლემამ დაუტოვა, ასაკობრივი ჩამორჩენა აქვს.

 

 

რეალურად, 5 წლის ასაკისთვის, შეიძლება გამართულად ვერ საუბრობს, მაგრამ ლექსებს სწავლობს. ფანტასტიკური ნიჭის ადამიანია, მაგრამ როგორიც უნდა იყოს ამ ასაკის ბავშვი, ისე ჯერ მაინც არ არის. ეს ძალიან ჩვეულებრივია, რადგან ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, ამიტომ, მის სრულ გამოჯანმრთელებას, დიდი დრო ჭირდება.

 

ვფიქრობდით, რომ ნიკო საერთოდ ვერ გაივლიდა. ერთი წლის ასაკში, ძალიან მოდუნებული იყო, თავის დაჭერაც კი უჭირდა. ბავშვების უმეტესობა, მხედველობით ითვისებს, ამიტომ ნიკოლოზმა, ბევრი მოახერხა თავის ასაკთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, მხედველობის გაუმჯობესებაა.

 

 

 

უცხოეთში გყავდათ სამკურნალოდ?

 

პირველად, 2017 წელს წავედით გერმანიაში ატროფიის დიაგნოზით, გვითხერს, რომ არავითარი ატროფია, ეს არის ნისტაგმი, რაც სისხლჩაქცევის შედეგად განვითარდა – ასაკოვანი ადამიანების დაავადებაა და ბავშვებში ძალიან იშვიათია.

 

ოქტომბერში ისევ ვაპირებთ წასვლას, მაგრამ პანდემიის გამო, არ ვიცით რა იქნება. ტრანსპორტის პრობლემებიც დაერთო, კატასტროფულად გართულებულია ყველაფერი, თან ფასებიც ძალიან მომატებულია. არ ვიცით რა გამოგვივა.

 

სასწაულად გადარჩა, ალბათ ისევ სასწაული გადაგარჩენთ… 

 

ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. მთელი ოჯახი სრულ შოკში ვართ. ნიკოლოზის გარდა, კიდევ ორი შვილი მყავს, მაგრამ ნიკოლოზის ვიდეოებს, „ფეისბუქზე“ ხშირად ვდებდი, რამე მნიშვნელოვანი არ გამომპარვოდა.

 

Нет описания.

 

არ მეგონა, ამდენი ღვთისნიერი და კეთილი ადამიანი თუ არსებობდა. საზოგადოებისგან წარმოუდგენელი რაოდენობის ლოცვა-კურთხევა მოდის. ბევრი ფიქრობს, რომ დღევანდელი სიტუაციის გამო, სამყარო გაბოროტდა და ადამიანებიც შეიცვალნენ, მაგრამ გაუგონარი, სასწაული სითბო და სიყვარული მოდის მათგან.

 

თქვენი ოჯახი…

 

ჩემი მეუღლე მანუჩარ თოხაძე, ჯანდაცვის წარმომადგენელი გახლავთ. ნიკოლოზს ორი ძმა ჰყავს – 13 წლის საბა და 9 წლის ალექსანდრე.

 

Нет описания.

 

ვცდილობთ, მაქსიმალურად სწორად ვიცხოვროთ, არასდროს ცუდი არ გაგვიკეთებია არავისთვის. თუ რამდენად გამოგვდის, უფალმა უწყის. ძალიან მიხარია, თუ ნიკოლოზმა სიამოვნება მოგანიჭათ და პოზიტიური განწყობა შეგიქმნათ.

 

დიდი ხანი ვნერვიულობდით ნიკოლოზის ჯანმრთელობაზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მივხვდით, რომ, ასე უნდა მომხდარიყო – მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა? იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე შეგვიძლია. ღმერთმა, უკეთ იცის, რა არის საჭირო!

 

Posted by Eka Udesiani on ორშაბათი, 31 აგვისტო, 2020

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები