fbpx
01:08 | 2020-06-19 ავტორი: რუსა ღვანიძე

„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ – ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე

„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ – ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე

ექიმი, მომღერალი და ბიზნესმენი – ლაშა ღლონტი, რომელიც სიყვარულზე სიმღერების გენიალური შემსრულებელია, ამავე დროს ბრწყინვალე რესპოდენტი აღმოჩნდა, რომელიც საოცარ პოზიტივს და დადებით მუხტს ასხივებს.

 

ყველა მისი შესრულებული სიმღერა, რომელსაც შეიძლება ბევრჯერ უსმინო და არ მოგბეზრდეს, ყოველთვის გამორჩეულია. „შავი ზღვის ხმების“ ერთ-ერთ წარმომადგენელი, რომელიც მსმენელს პირდება, რომ ახალ სიმღერაზე მთელ საქართველოს ააცეკვებს, „პრაიმტაიმს“ პანდემიაზე, პირად ცხოვრებაზე, შოუ-ბიზნესზე და ქართულ ფოლკლორში განვითარებულ პრობლემებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

როგორც ყველას, მეც დამეტყო პანდემიის კვალი – ეკონომიკურ მხარეს ვგულისხმობ. მქონდა დაგეგმილი კონცერტები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში – აშშ-ში, ირლანდიაში, ისრაელში, ორი კონცერტი გერმანიაში, რომლის ბილეთებიც კი იყო გაყიდული, მაგრამ პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ვერ გამემგზავრე.

 

ქვეყანაში განვითარებული სიტუაციის გამო, დაიხურა ჩემი სარესტორნე ბიზნესი, რაც ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უარყოფითად აისახა. მაგრამ მთავარია ჯანმრთელობა, არაფერია მისი ფასი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ექიმებს, საზოგადოებას, რომ გულთან ახლოს მიიტანეს პრობლემა და პანდემია, ასე თუ ისე, გადავლახეთ. სამომავლოდ რა იქნება, არავინ იცის, მაგრამ კარგია, რომ უფრო მომზადებულები ვართ.

 

ბევრი ამბობს, რომ პანდემიის დროს, დადაებითი მხარეებიც გამოიკვეთა…

 

სხვათა შორის, ზოგი ჭირი მარგებელია და ეს სიტუაცია, ბევრ საკითხში მოგვეშველა. მეტად დაცულია ჰიგიენური ნორმები, უფრო ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ამავე დროს, დაწესდა რეგულაციები, რომლებსაც საზოგადოება, აუცილებლად უნდა იცავდეს. ეს ყველაფერი, ყოველთვის გასაკეთებელი იყო. მაგალითად, გარედან შემოსული ფეხსაცმლით, სახლში არ უნდა შემოხვიდე, ხელი ყოველთვის უნდა დაიბანო ადამიანმა. თუ დავუკვირდებით, ჰიგიენასთან დაკავშირებული რეგულაციები, ძალიამ მარტივი და აუცილებლად გასაკეთებელია.

 

ეს ხომ ჩვეულებრივი მომენტია, ადამიანმა ყოველდღიურად დაიცვას ჰიგიენის წესები…

 

კი, მაგრამ ძალიან რთულია, საზოგადოების ამხელა მასა მიაჩვიო იმას, რასაც მივეჩვიეთ. ბევრ ადამიანს, შეიძლება თავისი მოსაზრებები ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენთან შემთხვევები ნაკლებია რაც ძალიან მახარებს.

 

 

პროფესიით ექიმი ბრძანდებით…

 

ექიმი ვარ, თუმცა, ბოლო პერიოდში სამედიცინო მენეჯმენტის საკითხებით და ბიზნესით ვარ დაკავებული, მაგრამ როგორც ექიმს, ჩემი მოსაზრებები გამაჩნია. ძალიან კარგად ვიცნობ, იმ ცნობილ ადამიანებს და ექიმებს, რომლებიც ჩვენი ინფექციური ფრონტის სათავეში არიან. გავიხსენებდი, ბატონ ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომელიც ჩვენი ინფექციური სკოლის ფუძემდებელი გახლდათ. მის ლექციებს ვესწრებოდი, რომელიც ძალიან შემოქმედებითად ტარდებოდა. ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან.

 

პანდემიის დროს, „პრაიმტაიმმა“ გაიხსენა მისი შემოქმედება და ბ-ნი ვახტანგის ქალიშვილი ჩავწერეთ…

 

ძალიან საინტერესოა, უდიდესი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან მარტივად ხსნიდა ურთულეს პრობლემებს, რომელსაც ვერასდროს ვერ გავიგებდით. მარტივი ენით გვიხსნიდა, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. უდიდესი მეცნიერი იყო და ის სკოლა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, სწორედ მისი დაარსებულია. დიდი მადლობა მას და ყველა იმ ადამიანს რომლებიც, როგორც ახალი კორორონავირუსის, ასევე სხვა ვირუსული დაავადების წინააღმდეგ იბრძვიან. შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრი, ხომ ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში. მართალია, ინფექციონისტი არ ვარ, მაგრამ ინფექციურ სნეულებებში, ორდინატურას გავდიოდი. საერთოდ, ქართული ინფექციური სკოლა, ერთ-ერთი მონიწავეა მსოფლიოში და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ექიმს. ძალიან ვბრაზდები ხოლმე, როდესაც ჩვენი პაციენტები, სამკურნალოდ უცხოეთში მიემგზავრებიან. ქართული მედიცინა, საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.

 

რას თვლით სამკურნალოდ, უცხოეთში წასვლის მიზეზად?

 

გასულ წლებში, პარკეტიდან დაწყებული, კაფელით დამთავრებული, ყველაფერი უცხოეთში იყიდებოდა. საქართველოში, ნაკლებათ შემოდიოდა განსხვავებული პროდუქცია. ახლა, უკვე მსოფლიში საზღვრები გაიხსნა, ტექნოლოგიები, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროპასთან სერიოზული კავშირები გვაქვს და ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის უცხოეთში სწავლა-განათლების მისაღებად და ამის შემდეგ, უკან ბრუნდებიან. ამავე დროს განვითარდა ინტერნეტი, ტექნოლოგიები, სწავლის მეთოდები და ამიტომ არ არის აუცილებელი, მაიცდამაიც ამერიკაში წახვიდე ოპერაციის გასაკეთებლად. იგივე ტექნოლოგიით, შეიძლება საქართველოშიც გააკეთონ ოპერაციები.

 

ცნობილია, რომ უცხოეთიდან, უამრავი პაციენტი ჩამოდის საქართველოში სამკურნალოდ…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, შეცდომები, რომლებიც ყველას შეიძლება დაემართოს. ყველგან არის ასეთი შემთხვევები, ამერიკაშიც. ხშირად მსმენია, რომ აქ არ დამისვეს სწორი დიაგნოზი და ამიტომ გადავწყვიტე, უცხოეთში წასვლაო. ეს არის ცალკეული შემთხვევები, რომლებსაც განზოგადოება მოსდევს და რომელიც ყველგან შეიძლება მოხდეს.

 

რატომ „დაემშვიდობეთ“ ექიმის პროფესიას?

 

დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი ექიმად, რამდენიმე კლინიკაში. სპეციალობით, ქორურგი ვარ. თვალზე პრობლემები შემექმნა და მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ვეღარ შევძელი ოპერაციების ჩატარება და ჩემ პროფესიას დავემშვიდობე. ამის შემდეგ, ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტოში, წითელ ჯვარში, სადაც მენეჯმენტის საკითხებში ვიყავი ჩართული.

 

და ამის შემდეგ დაიწყეთ სიმღერა?

 

ამის შემდეგ არა, სამი წლიდან ვმღერი – ყველა პერიდში ვმღეროდი. ბათუმში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემი სკოლა მე- 6 საშუალო იყო, რომლის ტერიტორიაზე, ამჟამად, სასტუმრო „შერატონია“ აშენებული. სასწაულ ადგილას მდებარეობდა – ერთ მხარეს „პიონერთა პარკი“ და მეორე მხარეს „ბულვარი“. წარმოიდგინეთ, სკოლის შესვენებებზე, ბათუმის ბულვარზე და ზღვაზე რომ გახვალ. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

 

როგორც ჩანს, ხმის ტემბრზე, ზღვის კლიმატმა იმოქმედა…

 

ზღვის კლიმატი ხმის ტემბრზე, რა თქმა უნდა კარგად მოქმედებს. სახლი, სადაც დავიბადე, სასტუმრო „ინტურისტის“ უკან მდებარეობდა, სადაც ზღვის ჰაერი და კლიმატი კარგად იგრძობოდა. ზღვის სანაპიროზე ბევრი იოდია და ალბათ, ჩემ ხმაზე გავლენა მოახდინა. სხვათა შორის, ბათუმელებს, განსაკუთრებული ხმები აქვთ. აქაურ ხმებს – „შავი ზღვის ხმებს“ ეძახიან, ისე, როგორც იტალიელებს – „ხმელთაშუა ხმებს“ უწოდებენ.

 

ყველასთვის საყვარელი ადამიანი ბრძანდებით, რაც საქართველოში არც ისე იოლია…

 

ამის, ერთადერთი მიზეზი არსებობს, მე ვემსახურები ქართულ სიმღერას, რასაც ჩვენი წინაპრები მღეროდნენ. ქართული სიმღერა, არ მოდის ბოროტებადან, ცუდი ხასითიდან, ტყუილიდან. ქართული სიმღერა, მარტო ნოტის აღება არ არის. ვერ ვიტყოდი, რომ გამორჩეული მომღერალი ვარ. ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და რაც ძალიან მთავარია, არ ვიტყუები. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. რაიონებში ჩასვლა და უბრალო ადამიანებთან კონტაქტი. მეც უბრალო ადამიანი ვარ!

 

მახსოვს, როცა ამერიკაში პირველად ჩავედი, ვერ მივხვდი სად ვიყავი. იმ პერიოდში ჩავწერე სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი დათო არჩვაძეს და ნანა ცინცაძეს, რომლებმაც ამ სიმღერით, მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. როცა მივფრინავდი, ვფიქრობდი, ცხრა მთას იქით, ნეტა ვის აინტერესებს ჩემი სიმღერა მეთქი. მაგრამ მოხდა სასწაული, აეროპორტში იმდენი ქართველი დამხვდა, ვიფიქრე, ეს ადამიანები, ალბათ სადმე მიფრინავენ მეთქი. იქ მყოფმა მეუფე საბამ, რომელიც აეროპორტში დამხვდა, ასეთი რამ მითხრა – „შენ ახლა ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგახარ, როცა ქრისტე იერუსალიმში შედიოდა, ჯორზე იჯდა და საზოგადოება, ზარით და დიდებით შეხვდა – ჯორს ეგონა, მე მხვდებიანო.

 

მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო და იცოდე, რომ ყველაფერი უფლისგან არისო. ეს სიტყვები არასდროს მავიწყდება, ყოველთვის მახსოვს და ვიცი, რომ ყველაფერი უფლისგან არის. ეს ჩემი დამსახურება არ არის და მადლობა უფალს, რომ მომცა იმის საშუალება, რომ ქართული სიმღერის საშუალებით, ვეკონტაქტო ჩემ საყვარელ ადამიანებს.

 

საოცარ ენერგიას ასხივებთ და ძალიან დიდი დადებითი მუხტი მოდის თქვენგან…

 

ბ-ნ გურამ თამაზაშვილის, ზაურ ბოლქვაძის, გოგი დოლიძის გაზრდილი ვარ. არასდროს დამავიწყდება გოგის სიტყვები – როცა ჩემთან მოდის ადამიანი და მეუბნება, რა კარგად მღერიო, ის კი არ მიხარია, არამედ ის, რომ ამ ადამიანს ქართული სიმღერა უყვარსო. ეს არის ყველაზე მთავარი.

 

თავმდაბალი ადამიანი ბრძანდებით…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ „თავმაღალი“ რატომ უნდა ვიყო, ვერ ვხვდები! ბევრია ასეთი, მაგრამ ამ ადამიანებზე გულში მეცინება, რომ ვუყურებ, რა თავმომწონეთ დადიან, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, უცხოეთში რამდენს დავდივარ და რა რაოდენობის კოცერტს ვატარებ, მაგარმ უფრო ბევრ და უამრავ კონცერტს ვატარებ საქართველოს მასშტაბით.

 

ჩავდივარ რეგიონებში, სადაც ბილეთებს ძალიან იაფად ვყიდით. არის ასეთი კომპანია – „Geo event group“, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რაიონებში ვყიდით ბილეთებს, რომ ხალხმა ისიამოვნოს, სადაც ჩვენი ეკონომიური დაინტერება მინიმალურია, უბრალოდ, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა ისიამოვნოს. კონცერტიდან ხალხი, ბედნიერი ბრუნდება სახლში. დარბაზი ყოველთვის სავსეა მსმენელით. მარტო შარშან, თითქმის ყველა რეგიონში, გარდა სვანეთისა, 65 კონცერტი ჩავატარეთ. სავსე დარბაზები და ბედნიერი სახეები – ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.

 

 

სამწუხაროდ, ეს ტურნეები არ გაშუქდა. მეც არ მოვინდომე, ამის რეკლამირება.

 

რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის, ადამიანის სულიერი მდგომარეობა და ხასითი?   

 

გააჩნია, რას ეძახით წარმატებას! ჩემთვის წარმატება იცით რა არის? სახლში რომ მიხვალ და დაეხმარები მეზობელს, რომელსაც ეკონომიურად უჭირს. წარმატებაა, როცა ადამიანს, ქართული სიმღერა უყვარს და კონცერტიდან ბედნიერი ბრუნდება და ვიცი, რომ ბოროტებას არ ჩაიდენს. ეს, ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაა. ის, რომ გიცნობენ და უყვარხარ, ნამდვილად სიამოვნებს ადამიანს, მაგრამ ეს შენი დამსახურება არ არის, ეს უფლის საჩუქარია, რომელიც უნდა მიიღო და იყო მადლიერი. ეს არის ცხოვრების აზრი. ხელოვნების დანიშნულებაც ის არის, რომ ადამიანს აჩუქო სიკეთე, სიყვარული და ის იყოს კეთილად განწყობილი და ბედნიერი.

 

ამ ყველაფერს სიმღერით ამბობთ…

 

რა თქმა უნდა. როგორც ახლა გესაუბრებით, ზუსტად ისე ვმღერი. ჩემი სიმღერების უმეტესობა, ქ-ნ ნატო გელაშვილს ეკუთვნის. სიმღერა – „ისევ განშორება“, ახალგაზრდა შესანიშნავ კომპოზიტორს, თეა ჯინორიას ეკუთვნის, ტექსტი ნატო გელაშვილს. თეამ ტექსტი მომაწოდა და მთხოვა, ძალიან მაგარია და ნატო უფლებას თუ მომცემს, მუსიკას დავწერო. ნატომ რომ მოუსმინა, ძალიან მოეწონა და დათანხმდა. ეს ხომ პარადოქსია, დიდსულოვანი ადამიანია, წამოიდგინეთ, მისი ტექსტია და სხვისი მუსიკა.

 

სიმღერა „მე მზეს ვატან“, ეს ნატოს ტექსტი და მუსიკაა, რომელსაც პირველად თავად მღეროდა. რომ მოვუსმინე, ძალიან მომეწონა. იმ დროს, ბევრმა არ იცოდა ეს სიმღერა. ჩავწერე და ავტორს მოვასმენინე. ძალიან მოეწონა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერება იყო. ასევე დიდი პატივია ჩემთვის, როცა დიდი კომპოზიტორები მამუკა ჩარკვიანი, ნატო გელაშვილი, მაცაცო სეფისკვერაძე, დათო არჩვაძე გაძლევს იმის უფლებას, რომ მისი სიმღერა შეასრულო და მადლობა, რომ ჩემთვის სიმღერებს წერენ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჰააგაში გააჟღერეს ცნობილი ქართული მელოდიები, გია ყანჩელის, „სულიკო“, „თბილისო“ და ერთ-ერთი იყო ჩემი სიმღერა – „მონატრებიხარ ფიქრებს“, რომელიც ზარებით დაუკრეს ცენტრალურ ტაძარში, რომელიც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო.

 

 

რას გვეტყოდით ოჯახზე?

 

მყავს მეუღლე, თეა ახალაძე, რომელთან ერთად 26 წელია ვარ. პროფესიით ეკონომისტია, რომელიც ჯანდაცვის სამისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოში მუშაობს. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით არის. ყოველთვის მეხმარება საორგანიზაციო საკითხებში, განსაკუთრებით გასტროლის დროს. მყავს ასევე ქალიშვილი ანა ღლონტი, თავდაცვის სამინისრტოს თანამშრომელია, რომელსაც ჰყავს მეუღლე თორნიკე მაისურაძე და ვაჟი მამუკა (მამუჩიკო). სხვათა შორის, ორივე ძალიან კარგად მღერის.

 

 

ჩვენმა მეგობრებმა, მე და თეას 25 წლის იუბილე, შარშან, აშშ-ში გადაგვიხადეს. ნიუ-იორკში გასტროლები მქონდა, თან ჩემი დაბადების დღე იყო. საოცარი მოგზაურობა გამოვიდა. ისედაც ბევრს ვმოგზაურობ და უამრავ კონცერტს ვმართავ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ემიგრანტი მოვიკითხო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა. საოცარი ემიგრაცია გვყავს და მასპინძლობისთვის, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

 

როგორ გაიცანით ერთმანეთი…

 

ერთმანეთი, ტელეფონის საშუალებით გავიცანით. იმ დროს, არ არსებობდა მობილური ტელეფონი და სრულიად შემთხვევით შევხვდით ტელეფონზე. აღმოჩნდა, რომ ისიც ბათუმელი იყო და ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობები, რომელიც დღემდე გრძელდება და სხვადასხვა სტადიას გადის, ახლა ბებია-ბაბუის როლში ვართ (იცინის).

 

 

 

და ერთი ნახვით შეგიყვარდათ?

 

ვერ ვიტყოდი, რომ ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. ბევრი ვისაუბრეთ და მერე დავინახეთ ერთმანეთი (იცინის).

 

რომანტიკოსი ადამიანი ბრძანდებით, რა არის თქვენი აზრით სიყვარული?

 

მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკოსი ვარ, ვიტყოდი, რომ სიყვარულზე არ საუბრობენ. უსმინეთ ჩემ სიმღერებს და მიხვდებით, რა არის სიყვარული.

 

სიმღერა, რომელიც თქვენ შვილიშვილს მიუძღვენით…

 

ჩემი ერთ-ერთი სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“, მამუკა ჩარკვიანს ვთხოვე, რომ მე შემესრულებია. ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა თავის შვილიშვილს დაუწერა. მამუკას, ვერ შევბედე და ჩემ მეგობარს ეკა გამცემლიძეს ვათხოვნინე, თუ მომცემ უფლებას, ჩემ შვილიშვილს მივუძღვნი -მეთი. მოხდა ისე, რომ „წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერების“ ნომინაციაში მოხვდა.

 

წლის სიმღერები იყო ასევე „მონატრებიხარ ფიქრებს“, „ოქროყანის აღმართი“, რომელიც ქეთი ფარესაშვილთან ერთად შევასრულე. 2010 წელს ფილარმონიაში სოლო კონცერტი გავმართე, სადაც ერთ დღეში, ყველა ბილეთი გაიყიდა. ჩემი მეგობრები, მთხოვდნენ კიდევ გაიმეორეო, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან ისეთ ემოციას ხარჯავ, იმხელა დატვირთვა და მუხტია, რომ მეორედ გამეორება და იმ სიმღერის ისევ იმ ემოციით შესრულება, ძალიან რთული იქნებოდა და უარი ვუთხარი. რთულია, ერთხელ რომ კარგი გამოვა, ცოტა ხანი თავი უნდა დაანებო შეისვენო. ხალხს თავი არ უნდა მაბეზრო.

 

ქართულ ფოლკლორზე რას გვეტყოდით…

 

ქართველებმა, ჩვენი დიდი პოეზია, მაგალითად „ვეფხისტყაოსანი“ არ ვიცით კარგად, ვიცით მხოლოდ, რომ ძალიან კარგია. ამას, მხოლოდ ვამბობთ, სინამდვილეში, კარგად არ ვიცით. უცხოეთიდან ვინც ჩამოდიოდა და ქართულ ფოლკლორს ეზიარებოდა, ამბობდა, რომ ქართულ ფოლკლორში, ჯაზის პრობლემა გადაწყვეტილია.

 

ეს უდიდესი ხელოვნებაა, რომელიც მარტო ეგზოტიკა არ არის. ეს არის მსოფლიოში აღიარებული ფენომენი, ისევე როგორც ქართული ღვინო, შეიძლება მეტიც. ამიტომ ქართულ ფოლკლორს, უფრო მეტი ათვისება და პროპაგანდა ჭირდება, რადგან უდიდესი ხელოვნებაა. გულდასაწყვეტია, როცა ადამიანები ამას უგულებელყოფენ და სხვა ქვეყნის კულტურას ეტრფიან. რა თქმა უნდა აუცილებელია სხვა ქვეყნების კულტურის შესწავლა, მაგრამ ჯერ შენი უნდა გახსოვდეს…

 

 

მინახავს, ნიუ-იორკში მიწისქვეშა გადასასვლში მომღერალი ფერადკანიანი. ასე კარგად, ვერც ერთ კონკურსზე ვერ მღერის ვერავინ. იმიტომ, რომ ეს არის მისია.

 

ქართული ფოლკლორი და ქართული ხელოვნება, მსოფლიო ცივილიზაციის ძალიან დიდი მიღწევაა. როგორც იტალიური ოპერა, როგორც ესპანური ფლამენგო, ასევეა ქართული ფოლკლორი, ეს არის მსოფლიო ღირშესანიშნაობა. ისე კი არ უნდა მივუდგეთ, როგორც ეგზოტიკა, კულტი უნდა გავხადოთ. როგორც ღვინოა საქართველოში, ისეთივე უნდა გახდეს ქართული ფოლკლორი.

 

მაგალითად, გურული სიმღერა ისეთი საოცრებაა, რომ მასში, მსოფლიო ჯაზის პრობლემებია გადაწყვეტილი. უბრალოდ, ამას ჭირდება სპეციალისტი. ისე, როგორც „ვეფხისტყაოსანში“ დევს დიდი სიბრძნე, მაგრამ ყველა ვერ იგებს, ასევეა გურული ხალხური სიმღერები.  გურული ფოლკლორი ურთულესია – უდიდესი გემოვნება, ჰარმონია, პოლიფონიის ზენიტი, რომელსაც ჭირდება, ძალიან დიდი მეცნიერული მიდგომა. როგორც მსოფლიოში, ყველა ვერ უსმენს დიდ ჯაზს, სწორედ ამ დონის შემოქმედებაა ქართული და გურული ფოლკლორი. ძალიან სამწუხაროა, რომ ცოტა სპეციალისტია დარჩენილი და ამავე დროს, არ ეწევა სათანადო პროპაგანდა ქართულ ფოლკლორს, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

და რა არის ამის მიზეზი?

 

ვერ დავაბრალებ, ვერც ერთ მთავრობას, ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის ბრალი. იმიტომ, რომ არ აინტერესებს თავისი ქვეყნის კულტურა. შენი თუ არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ! მსოფლიო კულტურა და ხელოვნება უნდა იცოდე, მაგრამ ქართული ფოლკლორი ყველაზე კარგად. იტალიაში ტარასპორტში რომ ჩაჯდები, ძირითადად ლუჩიანო პავაროტია ჩართული და ჩვენთან ასე არ არის. არც გურული სიმღერა მომისმენია ტრანსპორტში და არც ჰამლეტ გონაშვილი. ეს ყველაფერი, საზოგადოების ბრალია.

 

სანამ გურამ თამაზაშვილის წყალობით არ გავეცანი ფოლკლორს, ღრმად ვერც მე შევითვისე. მანამდე ვამბობდი, რომ ფოლკლორი ძალიან მაგარია, მაგრამ, წარომოდგენა არ მქონდა, რა იყო სინამდვილეში – მეც ვცოდავდი. ეს ისეთივე განძია, როგორიც ჩვენი ქვეყნის ბუნება – საქართველოში, უამრავი მიუდგომელი ადგილებია, რომელიც აუცილებლად ასათვისებელია.

 

რაც ქვეყანაში ხდება, ზოგადი გაურკვვლობის ბრალია. ყველა ადამიანი უნდა მიხვდეს მის სიძლიერეს. როგორც რუსთაველმა თქვა, „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“- ყველა ქვეყანას, ქალაქს, თუ სახელმწიფოს, უნდა ჰქონდეს თავისი სახე, ამ სახით უნდა შექმნას მსოფლიო ისტორია და უნდა მიიღოს მონაწილება მის განვითარებაში. გენიალურია ვაჟა-ფშაველას „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“, სადაც ეს ყველაფერი, კარგად არის გადმოცემული. ზვიად გამსახურდიაც წერდა, ვერ გაეევროპელდები და გაამერიკელდები, თუ ქართველი არ ხარ. ქართული უნდა იცოდე და ამის შემდეგ, სხვა ქვეყნებსაც მიაგე პატივი, მათი ისტორიაც ისწავლე. საქართველოში, განათლების პრობლემაა მოსაგვარებელი.

 

ამისთვის საქრთველოს ისტორიის საფუძვლიანი და ღრმა ცოდნაა საჭირო…

 

ჩვენ, საქართველოს ისტორია, არ ვიცით. არ ვამბობ, რომ ძალიან რთულად უნდა ისწავლეობოდეს, მაგრამ ტურისტი რომ ჩამოდის, მცხეთის ისტორია მაინც ხომ უნდა მოუყვე – ძალიან დიდი სირცხვილია! სხვათა შორის, ტურიზმის განვითარებამ, უფრო შეგვასწავლა ისტორია, თუნდაც, რატომ ჰქვია სვეტიცხოველი, ის რომ, აქ განისვენებს ქრისტეს კვართი. საზოგადოებამ, ეს ინფორმაციები ზეპირად უნდა იცოდეს და ამით, უნდა შეიქმნას საქართველოს მომავალი. ტურისტს ყველაფერი აინტერესებს, ისე როგორც ჩვენ, როცა უცხოეთში ჩავდივართ. თუკი, ამერიკის ისტორია ვიცით, საქართველოს ისტორია რატომ არ უნდა ვიცოდეთ?

 

პროფესიონალების დეფიციტი გვაქვს, ადამიანები, რომლებიც ამას კარგად გამართავენ. მომღერალი უნდა ფიქრობდეს სიმღერაზე და კონცერტზე და არ უნდა ფიქრობდეს ორგანიზებაზე. თუნდაც იმაზე, თუ რატომ არის ქართული კერძი გემრიელი, ქართული ღვინო –  საინტერესო, რატომ მზადდება ქვევრი, მხოლოდ საქართველოში? ღვინის კულტურის მხრივ, უფრო გამოსწორდა სიტუაცია, ახლა მთავარია, ფოლკლორი, კულინარია. ის კი არ უნდა თქვა, რომ ხინკალი კარგია – თავის ისტორია უნდა მოყვებოდეს. ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი, ჩვენი გაუნათლებლობა და არაპროფესიონალიზმია.

 

ბევრი ვერ არკვევს, რა არის მარკეტინგი და პიარი, ერევათ ერთმანეთში. როდესაც ეს ელემენტარული მცნებები, არ იცი და არ გესმის, რთულია საქმის წარმოება და განვითარებული ქვეყნების რიგში ყოფნა. იყო პერიოდი, როცა ვიდექით განითარებული ქვეყნების რიგში. ერში, ინტელექტი არსებობს, ჩვენ ინტელექტუალური ერი ვართ, მაგრამ მარკეტინგი და მენეჯმენტი არ გვივარგა.

 

ამის წინაპირობაც გვაქვს – ადრეულ წლებში, მთელი ჩვენი ინტელიგენცია დაგვიხვრიტეს, გადაგვისახლეს, უკან დაგვწიეს, მაგრამ დალოცვილი ერი ვართ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება! ამის იმედი მაქვს. ქართველებს, ინტელექტუალური პოტენციალი გენეტიკურად გვაქვს, სადაც სიკეთე დევს, რაც ყველაზე მთავარია. მასაში ნაკლებად არის ბოროტება, სტუმართმოყვარე ერი ვართ. ტოლერანტობა ხომ ისედაც დევს. ხელოვნების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ სიყვარული გავუღვივო ადამიანს, რათა შემოქმედებითად აკეთოს კარგი საქმე. გენიალურ და ნიჭიერს შორის, იცით რა სხვაობაა? ნიჭში არა, აღმაფრენაშია სხვაობა. გენიოსს, სულ უნდა, ნიჭიერს, კი ორშაბათს, ან სამსაბათს და ამიტომ ვერ აღწევს შედეგს.

 

– ახალგაზრდა თაობას რას ურჩევდით?

 

ვეტყოდი, რომ ყოველი ადამიანი, ღმერთმა, გენიალურ ინდივიდად შექმნა. მთავარია გენიალურობა და საკუთარი თავის პოვნა. არ დაემსგავსოს სხვას, ოღონდ სხვებისგან ბევრი ისწავლოს! მოისმინოს, მაგრამ საკუთარ თავს არ აცდეს.

 

პანდემიის დროს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ეკლესიისგან შორს დადგა…

 

ზოგადად, ეკლესია და რწმენა, იმდენად ინტიმური საკითხია, რომ ამაზე საუბარიც კი უხერხულია. ძალიამ მიჭირს, სხვაზე ჭკუის სწავლება. მე, იმდენად ცოდვილი ადამიანი ვარ, ვერავის ჭკუას ვერ ვასწავლი. ჩემ თავს ვუსურვებ, არ შევიცვალო და უფალთან მივიდე, ისეთი, როგორიც ვარ, ორი სიტყვის თქმის უფლება და ენერგია მქონდეს, რომ ვუთხრა – „უფალო შეგვიწყალენ“.

 

ცხოვრების არსიც, სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა, ერთმანეთში, მხოლოდ კარგი ეძებონ. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრს უჭირს ამის გაკეთება, რატომ არ ვიცი! არსებობს, ყველაზე მთავარი – ყველა სიტუაცია და ყველაფერი არის ორმხრივი. როცა ადამიანს კარგს ეუბნები, ნიშნავს, რომ ამ კარგს ხედავ და თუ ამ კარგს ხედავ, შენც ისეთივე კარგი ხარ.

 

რას გვეტყოდით სამომავლო გეგმებზე?

 

19 ივნისს გვაქვს დაგეგმილი კონცერტი, რომელსაც ღია სივრცეში ჩავატარებთ, სადაც ჩემთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მაგდა ნიკოლეიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი მომღერალია. ჩემი მეგობარი ეკა გამცემლიძე, რომელიც ქართული სიმღერის მოტრფიალეა, საკუთარ სალონში აკეთებს საღამოებს, სადაც ადამიანები, ერთმანეთს, სიყვარულს ჩუქნიან და მეც შემომთავაზა კონცერტის ჩატარება. ეს არ არის კომერციული თვალსაზრისით გათვლილი, უბრალოდ კარგი განწყობისთვის და სიტუაციისთვის.

 

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კლიპზე ვმუშაობ. ამდენი სერიოზული და დაკარგულ სიყვარულზე მარიო ჩიმაროსავით სიმღერები რომ მაქვს, გადავწვიტე ახალი სიმღერა ჩამეწერა, რომელსაც მალე მოისმენთ და სრულიად განსხვავებილ ლაშა ღლონტს ნახავთ (იცინის). სიმღერა იქნება ისეთი, რომ მთელ საქართველოს პირობას გაძლევთ, ყველა იცეკვებთ. ძალიან მალე, ამ სიმღერაზე ბევრი იცეკვებს და იმღერებს.

 

ბევრი მუსიკოსი წავიდა პოლიტიკაში, თქვენც ხომ არ გაქვთ გეგმაში…

 

ერთადერთი საკითხი, რაშიც არ ვერევი, არის პოლიტიკა. ძალიან ბევრი და საინტერესო შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსობა არ შემიძლია, ან ვინმეს რამეს ვერ ვასწავლი, უბრალოდ, არ მინდა.

 

მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაღალ „სკამზე“ აღმოჩნდებიან ხოლმე…

 

ამაში გეთანხმებით, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა ხელისუფლებაში მქონდა, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, მაგრამ ჩემი მხრიდან, ყოველთვის, კატეგორიული უარი იყო და ყოველთვის ასე იქნება!

 

დარჩით ის, რაც ხართ!…

 

რა თქმა უნდა, ცხოვრების არსიც სწორედ ეს არის – დარჩე ის, რაც ხარ! თუ ამას მოვახერხებთ, ცხოვრების ბოლომდე, უბედნიერესი ადამიანები ვიქნებით.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X