19:02 | 2020-07-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“მინდა მომღერლებს გვერდით დავუდგე” – რა ექსკლუზივს გვიმხელს სოფო ხალვაში

“მინდა მომღერლებს გვერდით დავუდგე” – რა ექსკლუზივს გვიმხელს სოფო ხალვაში

წელს ბათუმი, პოსტპანდემიურ ვითარებაში, საერთაშორისო ღონისძიებებს ვერ მასპინძლობს. მერიამ და კულტურის სამინისტრომ კულტურული ღონისძიებების მასშტაბები შეამცირეს და ფორმა შეუცვალეს, რათა ამ ვითარებაში საფესტივალო ცხოვრება სრულად არ ჩავარდნილიყო.

 

ფესტივალების ავტორები განაცხადებს პროექტების სახით შეიტანენ. შემცირდება და გადაიხედება ტრანსფორმირებული ღონისძიებების ბიუჯეტი. ეს არ ეხება საერთაშორისო კინოფესტივალ Biaf-ს, რომელიც წელს ჩვეული სახით ჩატარდება (თუმცა დაკორექტირებული ხარჯებით).

 

ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში “პრაიმტაიმთან” საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ პროექტებად შესული ფესტივალების ბიუჯეტი კომისიის მიერ იმის მიხედვით გაკორექტირდება, თუ რა მასშტაბის პროექტი და ღონისძიება იქნება.

 

სოფო ხალვაში: – პროექტის სახით განაცხადს ველოდებით ელისო ბოლქვაძის ფესტივალისგან, ლიანა ისაკაძის “ღამის სერენადებისგან”, გიორგი გარაყანიძის ფოლკლორული ფესტივალისგან. სავარაუდოდ, განაცხადი შემოვა ანიმაციური ფესტივალისგანაც. ბევრმა თვითონ თქვა უარი “გადაკეთებულ” ფესტივალზე, ვინაიდან უცხოელ სტუმრებზე ჰქონდათ გათვლილი.

 

სოფომ “პრაიმტაიმს” ექსკლუზიურად გაანდო ინფორმაცია ბათუმის მერიისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივის შესახებ. ანბანის კოშკის მიმდებარე მოედანზე აიგება სცენა და ნებისმიერ მსურველ მომღერალსა თუ მუსიკოსს კონცერტის ჩატარების საშუალება ექნება. რაც მთავარია უსასყიდლოდ, საჩუქრად.

 

ანბანის კოშკი

 

“თუ როდიდან იქნება ამ კონცერტების ჩატარება შესაძლებელი, მალე მეცოდინება. ამ ვითარებაში მართლა ძალიან გაუჭირდათ მომღერლებს. ამიტომ გვსურს, მათ გვერდით დავუდგეთ. კონცერტი ფასიანი იქნება თუ უფასო, ეს მომღერლების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ სცენას, განათებასა და აპარატურას უსასყიდლოდ ვთავაზობთ და ხელს ვუწყობთ შექმნილ რთულ სიტუაციაში. მსურველი ბევრია, მათ შორისაა “თეატრალური კვარტეტი”, ბათუმელი შემსრულებლები და სხვა…” – აცხადებს სოფო.

 

სცენას მონატრებულია თავად ხალვაშიც და არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთ საღამოს, მშობლიურ ქალაქში შეკრებილ მსმენელს, თვითონაც უმღერებს.

 

სოფო: – ყველაზე კარგად სცენაზე ვგრძნობ თავს, ჩემი საყვარელი ადგილია. ასე რომ, არასდროს უარს არ ვამბობ სიმღერაზე. მე ჩემი საქმე მიყვარს და მინდა, რომ მომღერლებს გვერდით დავუდგე.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X