fbpx
18:05 | 2020-10-31 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მჯერა, იქნება ნამდვილი რეფორმატორი, რომელიც შესაძლოა არც ჩამოუვარდეს სააკაშვილს” – ვის მისცა ხმა ია ფარულავამ

“მჯერა, იქნება ნამდვილი რეფორმატორი, რომელიც შესაძლოა არც ჩამოუვარდეს სააკაშვილს” – ვის მისცა ხმა ია ფარულავამ

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან მხარი გიორგი ვაშაძის პარტიას და ელენე ხოშტარიას დაუჭირა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ დეტალურად „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

 

– მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი. ჩემი ხმა რომ არ დაეკარგა ქვეყანას, ამიტომაც გავხდი შარშან ორმაგი მოქალაქე, ანუ ამერიკის და საქართველოს მოქალაქე ვარ. დღეს რა თქმა უნდა წავედი საარჩევნო უბანზე, რომელიც ახლოს იყო ჩემს სახლთან, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში.

 

რიგის მხრივ დისტანცია არ იყო, მაგრამ ეს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან. თუ ვინმე ახლოს დადგებოდა, მოვუწოდებდი დისტანცია დაეცვა. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ ამ ყველაფერს.

 

– რატომ მიეცით ხმა „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ელენე ხოშტარიას?

 

– მე შემოვხაზე პარტია „27“ და ელენე ხოშტარია ვაკის დეპუტატად. სხვათაშორის გიორგი  ვაშაძე ჩემთან იყო გადაცემაში სტუმრად, გავეცანი მის ცხოვრებას და მისი გონების შესაძლებლობებით აღვფრთოვანდი. ის არის მომავლის კაცი. მომწონს როგორც აწარმოა კამპანია. მჯერა იქნება ნამდვილი რეფორმატორი, რომელიც შესაძლოა არც ჩამოუვარდეს სააკაშვილს.

 

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მე მას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მომწონს მისი პიროვნება. არავის მინდა ეგონოს ჩემი ახლობელია და ამიტომ ვაძლევ ხმას, ვიცი გვერდით დაუდგება ამომრჩეველს.

 

– მიხეილ სააკაშვილს არ ეწყინება ხმა მას რომ არ მიეცით?

 

– ვინ არის ჩემთვის მიშა სააკაშვილი?

 

– ის იყო თქვენი კლასელი, ასევე მეგობარი…

 

– მიშას ბოლო ათი წელია ჩემთვის არც დაურეკია და რატომ უნდა განაწყენდეს? დააკვირდით, მე ორ სხვადასხვა პარტიას მივეცი ხმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ აღარ მსურს ერთი გუნდის ყურება. მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობა მინდა, დავიღალეთ ერთის ლიდერობით.

 

– რა პროგნოზი გაქვთ, როგორ დასრულდება არჩევნები?

 

– არავითარი პროგნოზი არა მაქვს. დღეს ეს რთულია. იმედი მაქვს კორონავირუსი არ გავრცელდება არჩევნების შემდეგ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X