16:13 | 2020-03-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალს პირბადეები დაურიგდება – თურნავა

მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალს პირბადეები დაურიგდება – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალს დაურიგდება.

 

„დღეს ვისაუბრე თბილისის მერთან – მეტროპოლიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომლებიც ასევე ყოველდღიურ შეხებაში არიან უამრავ ადამიანთან და ჩვენ პირბადეების ერთი ნაწილი მათთვისაც უნდა შევაგროვოთ და გადავინახოთ.

 

ასევე სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები – ჩვენ უკვე შევისწავლეთ საჭიროება და მათაც მივაწვდით კომპანიებთან შეთანხმებით.

 

ეს წრე თანდათან გაფართოვდება. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ნედლეულის უწყვეტი და გარანტირებული მიწოდების პირობებში ჩვენ პირბადეები უკვე გაყიდვაშიც გავცეთ, მაგრამ ჯერჯერობით, რადგან ნედლეულის მოწოდება დოზირებულია და მუდმივ გადამოწმებას და დადასტურებას საჭიროებს, ჩვენ ამას თავად ვანაწილებთ, ცნობილი საჯარო პრიორიტეტების მიხედვით“,- განაცხადა თურნავამ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

 

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X