
ქობულეთში, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში, ვანდალური ქმედება განხორციელდა. კერძოდ, მშენებარე ტაძრის ღობეზე დაუდგენელმა პირებმა „მიშა“, „მიშა ჩამოდი“ და სხვა უცენზურო შინაარსის შემცველი წარწერები დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ტაძრის მოძღვარმა მამა მათე რატიანმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. თუმცა, ბუნებრივია, ფაქტს უარყოფითად აფასებს.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, არ მიესალმებიან და გმობენ მსგავსს ქმედებას. ნებისმიერი წარწერა მიუღებელია, როცა ის უცენზურო ეპითეტების შემცველია. ეს არის უკულტურობის გამოვლინება. ეს არის შეურაცხმყოფელი, მით უფრო, როდესაც საკულტო ნაგებობის განკუთვნილ ტერიტორიაზე არის განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.