fbpx
12:43 | 2020-10-11 ავტორი: Prime Time

„მისი შეშინება და დასახიჩრება მინდოდა“ – მკვლელობაში ბრალდებული 38 წლის ქალი, ამბობს, რომ მასზე სექსუალურად ქმრის ნათესავი ძალადობდა

„მისი შეშინება და დასახიჩრება მინდოდა“ – მკვლელობაში ბრალდებული 38 წლის ქალი, ამბობს, რომ მასზე სექსუალურად ქმრის ნათესავი ძალადობდა

ქალი რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის გახმოვანებისთვის მაქვს მისი თანხმობა -ამბობს იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი.

 

სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებულ ქალს იცავს.

 

მისი მტკიცებით, 38 წლის ქალი, გარდაცვლილის მხრიდან, რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და მისი ქმედება მკვლელობის განზრახვას არ მოიცავდა.

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ძალადობა, გარდაცვლილმა მაისის თვეში დაიწყო. ისინი ნათესავები არიან და ოჯახებს, ერთად, გარკვეული ტერიტორია იჯარით ჰქონდათ აღებული ყაზბეგში. ის ქალს აშინებდა, ემუქრებოდა შვილების დახოცვით, სოფელში შერცხვენით და ძალადობდა. ის სამწუხარო შედეგი, რაც დადგა, მის მიზნებში არ შედიოდა. ქალს მისი შეშინება და დასახიჩრება უნდოდა, რადგან კარგა ხნის განმავლობაში, მისგან თავს ვერ იცავდა – ამბობს ადვოკატი.

 

ლალი ჩაველაშვილისვე ინფორმაციით, ბრალდებულმა მომხდარის შესახებ, გარდაცვლილის ოჯახის წევრ ქალებსაც უამბო და მათგან დახმარება ითხოვა.

 

„მან ძალადობის ფაქტების შესახებ, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უამბო და დახმარება სთხოვა. თუმცა, გასაკვირია, რომ ქალებმა, ქალს, მხარი არ დაუჭირეს. უფრო მეტიც, მომხდარს თვითონ მასვე აბრალებდნენ, დასცინოდნენ, ამცირებდნენ და მის დისკრედიტაციას ეწეოდნენ”- ყვება ლალი ჩაველაშვილი.

 

სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, ბრალდებულს, პოლიციისათვის არ მიუმართავს. ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, სამართალდამცავებს, მავნე „ტრადიციის“ გამო ვერ მიმართა.

 

„ამ თემში, ქალები ძალიან მორიდებულად ცხოვრობენ, ამიტომ მან ვერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. რაკი ვერავისი მხარდაჭერა მოიპოვა, ის ფიქრობდა, რომ სიმართლეს ვერ იპოვიდა. ამავე მორიდებულობის გამო, ვერ უთხრა სიმართლე მეუღლეს. მას რცხვენოდა ოჯახის, თანასოფლელების და ფაქტიურად, სრულიად უიმედო მდგომარეობაში ჩავარდა”.

 

მკვლელობა 7 ოქტომბერს, ფერმაში მოხდა.ადვოკატის განმარტებით, მიზეზი გარდაცვლილის მხრიდან კიდევ ერთი ძალადობის მცდელობა გახდა.

 

„მკვლელობის დღეს, გარდაცვლილმა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ძალადობა, კიდევ ერთხელ სცადა. ქალი გაიქცა და გაქცეულმა, გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, კიდევ გაისროლა. პირველი გასროლის მიუხედავად, გარდაცვლილი მის დევნას მაინც აგრძელებდა. შემდეგი ტყვია, საბედისწერო აღმოჩნდა, თუმცა ქალს მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მისი დასახიჩრება და დაინვალიდება უნდოდა”- თქვა ადვოკატმა.

 

ბრალდებული ქალის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში, რამდენიმე ადვოკატი იცავს.

 

გელა ტყეშელაშვილი, „პრაიმტაიმთნ” ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნამდვილად იყო და მისი ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული.

 

ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებაზე. ასევე ვთვლით, რომ ჩადენილი ქმედება, არ არის განზრახ მკვლელობა და ვიბრძოლებთ ამის შესაცვლელად- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

 

ძალადობის მსხვერპლი ქალის უფლებების დასაცავად, საქმეში ჩართვა, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა და ორგანიზაცია „საფარმა” სცადა.

 

ბრალდებულმა ქალმა, ორივე ორგანიზაციის მომსახურების მიღებაზე უარი განცხადა.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, ლია ხუროშვილი ეჭვობს, რომ უარის თქმა, კერძო ადვოკატების, ან პოლიციის გავლენით მოხდა.

 

ჩვენ გვაქვს გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის და კარგი შედეგის დიდი გამოცდილება. ეთნიკური უმცირესობების საკითხი, განსაკუთრებით გვაინტერესებს, რადგან იქ ბევრი საყურადღებო დეტალია. მე ვფიქრობ, ბრალდებულმა უარი გვითხრა, კერძო ადვოკატების, ან პოლიციის გავლენით- განაცხადა ხუროშვილმა.

 

გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობს. ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, საგამოძიებო უწყებაშიც.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.

 

9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

 

ბრალდებული ქალი, ერთ- ერთ საპატიმრო დაწესებულებაში უკვე შეასახლეს.

 

წინასასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმეზე, 1 დეკემბერს ჩატარდება.

 

ბრალდებულის ადვოკატები ბრალის ფორმულირების შესაცვლელად იბრძოლებენ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მათ უკვე გაასაჩივრეს..

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X