fbpx
18:32 | 2020-07-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“მგონია, რომ გადავრჩებით. ყველა წინასწარმეტყველებაში წერია, საქართველო გადარჩებაო” – რამ დაუკარგა სიმღერის განწყობა თამუნა ამონაშვილს

“მგონია, რომ გადავრჩებით. ყველა წინასწარმეტყველებაში წერია, საქართველო გადარჩებაო” – რამ დაუკარგა სიმღერის განწყობა თამუნა ამონაშვილს

თამუნა ამონაშვილი იუბილარია. მეგობრებს ელოდება, შემდეგ ბათუმში მიემგზავრება. მომღერალი საზღვრების გახსნის მოლოდინშია, რადგან ტურიზმის კალაპოტში ჩადგომა მის ბიზნესთან არის ბმაში.

 

თამუნა ამონაშვილი: – ველოდები მეგობრებს. არ ვემზადები, თუმცა ჩემი მეგობრები ისე ვერ ჩერდებიან. აღვნიშნავთ ჩემს დაბადების დღეს, მოვისიყვარულებთ და მერე გავუყვები ბათუმისკენ გზას.

 

როგორც ყველა, მეც ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზე ვარ დამოკიდებული. მე მგონი, ნაკლებად არის ვინმე, დღეს, სახელმწიფოზე არ იყოს დამოკიდებული. მეც ველოდები საზღვრების გახსნას. ბათუმში აპარტამენტი მაქვს და ბუქინგით ვსარგებლობ. მხოლოდ უცხოელები ქირაობენ. სასტუმროები არ მაქვს, ერთი კარგი აპარტამენტი მაქვს, რაც ჩემი შემოსავლის წყაროა.

 

სამი-ოთხი სიმღერა კი მიდევს და მინდოდა ჩაწერა, მაგრამ რომ მეხვეწო, ახლა, საამისო განწყობა არ მაქვს. ჯერჯერობით, თავის გადარჩენაზეა ლაპარაკი. შეჩერებული ვარ. მაგრამ თუ დალაგდება რაღაც დონემდე, მაინც ყველა იმას გააკეთებს, ვისაც რა პროფესია აქვს და უყვარს. ხომ იცით, წყალი თავის გზას პოულობს.

 

 

– ძველი პერიოდიდან რა გენატრება?

 

– ვაიმე, ყველაფერი მენატრება, ვერ გამოვყოფ. სხვა დრო იყო. იმ დროში, რაც ცუდად მეჩვენებოდა, ამ გადმოსახედიდან ისიც კი მომწონს, კარგი იყო… წარსულს არ მივსტირი, უბრალოდ, ის კარგი რომ მახსენდება, სიამოვნებას მგვრის. მოგონებები ეიფორიაში მაგდებს.

 

ღმერთმა ქნას, ყველაფერი დალაგდეს, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ სიყვარულით და ბედნიერებით. რასაც არ უნდა აკეთებდე, თუ სიყვარულს არ ჩადებ, ისე არაფერს მადლი არ აქვს. მინდა ის სიყვარული დაგვიბრუნდეს, რომელიც სუფთა და ძალდაუტანელი იყო. სულ სხვა ურთიერთობები იყო…

 

მგონია, რომ გადავრჩებით. ყველა წინასწარმეტყველებაში წერია, საქართველო გადარჩებაო და ნამდვილად ასეა. მართლა გადარჩენილია ჩვენი ქვეყანა. ცრემლების დონეზე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში. ისეთი ადამიანები მოგვივლინა უფალმა, რომ ქვეყნის ეპიდემიური სიტუაციიდან გამოყვანა შეძლეს. მადლობა უფალს ყველასთვის და ყველაფრისთვის, რასაც მაძლევს, რასაც ვაკეთებ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X