fbpx
23:01 | 2020-10-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მიხეილ სააკაშვილი – ღამღამობით მესიზმრება ჩემი ლაზიკა, ჩემი ანაკლია, ჩემი ზუგდიდი, ჩემი წალენჯიხა და ჩემი სოხუმი

მიხეილ სააკაშვილი – ღამღამობით მესიზმრება ჩემი ლაზიკა, ჩემი ანაკლია, ჩემი ზუგდიდი, ჩემი წალენჯიხა და ჩემი სოხუმი

გამარჯობა ჩემო ყველაზე მონატრებულო ხალხო – ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, სკეიტპარკში შეკრებილ მხარდამჭერებს.

 

მისი მიმართვის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას, ნაწილი კი დაპირებებს ეხებოდა, რომლის განხორციელებასაც ექსპრეზიდენტი გამარჯვების შემდეგ გეგმავს. ამ გეგმის მთავარი აქცენტი, სააკაშვილის თქმით ლაზიკას პროექტია.

 

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მართალია ქვეყნის განვითარება დაიწყეს ბათუმით, სიღნაღით, თბილისით, მაგრამ მისი პრეზიდენტობის მთავარი პროექტი დაწყებული და შემონახული ჰქონდათ სწორედ სამეგრელოსთვის – ქალაქი ლაზიკა, რომელიც გააძლიერებდა არა მარტო ზუგდიდს, არამედ იქნებოდა საქართველოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ფანჯარა ევროპაში და მსოფლიოში, მოქალაქეთა კეთილდღეობის გარანტი.

 

„პირველი, რაც მოკლა ივანიშვილმა და რუსეთმა, არის ლაზიკის პროექტი. პირველი, რაც გაცოცხლდება ჩვენი მტრების ჯინაზე, იქნება ბრწყინვალე ქალაქი, ზუგდიდის და სამეგრელოს გაგრძელება, საქართველოს გვირგვინი ლაზიკა, რომლის მშენებლობა განახლდება პირველივე დღეს, როცა ახალი მთავრობა შევა ხელისუფლებაში და იქნება პარლამენტის მიერ დამტკიცებული. ღამღამობით მესიზმრება ჩემი ლაზიკა, ჩემი ანაკლია, ჩემი ზუგდიდი, ჩემი წალენჯიხა, ჩემი სოხუმი.

 

რა თქმა უნდა, ივანიშვილი ემზადება გაყალბებისთვის. ჩვენ ვემზადებით ამ გაყალბების შესაჩერებლად და დიდი გამარჯვებისთვის. მინდა ვუთხრა ივანიშვილს – შე უდღეურო, ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე, იმიტომ, რომ იცოდე, თუ აქამდე მზად ვართ ყველაფერი გაპატიოთ, მე პირადად მზად ვართ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ოღონდ გვერდზე გაიწიოთ, ამ დანაშაულს საქართველო არასდროს არ გაპატიებს. შეხედე კარგად ზუგდიდს და დაიმახსოვრე, ხუთ დღეში წყნარად ჩაჩოჩდები ხელისუფლებიდან. ეს არის ბოლო გაფრთხილება ზუგდიდიდან, ბოლო გაფრთხილება საქართველოს სახელით.

 

მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნის ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონის მაცხოვრებლები გახდეთ? საქართველო ისევ ძალიან სწრაფი ტემპით წავა წინ. ჩემი ოცნების საქართველო, ნამდვილი ქართული ოცნების საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მხარდამჭერებს პარტიის ცენტრალურმა და ადგილობრივმა ლიდერებმაც მიმართეს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X