20:13 | 2020-10-17 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მინიმალურ რეგულაციებზე უარის თქმა სახელმწიფოს იძულებულს გახდის დააწესოს „ლოქდაუნი“ – თენგიზ ცერცვაძე

მინიმალურ რეგულაციებზე უარის თქმა სახელმწიფოს იძულებულს გახდის დააწესოს „ლოქდაუნი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებობს ორი გზა მომავლისთვის:

 

ერთი – ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მკაცრ ზომებს, „ლოქდაუნს“, მთლიანს ან ნაწილობრივს, და ასეთ შემთხვევაში შედარებით სწრაფად მოხერხდება მდგომარეობის სტაბილიზება და შემთხვევების შემცირება ან მეორე – უნდა გავაგრძელოთ ასე, ანუ მინიმალური რეგულაციები.

 

მისი თქმით, საქართველო ამ ეტაპზე დაახლოებით შვედურ მოდელს იყენებს, რომელიც მინიმალური რეგულაციებით ცხოვრებას გულისხმობს.

 

„ფაქტობრივად, ახლა ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან. ახლა მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია. ფაქტობრივად, ამ მინიმალური რეგულაციების შესრულებას არაფერი უნდა. ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხს სერიოზულად არ ცვლის.

 

საზოგადოებას აქვს ასევე, მეორე არჩევანი, რომ უარი თქვას ამ მინიმალურ რეგულაციებზე, რაც არ იქნება გონივრული და ამით მოახდინოს პროვოცირება, რომ სახელმწიფო იძულებული გახდეს, წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე.

 

აი, ამ გზაჯვარედინზე ვდგავართ ახლა. ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ აირჩიოს პირველი გზა, მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები.“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +