20:33 | 2021-07-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მიშველეთ! მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა, ის შემთხვევის ადგილიდან 50 მეტრში იყო – ზურა ბაკურაძის გარდაცვალების მძიმე ისტორია

მიშველეთ! მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა, ის შემთხვევის ადგილიდან 50 მეტრში იყო – ზურა ბაკურაძის გარდაცვალების მძიმე ისტორია

რამდენიმე დღის წინ, საქართველო გაუგონარმა ტრაგედიამ მოიცვა – ქვეყანას ქართული ხმების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ხმა გამოაკლდა. ამბობენ, ზურა ბაკურაძეს ყველაფერზე მეტად რაჭა უყვარდაო, სიცოცხლის უკანასკნელი ღამეც რაჭაში გაათენა და მისი ხმაც უკანასკნელად რაჭის მთებში გაისმა, თუმცა უჩვეულოდ, ტრაგიკულად. ზურა ბაკურაძის გამორჩეული ხმა მაშინ, მელოდიას არ აყოლია, შველას ითხოვდა… რაჭის გაუვალ მთებში მიწამ უმტყუნა. ახლა, როგორც ამბობენ, ის ზეციურ ქართულ ხმებს შეუერთდა.

 

 

ამ ტრაგედიას მეტ ტრაგიზმს ერთი გარემოება მატებს – ადგილთან, სადაც ჩამოშლილმა მიწამ “ქართული ხმა” ჩაიყოლა, ძმა ახლოს იყო. სწორედ გივიკო ბაკურაძემ გაიგონა ზურას ძახილი, თუმცა არც იმდენად ახლოს იყო, რომ ეშველა, იმდენად შორს იყო, რომ გადარჩა და ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ, სწორედ გივიკო ბაკურაძე იქნება ის, ვინც ორი კაცის სიცოცხლით იცხოვრებს და ზურას ხმას არაერთხელ გააცოცხლებს. ძმები ზეციურ და მიწიერ ქართულ ხმებს ინაწილებენ…

 

“ფარულ კონვერტს” ძმები ბაკურაძეების მეგობარი, “ქართული ხმების” მომღერალი ზურა დათიკაშვილი ტრაგედიის დეტალებზე ესაუბრა. აქამდე, ბევრი რამ ითქვა, თუმცა სიმართლე ერთია და მას დაღუპულის მეგობარი საზოგადოებას უამბობს.

 

“გივი და ზურა რაჭაში ხშირად იყვნენ, დილას შეიძლება მონდომებოდათ და თბილისიდან ჩასულიყვნენ. პანდემიის პერიოდში მიწასაც ამუშავებდნენ.  ზურას ძმა, გივიკო დაახლოებით, 30-50 მეტრში იყო მაშინ, როცა ზურა გადავარდა. 10 წლის წინ, თავად გივი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ავტოკატასტროფაში მოყვა.

 

ახლა, ძმები რაჭის მაღალმთიან სოფელში, გაუკვალავ ადგილას იყვნენ, არც ცხენით ყოფილა და არც მანქანით. რაღაც ტერიტორიები უნდა ენახა, ფეხი ჩაუსრიალდა და ისეთ ადგილას ჩავარდა, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა, ვერც ზურა გადარჩა.

 

როგორც კი გაჟღერდა ეს ინფორმაცია, მეგონა, რომ ზურაც გადარჩებოდა, მაგრამ  ეს იყო მისი საბოლოო ნაბიჯი – იმ ადგილზე დააბიჯა, სადაც თავისივე ფეხით ავიდა.” – ამბობს მომღერლის მეგობარი.

 

“პრაიმტაიმი” დაღუპული მომღერლის კიდევ ერთ მეგობარს თეკლა თვალაბეიშვილს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, გივიკომ ძმის ხმა გაიგონა, შველას ითხოვდაო. მასაც ისევე უჭირს მეგობარზე წარსულში საუბარი, როგორც – დანარჩენებს. ახლა, გივიკოს იმედი აქვს – ის ორი კაცის ნაცვლად იცოცხლებს, ჩვენი ზურას ნაცვლად გაიღიმებს და თავის ნაცვლად გაწონასწორებულად იცხოვრებსო, ამბობს.

 

“ზურა როცა სიმაღლიდან ვარდებოდა, მიშველეთო, დაუძახია. დაახლოებით, 50 მეტრში მისი ძმა, გივიკო იყო. ხმა გაიგონა, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან შორს იყო, დახმარებას ცხადია, ვერ შეძლებდა. ზურა დავკარგეთ და ეს ყველაზე რთულად სასაუბროა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა, გივიკო ორი კაცის ნაცვლად იცხოვრებს, თავად ისევ მშვიდი იქნება და ზურას ნაცვლად ისევ თავად გაიღიმებს.” – ამბობს თეკლა თვალაბეიშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X