fbpx
11:07 | 2020-10-14 ავტორი: Prime Time

„მიშველეთ, ჩემს საძინებელში არიან ჩაკეტილები და არ მიშვებენ“ – ძალადობის მსხვერპლი ვიდეოს ავრცელებს

„მიშველეთ, ჩემს საძინებელში არიან ჩაკეტილები და არ მიშვებენ“ – ძალადობის მსხვერპლი ვიდეოს ავრცელებს

მოქალაქე ნინო კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ქალი ყვება, რომ მის კუთვნილ სახლში უცხო პირები უკანონოდ იმყოფებიან, გახსილი აქვთ შპს და საკუთრებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ.

 

„პრაიმტაიმი“ ვითარების გასარკვევად ნინო კვირიკაშვილს დაუკავშირდა. 44 წლის ქალი ყვება, რომ ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, დიღომში მდებარე კერძო სახლი კი, რომლის ვიდეოს სოცქსელში ავრცელებს, სამართლებრივი დავის საგანს წარმოადგენს.

 

„ჩემი ყოფილი მეუღლე მოძალადეა, მთელი ქონება გაყიდა მის ძმაზე და მე დამტოვა ქუჩაში. ვიბრძვი სასამართლოთი და მოვიგე კიდეც. ახლა სახლში შემოვედი და არ მიშვებენ, სახლიდან გამომაგდეს.

 

მოიყვანეს ვიღაც პირები და საბუთებსაც არ მაჩვენებენ. ჩემს კუთვნილ სახლში აურაცხელი საქონელია შემოტანილი და ამის საბუთებიც არ მაქვს.

 

ზოგადად ძალიან დიდი ხანია ძალადობის მსხვერპლი ვარ და ადრე პატრონი არ მყავდა და არაფერს ექცეოდა ყურადღება. ბავშვების თანდასწრებით მცემდა სიკვდილამდე.

 

ძალადობაზე ბევრი ორდერია მასზე გამოცემული. ბოლო ინციდენტი იყო, როდესაც შევვარდი პოლიციის ეზოში, შველა რომ მეთხოვა და უკნიდან დამაჯახა მანქანა.

 

დაშორების შემდეგ მთელი ქონება გაყიდა და 5 წელია ამისთვის ვიბრძვი. სასამართლო მოვიგე და ახლა შემოვედი ამ სახლში, მაგრამ არ მიშვებენ. ეზოში ვარ, ვიღაც პირები არიან. ეს ქონება მის ძმაზე გაყიდა და ახლა ნახევარი ჩემია და ნახევარი მაზლის სასამართლომ თანამესაკუთრედ მცნო.

 

დაშორების ინიციატორი მე ვიყავი. 22 წელი ვითმინე, ხო იცით როგორც ხდება ოჯახებში – ფულიანი ქმარი არ უნდა დაკარგო და ოჯახის, ყველას დაძალებით ამის მოთმენა მიწევდა… ბოლოს ვეღარ შევძელი. მაგის მერე იყო ეს კონფლიქტი პოლიციის ეზოში.

 

ჩემი მეუღლე ილია რუსიტაშვილია, ერთ-ერთი დირექტორი იყო ვაგზლის ბაზრობის.

 

მრცხვენია კიდეც ამის მოყოლა, მაგრამ ერთხელ ისეთი ნაცემი ვიყავი ბაკურიანში მჭირდებოდა ექიმი და საავადმყოფო, მაგრამ არ წამიყვანეს, მას მერე დამემართა სიმსივნე და სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი ტრავმა შეიძლება ყოფილიყო.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა ქონების თანამესაკუთრე მე გავხვდი. ამ ყველაფერს 5 წელი დასჭირდა, ახლა თავად ჩემი მეუღლე არ ეთანხმება და შეიძლება გამიჯვნას კიდევ 5 წელი დასჭირდეს. ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე მე შეიძლება ცოცხალი არ ვიყო და ჩემი შვილები დარჩნენ გარეთ. გამიჯვნის პროცესი გაიწელება და არ დაეთანხმება. მოკლედ ამ ქვეყენაში ყველაფერს 10 წელი სჭირდება და ან ვიქნები ცოცხალი და ან არა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნინო კვირიკაშვილი.

 

ნახეთ ვიდეო 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X