16:13 | 2020-05-21 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ

ქალთა ისტორიები

 

ანი გიორგობიანი წლებია, ზეწოლას განიცდის ოჯახის წევრების მხრიდან და ამას სხვადასხვა მიზეზთა გამო ითმენდა, თუმცა, ახლა მიაჩნია, რომ ის საფრთხის წინაშეა და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.

 

 

„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

 

ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველმა მეუღლემ მომიტაცა. ვცხოვრობდით კახეთში, შემდეგ მოვახერხეთ და გერმანიაში წავედით, სადაც უფროსი შვილი შემეძინა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ ქოლგა მოიპარა მაღაზიაში, დაიჭირეს და 48 საათში დაგვარეპორტეს.

 

დავბრუნდით კახეთში. მიუხედევად იმისა, რომ ის მოძალადე არ იყო, ვერ შევძელი მასთან ცხოვრება, რადგან იყო უსაქმური, უყვარდა სასმელი და ამის გაძლება რთული იყო. წამოსვლა გადავწყვიტე.

 

 

ლეგენდარული თაღლითი ქალი, რომელიც სიყვარულმა დაღუპა
2020-05-14ლეგენდარული თაღლითი ქალი, რომელიც სიყვარულმა დაღუპა

 

ბავშვი წამოვიყვანე და 38 კილომეტრი ვიარე ფეხით, პიჟამათი და ოთახის ჩუსტებით, რომ მას გამოვქცეოდი…

 

ასე იყო თუ ისე, თავი დავაღწიე. ცოტა ხანში გავიცანი ჩემი მეორე მეუღლე. მაშინ 19 წლისა ვიყავი, ჩემი შვილი – 9 თვის. დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ცოლ-ქმრობის მერვე წელს შეგვეძინა ელენე, რომელიც ახლა 14 წლისაა.

 

ჩემი უფროსი შვილი ჩემს მეორე ქმარს მამას ეძახდა, ფაქტობრივად, ჩვილი გაზარდა. მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ნუგზარს ჩემი ბიჭი ძალიან უყვარდა, მერე რა მოხდა, რატომ შეიძულა, არ ვიცი.

 

სკოლაში რომ შევიყვანე ბავშვი, მაშინ მკითხა, – სხვა გვარი რატომ მაქვსო? და მოვუყევი მამობილის შესახებ სიმართლე. ბავშვმა ეს ჩვეულებრივად მიიღო და მათ ურთიერთობას არაფერი დასტყობია.

 

ჩვენ ვცხოვრობდით ბესიკის ქუჩაზე. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, სახლი გაერემონტებინა. ბანკიდან აიღო სესხი, იქვე იყიდა სხვენიც, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაყარა და დავრჩით უბინაოდ.

 

კოტე მარჯანიშვილის დის - დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“
2020-05-18კოტე მარჯანიშვილის დის - დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“

 

ცოტა ხანს ქირით ვიცხოვრეთ, მაგრამ ეგეც შეუძლებელი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად ქმრის ნათესავები მაფრთხილებდნენ, არ გადავსულიყავი დედამთილთან საცხოვრებლად, მაინც მოგვიწია ამ ნაბიჯის გადადგმა და დედამთილსა და გაუთხოვარ მულს შევეკედლეთ.

 

მათთან გადასვლისთანავე დაგვეწყო პრობლემები მე და ჩემს მეუღლეს, რადგან პირველი, რაც დედამთილმა გამოგვიცხადა, ის იყო, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა დავწოლილიყავით, რადგან სახლში გასათხოვარი გოგო ჰყავდა და თავი უნდა შეგვეკავებინა ურთიერთობისგან.

 

ოთახის ერთ კუთხეში მე მეძინა, მეორეში – მეუღლეს და ოთახის კარის გამოკეტვის უფლებაც არ გვქონდა, რადგან როგორც ჩემი დედამთილი ამბობდა, – თავისი შვილის სუნთქვისთვის ყური უნდა დაეგდო.

 

აქედან დაიწყო პრობლემები. შემდეგ, სხვა პრობლემები გაჩნდა. ჩემი მული გახლავთ გაუთხოვარი და ჩემი უმცროსი შვილის მიმართ გაუჩნდა დედობრვი გრძნობები. როცა მამიდას ძმის შვილი უყვარს, მაგას რა ჯობია, მაგრამ როცა დედისთვის შვილის წართმევა უნდა, ეგ უკვე სხვა საქმეა.

 

ცდილობდნენ, შვილის ცხოვრებაში აქტიურად არ ვყოფილიყავი ჩართული. მიკრძალავდნენ სკოლაში, მშობელთა კრებაზე წასვლას. სამაგიეროდ, მიდიოდა მამიდა. ისიც კი შემომთავაზეს, რომ მინდობილობა გამეკეთებინა მულისთვის, ბავშვის აღზრდაზე.

 

ამაზე რაღა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. სწორედ ამის გამოა პრობლემები. უნდათ, რომ შვილი დავუტოვო და მე გადავიკარგო მათი ცხოვრებიდან, რადგან ზედმეტი ვარ.

 

19 დღე ონკოლოგიურში ვიწექი, კუჭის კიბოს ვებრძოდი და თავი გადავირჩინე. ჩემი დედამთილი კი თურმე სახლში „ზალას“ ამზადებდა, „მასტიკას“ უსვამდა, რომ მოვკვდებოდი, ყველაფრი წესრიგში ჰქონოდა. ეს ამბავი მისმა შინაურებმა მითხრეს. თურმე ამბობდა, – როდის მოასვენებენ მკვდარს, არ ვიციო.

წლებია ვიტან შეურაცხყოფას – ათასგვარი უშვერი სიტყვებით მომმართავენ, მაგრამ ვითმენ. ჩემი ქმარი ფიზიკურად რომ გამისწორდება, მული დამცინავად მეკითხება – „ჩაგ@იზდესო“? ვარ „ვედმა“, სოფლელი, უპატრონო, დეგენერატი და კიდევ უამრავ საშინელ ეპითეტს იგონებენ.

 

თუ ვიკითხავდი, რის გამო ვილანძღებოდი, უარესი იწყებოდა, გადმოდიოდნენ მუშტიკრივზე და თმით მათრევდნენ. სანამ ჩემი უფროსი ვაჟი ჩვენთან ცხოვრობდა, ის მიცავდა და გადამეფარებოდა ხოლმე, მაგრამ ჩემი ქმარი იმასაც სცემდა.

 

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემს უფროს შვილს ბინა ვუქირავე და იქ გადავიყვანე, ამათი აგრესიისგან შორის რომ ყოფილიყო. სხვა გზა არ მქონდა. ვგრძნობ, როგორ სძულთ.

 

გამუდმებით მემუქრებოდნენ, რომ ნარკოტიკს ჩაუდებდნენ და დააჭერინებდნენ დიმიტრის, თუ მე ისე არ მოვიქცეოდი, როგორც მათ სურდათ. მოგიკლავთ შვილსო, მაგითაც მემუქრებოდნენ.

 

დიმიტრის ქირით გადასვლის დღიდან ესენი მოითხოვენ, რომ მეც მასთან გადავიდე. ამის გამო სულ უკმაყოფილება გვაქვს, – გადაეთრიე და შენს შვილთან იცხოვრეო, მეუბნებიან.

 

სიამოვნებით წავიდოდი და ამათ გავეცლებოდი, მაგრამ უმცროს შვილს არ გამატანენ და ისე ვერსად წავალ. შვილს ამათთან ვერ დავტოვებ. შეუძლებელია, ასეთ გარემოში მისი დატოვება. დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალურ ადამიანად არ აღზრდიან.

 

თანაც, ბავშვი ჰყავთ გადაბირებული. სულ იმას ჩასჩიჩინებენ, რომ ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელიც მალე მოკვდება და არაფერში სჭირდება.

 

გაიცანით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 6 წლის დედა
2020-05-07გაიცანით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 6 წლის დედა

 

ამდენი ნერვიულობითა და ავადმყოფობით 33 კილო ვარ დარჩენილი და ეტყვიან ხოლმე – აბა შეხედე, რას ჰგავს დედაშენი, სირცხვილიცაა მისი შვილობაო.

 

ესეც ბავშვია, რასაც ჩასჩიჩინებენ, სჯერა. შარშან გაზაფხულზე, ღამის 11 საათზე მთხოვა, კარფურში მარტო ჩავალო და რომ არ გავუშვი, პატრული გამოიძახა, – ჩემს უფლებებს არღვევს დედაჩემიო.

 

პატრული მოვიდა, შეატყობინა სკოლის დირექტორს, სასწავლო ნაწილის გამგეს და ისინი გულგახეთქილები მოცვივდნენ და გადაირივნენ.

 

ელენეს ეუბნებოდნენ, – ვის გამოუძახე პატრული, დედას, რომელსაც შენთვის ხელი არ გაუშვია და თან გყვებაო?

 

იმის გამო, რომ უმცროს შვილს ვერ წავიყვან, ვერც მე მივდივარ და უფროსი ბიჭი ასე მარტო ცხოვრობს.

 

დიმიტრი მუსიკოსია, მუშაობდა და თავისთვის ცოტაოდენ ფულსაც შოულობდა, მაგრამ ახლა, ვირუსუს დროს უმუშევარია. ამას წინათ ვუთხარი, ჩვენთან გამოსულიყო საჭმელად, რომ მშიერი არ ყოფილიყო და ჩემმა დედამთილმა თეფში ცხვირწინ ააცალა, – სხვისი შვილებისთვის საჭმელი ამ ოჯახში არ გვაქვსო.

 

ელენეს მათემატიკის მასწავლებელს ვთხოვე, ბავშვი ცოტა ჩამორჩენილია და იქნებ წინა მასალებიც გაატაროთ-მეთქი და სახლში ამის გამო ამიბუნტდნენ, – როგორ თუ ელენეს თავი მოსჭერი მასწავლებელთანო და კამათი მოგვივიდა.

 

ხელში ყავის ჭიქა მეჭირა, დედამთილმა ეს ჭიქა გამომტაცა, გადაამტვრია და ნამტვრევი ხელში გამიყარა. სისხლი რომ წამომივიდა, სასწრაფო გამოვიძახე და იმათ მოვატყუე, რომ მე თვითონ წავიქეცი და დავიზიანე ხელი. ჩემი მეუღლე სათევზაოდ იყო ამ დროს რამდენიმე დღით და რომ დაბრუნდა, მოუყვნენ ამბავს და თანაც ისე, რომ თითქოს მე ვაიძულე დედამთილი, რომ ხელი დამიზიანა.

 

ამას რომ მოუსმინა,კარი გაიხურა და გარეთ გავარდა – რაც გინდათ ის გიქნიათ, არ მაინტერსებს თქვენი ამბავიო.

 

10 ქალი, რომელიც წარმატების მისაღწევად საზოგადოებას მამაკაცად წარუდგა
2020-05-1210 ქალი, რომელიც წარმატების მისაღწევად საზოგადოებას მამაკაცად წარუდგა

 

გამწარებულმა ქალებმა, იმის გამო, რომ ქმარმა ხელი არ დამაკარა, არ მცემა და ისინი არ დაიცვა, ისევ ჩემზე გამოიწიეს და დედამთილმა და მულმა მცემეს. იძულებული გავხდი, პატრული გამომეძახა.

 

პოლიციელი მეუბნებოდა, აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე, ფაქტი სახეზეა, რომ დაჭრილი და ნაცემი ხართო, მაგრამ მაინც შემეცოდა, 75 წლის ქალი ციხისთვის როგორ გავიმეტო-მეთქი და დავინდე.

 

შემაკავებელი ორდერი გამოწერეს და აუკრძალეს მოახლოება, მაგრამ რა ორდერი შეაჩერებს მაგათ.

 

იმის მერეც ბევრჯერ მომიწია პატრულის გამოძახება და ამას იმით ამართლებენ, რომ თურმე ყურადღების ცენტრში მინდა ყოფნა და იმიტომ ვბობოქრობ და პატრულს ვიძახებ. მეძახიან გიჟს, არანორმალურს. არა და, მართლა საფრთხის წინაშე ვარ უკვე. თუ ახლა თავს ვერ დავიცავ, შესაძლოა, მერე გვიანი იყოს.

 

მიშველეთ, ვისაც შეგიძლიათ, მხარში ამოდგომა მჭირდება, რომ ამ მოძალადეებს დავეხსნა და შვილიც დავიხსნა, თორემ მერე, როგორც ხდება ხოლმე, იტყვიან, საზოგადოებას ხმა რომ ამოეღო, იქნებ არ მოეკლათო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X