17:34 | 2021-06-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“მგონი, დიდ სცენასაც დაემშვიდობება…” – დავით ოქიტაშვილი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო გეგმებზე

“მგონი, დიდ სცენასაც დაემშვიდობება…” – დავით ოქიტაშვილი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო გეგმებზე

21 ივლისს ნანი ბრეგვაძე 85 წლის ხდება. ქართული სცენის ლეგენდის პირველი საიუბილეო კონცერტი წინანდალში იგეგმება, 26-28 აგვიტოს ბათუმში ორი საღამოა დაგეგმილი. საფინალო კონცერტით, პრიმა არტისტის იუბილე, ფილარმონიის სცენაზე დაგვირგვინდება.

 

კონცერტების ორგანიზატორი კულტურის პალატა და დავით ოქიტაშვილია. მზადებაში ჩართულია კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია.

 

როგორც დავით ოქიტაშვილისგან ვიგებთ, სამივე კონცერტი, პროგრამითა და კონცეფციით, ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

 

 

დავით ოქიტაშვილი: – კონცერტს რეჟისორი არ სჭირდება. პროგრამა შედგა, მუსიკალური ხელმძღვანელია მარინა ბერიძე, რეპერტუარის გაორკესტრება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის.

 

ქალბატონ ნანის სცენაზე აკომპანირებას სწორედ ის გაუწევს. წინანდლის კონცერტზე გვექნება სიურპრიზი, ერთი ცნობილი ადამიანი გვეყოლება საღამოს სტუმრად და ის ქალბატონ ნანისთან ერთად რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს. ეს არის მოულოდნელი ტანდემი და ახლა მას ვერ დავასახელებ, აზრი არ ექნება სიურპრიზს. მართლა საინტერესო იქნება მისი ამ კონცერტზე გამოჩენა.

 

 

მომღერალია?

 

– ნახე! “პრაიმტაიმს” როგორ უნდა გამომტეხოს!

 

ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ დღიანი კონცერტია. ერთი დღის ჩაგდებით დავგეგმეთ, რომ მეორე დღეს დაისვენოს და ისე ჩაატაროს მეორე კონცერტი.

 

29 სექტემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე იმღერებს.

 

თვითონ ძალიან შეწუხებულია, ამდენი კონცერტი არ გვინდა, ხალხი რას იტყვისო. ჩვენ ვაძალებთ, გვინდა-მეთქი. მსმენელი ელოდება მასთან შეხვედრას. სამწუხაროდ, მისი თაობა მის გვერდით აღარ არის…

 

2020-07-21"ცხოვრებაში თქვენზე უკეთესი ეძებეთ და თქვენც კარგად იქნებით" - ნანი ბრეგვაძე იუბილარია

 

მე ვარ გაოცებული იმით, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საათნახევარი სიმღერის უნარი. ბათუმის კონცერტის შემდეგ ერთთვიანი დასვენება ითხოვა, რომ შემდეგ თბილისში მაყურებელს უფრო მომზადებული შეხვდეს.

 

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა კონცერტი აბსოლუტურად სხვადასხვაა. ნანის რეპერტუარი მრავალფეროვანია და ლოკაციების შესაბამისად, სამივე ადგილას სხვადასხვა პროგრამით წარდგება.

 

ეს არ არის მხოლოდ საიუბილეო კონცერტი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის ამ კონცერტებით, მე მგონი, დიდ სცენასაც დაემშვიდობება. ასეთი მასშტაბური ღონისძიება, ყოველ შემთხვევაში, ორი წელი მაინც არ ექნება. ამიტომ ეს იქნება შემაჯამებელი კონცერტები, მსმენელისთვის ანგარიშის ჩაბარება. ველოდებით სტუმრებს.

 

ნანის კონცერტს ითხოვენ ზუგდიდშიც, ქუთაისშიც. ვნახოთ. ჯერ მხოლოდ იმ კონცერტების შესახებ გესაუბრეთ, რაც უკვე დაგეგმილია.

ავტორი: თამარ გონგაძე

X