15:30 | 2020-09-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მეტადონის პროგრამის“ პაციენტებს 5 დღის სამყოფ ულუფას ბინაზე აღარ გაატანენ

„მეტადონის პროგრამის“ პაციენტებს 5 დღის სამყოფ ულუფას ბინაზე აღარ გაატანენ

მეტადონის პაციენტებს 5 დღის სამყოფ ულუფას ბინაზე აღარ გაატანენ. შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა 8 სექტემბერს მოაწერა ხელი.

 

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, „ზიანი შემცირების საქართველოს ქსელი” (GHRN) ეხმაურება. მათი შეფასებით, პანდემიის პირობებში ასეთი ცვლილება არაგონივრული გადაწყვეტილებაა.

 

„მოგეხსენებათ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიეკუთვნებიან ინფექციური დაავადებებისადმი, მათ შორის COVID19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს, ხოლო პანდემიის პირობებში არსებობს COVID19-ით მათი ინფიცირების დიდი რისკი და შესაძლოა თავადაც გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. ბენეფიციარებს ჩანაცვლებითი პროგრამის სერვისცენტრებში მისასვლელად უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა და მათთვის განკუთვნილი ულუფის მისაღებად გრძელ რიგებში დგომა.

 

დღეის მდგომარეობით კორონავირუსის პანდემია შედის უფრო მწვავე ფაზაში, ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და რეალურად დაწყებულია ვირუსის ფართო გავრცელება საზოგადოებაში. არსებული ვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ პროგრამაში მყოფი ბენეფიციარებისთვის 5 დღის ულუფის მიცემის გაუქმება მინიმუმ პანდენიის პირობებში არაგონივრული გადაწყვეტილებაა.

 

აღნიშნული ბრძანების გამოცემას ალბათ ექნება დასაბუთება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენების ხარჯზე, დაუშვებელია. სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით განსაზღვრულ მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნებს”, – წერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.

 

GHRN მიმართავს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს და მოუწოდებს მათ საბჭოს ფარგლებში დაუყონებლივ შეიქმნას ჩამანაცვლებელი პრეპარატის გაცემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი მულტისექტორული გუნდის შემადგენლობით (დარგის ექსპერტები, ექიმები, თემის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და პოლიტიკის შემქმნელები).

 

„რომელიც შეიმუშავებს ალტერნატიული შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საჯარო ინტერესისთვის ზიანის მიყენების რისკებს და უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის მედიკამენტის ხანგრძლივი ვადით გაცემას. ჩვენ, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ სამუშაო პროცესში”, – წერს GHRN.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +