fbpx
21:41 | 2020-10-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მეუბნებიან, მიდი, თამარა, ვაჟკაცი ქალი ხარო – თამარ მაყაშვილის საარჩევნო კამპანიაში შვილებიც ერთვებიან

მეუბნებიან, მიდი, თამარა, ვაჟკაცი ქალი ხარო – თამარ მაყაშვილის საარჩევნო კამპანიაში შვილებიც ერთვებიან

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა მსახიობმა თამარ მაყაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. ის საბურთალოზე ამომრჩევლებს ძირითადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდება.

 

როგორც საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მსახიობმა და აწ უკვე პოლიტიკოსმა თამარ მაყაშვილმა „პრაიმტაიმს“განუცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოელებთან შეხვედრები წარმატებით მიდის.

 

თანაუბნელები მის მიმართ კეთილგანწყობას არ მალავენ და მხარდაჭერას უცხადებენ. მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც მრავლად არიან, მაგრამ თამარ მაყაშვილი ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. მიაჩნიათ, რომ ხმამაღლა თავად უნდა ისაუბრონ.

 

პოლიტიკოსი დედის საარჩევნო კამპანიაში მისი შვილები ერთვებიან. თამარ მაყაშვილი ამბობს, რომ ისინი ამ დრომდე, დედის არჩევანს სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ თამარს ხმას ბევრი მათი უბნელი აძლევს, სერიოზულად განეწყვნენ და ამიტომ, კამპანიაში ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

 

Exclusive: „ჩემს კარს ექნება წარწერა „სულ მცალია ჩემი მოქალაქეებისთვის“! - თამარ მაყაშვილი საბურთალოზე კენჭს იყრის
2020-09-21Exclusive: „ჩემს კარს ექნება წარწერა „სულ მცალია ჩემი მოქალაქეებისთვის“! - თამარ მაყაშვილი საბურთალოზე კენჭს იყრის

 

„ამაყი ვარ, რომ ჩემი უბნელები, ჩემი საბურთალოელები ასეთი სითბოთი მხვდებიან. ემოციებით სავსე ვარ და ამიტომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უნდა ვიბრძოლო მათთვის, ვინც მხარდაჭერას ღიად და დაუფარავად გამოხატავს.

 

არიან ისეთებიც, ვინც სამსახურების დაკარგვის ან სხვა შესაძლო ზეწოლის გამო, ღიად ვერ აღნიშნავენ, რომ ჩემს მხარდამჭერებს შორის არიან, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. სამწუხაროა მათგან, ვინც მათზე ზეწოლას ახდენს…

 

თავად არ მეგონა, რომ ამდენი ადამიანი დამიჭერდა მხარს, ჩემი შვილები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები და დიდად არ ერთვებოდნენ, სანამ სხვადასხვა ნაცნობებისგან თუ მეგობრებისგან არ გაიგეს, რომ დიახ, ბევრი საბურთალოელი მიჭერს მხარს. მე ვამბობდი, რომ ჩემი პარტია ჩემი უბანია-მეთქი და ასეც აღმოჩნდა… ერთ თეთრს არ ვხარჯავ, ფლაერები მე არ მაქვს და დიდი ბანერები. ხალხს ჩემდამი სიყვარული კი, ნამდვილად ჰქონია!

 

რუსკას, ნინუცას, ელისბარის და ჩემი სიძის მეგობრები იმდენად ჩაერთნენ ჩემს კამპანიაში, რომ მუდმივად კითხულობენ, რაში დაგეხმაროთო. ესეთი ფაქტები ძალიან მახარებს და ბრძოლის მეტ ძალას მაძლევს.

 

რუსკამ მითხრა, იმდენი მხარდამჭერი გყოლია, აუცილებლად ჩავერთვები აქტიურად და გვერდით დაგიდგებითო, გავიგე, რომ ქარის წისქვილებთან ბრძოლა არ იქნებაო. ასეთივე განწყობა აქვთ ნინუცას და ელისბარს.

 

სხვა ცნობილი სახეებიც არიან, ვინც მეუბნებიან მიდი თამარა, ვაჟკაცი ქალი ხარ, გვჯერა რასაც ამბობ, იმას გააკეთებ და ამიტომ, შენს გვერდით ვართო. მე მათი სახელებით ვერ ვისაუბრებ. თავად უნდა თქვან ღიად, ვინც საჭიროდ თვლის, ამის გასაჯაროებას.” – ამბობს თამარ მაყაშვილი.

 

შეგახსენებთ, თამარ მაყაშვილი საბურთალოს ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X