fbpx
13:30 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

მერაბ კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირებს ბრალი წაუყენეს

მერაბ კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირებს ბრალი წაუყენეს

მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაცის ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

პროკურატურის ცნობით, ასევე ბრალი დაუზუსტდა თავად კობიაშვილსაც.

 

„დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდა. ასევე, მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარედგინა.

 

მ.კ.-ს ბრალდება 2020 წლის 06 მაისს, მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული. მ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება ძალადობისთვის – 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა.

 

აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.

 

პროკურატურის მიერ ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა მ.კ. -ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან მ.კ. -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე 6 პირს – მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. კი, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X