fbpx
13:39 | 2020-10-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“მივხვდით, რომ ყველანი დავიხოცებოდით… ამიტომ უნდა გაგვერისკა” – ბანკის სახურავიდან ჩამოსული გოგონას პირველი ინტერვიუ

“მივხვდით, რომ ყველანი დავიხოცებოდით… ამიტომ უნდა გაგვერისკა” – ბანკის სახურავიდან ჩამოსული გოგონას პირველი ინტერვიუ

გოგონა გუშინ გავრცელებული ცნობილი კადრიდან – დაყაჩაღებული ბანკის სახურავიდან რომ ჩამოდის, ნანო დარასელიაა. ნანო მსახიობ მარინა დარასელიას (ჩცდ-ს ლამარა) ძმისშვილია.

 

საქართველოს ბანკში ფულის ასაღებად იყო მისული. ნანო მეგობრის სანახავად მეორე სართულზე ავიდა. სწორედ ამ დროს ბანკში კბილებამდე შეიარაღებული თავდამსხმელი შევარდა, გაისროლა, იყვირა – დაწექითო და ატყდა კივილი.

 

“პრაიმტაიმს” ინცინდენტთან დაკავშირებით ნანო დარასელია უყვება.

 

No description available.

 

ნანო დარასელია: – ბანკში ფულის ასაღებად მივედი. ჩემი მეგობარი მეორე სართულზე მუშაობს და კიდევ კარგი, მის სანახავად, ზემოთ ავედი. პირველზე რომ დავრჩენილიყავი, ბანკომატთან, მეც მძევლებს შორის აღმოვჩნდებოდი.

 

მეორეზე გაშლილი დერეფანია და უცებ, გასროლის ხმა გავიგონეთ. ატყდა კივილი და ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ გვაყაჩაღებდნენ. გაისმა ბრძანებაც, ყველამ ჩაიმუხლეთო!

 

შუშიან ოთახს შევაფარეთ თავი, ათნი ვიყავით. მაგრამ მივხვდით, რომ იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. რომ აეფეთქებინა, აუცილებლად დავზიანდებოდით. ქვემოდან პოლიციელებმაც დაგვირეკეს, ქუჩიდან ჩანხართ, სხვაგან შეაფარეთ თავიო.

 

ავედით მესამე სართულზე. იქ იყო რკინის ჩიპიანი კარი. ბანკის თანამშრომელს ამ კარის გასაღები ჰქონდა და კარი გააღო. კარის მიღმა თანამშრომლები დაგვხვდნენ. ჩავიკეტეთ კარი. თავდამსხმელმა ერთი მძევალი, ზემოთ, მენეჯერის საძებნელად გამოუშვა და ისიც ჩვენთან დარჩა, აღარ ჩავიდა ქვევით.

 

No description available.

 

მივხვდით, რომ ყუმბარა რომ აეფეთქებინა, ყველანი დავიხოცებოდით, ამიტომ უნდა გაგვერისკა და სახანძრო კიბით ავსულიყავით სახურავზე. იყო პრობლემა – არ ვიცოდით, კიბე მყარი იყო თუ არა.

 

პირველად ბანკის თანამშრომელმა გოგონამ გარისკა. მე დაახლოებით მესამე ვიყავი. სიმაღლის ფობია მაქვს, მაგრამ იქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა. ეს შიში როგორღაც დავძლიე და ჩამოვედი. კიბეც არ იყო მყარი, ყანყალებდა.

 

ქვემოთ პოლიციელი დაგვხვდნენ და გადაგვიყვანეს იქვე მედებარე საშაურმეში. ცოტა ხანში კი პოლიციამ იქაურობა ათივეს დაგვატოვებინა. და აი, მაშინ იმოქმედა ამ სტრესულმა გარემომ და იქვე ჩავიკეცე. ახლაც რომ გესაუბრებით, ვღელავ…

 

საშინლად ემოციური გარემო იყო ბანკში, დიდ სტრესში იყვნენ მძევლები, განსაკუთრებით – ქალბატონები. 

 

სახლებში წაგვიყვანეს და უკვე სახლიდან ვიგებდი ინფორმაციებს.

 

ეს კადრები, კიბით რომ ჩამოვდივარ, დათა აქუბარდიას გადაღებულია. ის იქვე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, მან გადაიღო და მერე ვიდეო მომაწოდა.

 

მთელი 25 წლის მანძილზე ეს იყო ყველაზე სტრესული დღე!

 

 

ნანოს მამიდამ, მსახიობმა მარინა დარასელიამ სულ სამიოდე დღეა, რაც კორონავირუსი დაამარცხა. სანამ ნანო სახლში მშვიდობით არ დაბრუნა, მანამ ემოციურ მამიდას არაფერი უთხრეს.

 

მარინა დარასელია: – რას გადავურჩით… ნანომ მითხრა, სანამ სახლში არ მოვედი, მანამ არ გაგაგებინე, რომ არ გენერვიულაო. ძმისშვილის გარდა მე ყველა იმ მძევალზე ვნერვიულობდი, ვინც დატყვევებული ჰყავდათ. მადლობა უფალს, ყველაფერი ასე მშვიდობიანად რომ დასრულდა…

 

No description available.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკში შეიარაღებულმა თავმდამსხმელმა, 500 ათასი დოლარის მოთხოვნით მძევლად აიყვანა 19 ადამიანი. რამდენიმე საათის შემდეგ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, ბოლო სამი მძევალი კირცხის ტყის ტერიტორიაზე დატოვა. თავად თავდამსხმელის დევნის ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X