16:36 | 2020-04-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მინდა ვაპატიო, მაგრამ თვითონ რა მაპატია კარგად ვერ გავიგე – ბერძენიშვილი ვანო მერაბიშვილს პასუხობს

მინდა ვაპატიო, მაგრამ თვითონ რა მაპატია კარგად ვერ გავიგე – ბერძენიშვილი ვანო მერაბიშვილს პასუხობს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლევან ბერძენიშვილს დაურეკა და მათ ერთმანეთს აპატიეს.

 

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი პრივატული იყო და არ ეგონა თუ გასაჯაროვდებოდა. ამის შესახებ ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„დარეკვა იყო „პრივატული“. არ მეგონა, რომ ეს გასასაჯაროებელი იქნებოდა და სასაუბრო, მაგრამ ეს მისი ნებაა. მე ვანო მერაბიშვილთან პრობლემა არ მაქვს. მე მას ვიცნობდი იქამდე, სანამ ის გახდებოდა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს. ერთი სიტყვით ეს იყო ადამიანური საუბრები ყოფილ პატიმრებს შორის. ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ ყოველთვის.

 

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ მე მან მაპატია, მეგონა რომ მაპატია ის რომ თავის დროზე როდესაც მოჭიდავეების საკითხი იყო, მაშინ მე ის ცუდად მოვიხსენიე. შემდეგ ამას მოჰყვა ჩემი და გიგა ბოკერიას კონფლიქტი. მე თავს ვანოს დამპატიმრებლად არ ვთვლი.

 

კოალიციაში როდესაც ხარ და ბიძინა ვიღაცას აპატიმრებს, ასეთ რამეზე ჩემს თავზე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას ვანო მერაბისვილის მიმართ პოზიცია არ შეუცვლია.

 

„მე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. უბრალოდ, ვანო მერაბიშვილმა თავისი სასჯელი მოიხადა და სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის მისი უფლება.

 

რაც შეეხება იმას, რომ ერთმანეთს ვაპატიეთ, მე ვანო მერაბიშვილს მინდა ვაპატიო, მაგრამ თვითონ რა მაპატია, კარგად ვერ გავიგე. გუშინდელ გადაცემაში უთქვამს, რომ თურმე მე დამიპატიმრებია“, – ამბობს ბერძენიშვილი.

 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ლევან ბერძენიშვილს დაურეკა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +