fbpx
13:37 | 2020-09-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“მჯეროდა დედის და ბებიის ლოცვა გადაარჩენდა…” – ჯაბა ბოჯგუას კოლეგები იხსენებენ

“მჯეროდა დედის და ბებიის ლოცვა გადაარჩენდა…” – ჯაბა ბოჯგუას კოლეგები იხსენებენ

ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას მომღერლის დედამ თავად ამცნო. დედა, რომელიც 12 წლის მანძილზე უგონო მდგომარეობაში მყოფ შვილს სასთუმალთან არ მოშორებია და მისი სუნთქვისა და გულის ფეთქვის მოდარაჯე იყო, სოციალურ ქსელში წერდა:

 

“ამ დღის სულ მეშინოდა, ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი, დედი, სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა, ჩემო ერთადერთო“, – “ფეისბუქზე” წერდა მანანა გვასალია.

 

შარშან ზაფხულში გარდაიცვალა ჯაბას ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ის ქუჩაში იდგა და მოწყალებას ითხოვდა. 2019 წლის 19 ივლისს 83 წლის მოხუცს გზაზე გადასვლის დროს მანქანა დაეჯახა…

 

მხიარული და ხუმარა ჯაბა – აი, ასეთად დარჩა ის მეგობარი კოლეგების მეხსიერებაში.

 

სოფო ბედია: – ჯაბას ახლო მეგობარი არ ვყოფილვარ, თუმცა ძალიან დამწყდა გული. ყოველთვის თბილად მხვდებოდა და მისგან კეთილგანწყობას სულ ვგრძნობდი. მეგრელები განსაკუთრებით უყვარდა.

 

მხიარული ბიჭი იყო, სულ გვაცინებდა და კარგ ხასიათზე გვაყენებდა.

 

მძიმე ავადმყოფი საკნიდან მხოლოდ კომატოზურ მდგომარეობაში გამოუშვეს - 2008 წლიდან კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუა დღეს გარდაიცვალა
2020-09-17მძიმე ავადმყოფი საკნიდან მხოლოდ კომატოზურ მდგომარეობაში გამოუშვეს - 2008 წლიდან კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუა დღეს გარდაიცვალა

 

ნინი შერმადინი: – წელს ბევრმა ადამიანმა მატკინა გული. ჯერ მამიკო წავიდა… მერე, ერთმანეთის მიყოლებით, ბევრი ახლობლის გარდაცვალება გავიგე და შოკიდან ვერ გამოვდივარ. გაანალიზებას ვერ ვასწრებ, რომ ახალ საშინელ ამბავს ვიგებ.

 

სულ მჯეროდა, რომ ჯაბა ამ მდგომარეობიდან გამოძვრებოდა. უგონოდ იყო, მაგრამ სუნთქავდა… მჯეროდა, ბებიის და დედის ლოცვა გადაარჩენდა. მტერს არ ვუსურვებ შვილის სიკვდილი ნახოს. დედა ამ დღეს არ უნდა მოესწროს.

 

სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე, ხალისიანი მახსოვს. სულ კარგ ხასიათზე იყო, სულ ხუმრობდა… ჩვენ დუეტი რომ ჩავწერეთ, მალევე მოხვდა ციხეში… მერე უკვე ყველამ იცის, რაც მოუვიდა.

 

რამდენჯერმე მივედი სანახავად და ვერ ვუძლებდი მის საცოდაობას, მალევე უკან მოვდიოდი.

 

მიჭირს ჯაბაზე წარსულში საუბარი. ღმერთმა გამძლეობა მისცემს ყველა შვილმკვდარ მშობელს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

 

2020-09-17"ღმერთის შექმნილი ვარ. მისი ნებაა ვირუსი შემეყრება, თუ კიბეზე დავგორდები" - ხატია სიჭინავა

 

ნოდიკო ტატიშვილი: – დაისვენა მაგ უბედურმა. არ ვიცი, დედამისმა რას გაუძლო. ამდენი წელი უყურო შვილს ასეთ მდგომარეობაში…

 

მოკლედ

 

ჯაბა ბოჯგუა 2008 წლის ოქტომბერში დააკავეს და ბრალი თაღლითობაში წაუყენეს. შსს-ს ინფორმაციით, ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ-ერთი პატიმრის მეუღლისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 17 700 ლარისა და 5 500 აშშ დოლარი თაღლითური გზით მიითვისა.

 

მომღერალს ბავშვობიდან მოციმციმე არითმია ჰქონდა და ციხეში მოხვედრამდე რამდენჯერმე გაუჩერდა გული.

 

„ოპერაცია უნდა გაეკეთებინა თურქეთში, მაგრამ წასვლა ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ერთი კვირით ადრე ჯაბა დაიჭირეს. ციხეში, ნერვიულობის ფონზე, მდგომარეობა გაურთულდა. ოთხი თვე იჯდა ციხეში და ამ პერიოდში სულ ცუდად იყო. ხშირად გადაჰყავდათ საავადმყოფოში. ჯაბა არ იყო კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეული და ძალიან განიცდიდა. ყველაფერი გავყიდეთ და ამანაც მძიმედ იმოქმედა. ცუდად რომ გახდა, გვერდით არ ვყავდით და არც საჭირო წამალი ჰქონდათ ციხეში. შაბათი დღე იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად ვერ მოხერხდა, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა”, – ამბობდა ინტერვიუებში ჯაბას დედა, მანანა გვასალია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X