fbpx
10:30 | 2020-09-04 ავტორი: თამთა თორდია

მიხეილ ჩხენკელმა ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული სკოლა მოინახულა

მიხეილ ჩხენკელმა ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.

 

„დღეს ვესტუმრე ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წელს დასრულდა მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ სკოლაში, რომლის გარე ფასადი შენარჩუნდა და თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. შიდა სივრცე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით.

 

სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის. ისტორიულ ძეგლს ახალი სიცოცხლე შეეძინა. ვულოცავ ზესტაფონლებს ამ ისტორიულ სკოლაში ახალი აკადემიური ცხოვრების დაწყებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვაა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად მან პირვანდელი სახე დაიბრუნა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ეზო და რეკრეაციული სივრცე, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X