
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ხვალ კორონავირუსზე პისიარ ტესტირებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კი ეპარქიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ.განვმარტავთ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში.
თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრი,”- ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის 72 წლის მესანთლეს და ასევე ტაძრის მგალობელ ქალს.