fbpx
19:27 | 2021-01-22 ავტორი: ზურა დვალაშვილი

მეორე კურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ ვაქცინაციით გენეტიკის ცვლილება შეუძლებელია – დეკანოზი თამაზ ლომიძე

მეორე კურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ ვაქცინაციით გენეტიკის ცვლილება შეუძლებელია  – დეკანოზი თამაზ ლომიძე

მეორე კურსელმაც კი იცის, რომ აცრით გენეტიკური ინფორმაციის ანუ DNA-ს ცვლილება შეუძლებელია, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალური ქსელში წერს და ბოლო პერიოდში საქართელოში ანტივაქსერების მომრავლებას ეხმაურება.

 

მისი თქმით, განათლებაა ის ერთადერთი გზა, რაც “ბოროტი ზღაპრების ტყვეობისგან” იხსნის საზოგადოებას იმ ნაწილს, რომელსაც შეთქმულების თეორიების სჯერა.

 

“ჩემი 19 წლის ქალიშვილი სამედიცინო ფაკულტეტის მე-2 კურსზე სწავლობს. დღეს მესაუბრებოდა კორონავირუსზე, მის მკურნელობაზე, შეზღუდვებზე და ა.შ. მიყვებოდა, რომ ერთ მის კურსელ მეგობარ გოგონას, რომელსაც უკვე გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, დღეს უნივერსტეტში შეხვედრია, მოუკითხავს და ხუმრობით ხელები დაუთვალიერებიათ მისთვის, თითებს შორის აპკები ან რაიმე მუტაციის ნიშნები ხომ არ გაგიჩნდა უკვეო.

 

მას უთქვამს, გრიპის აცრაზე ბევრად ადვილად და შეუმჩნევლად გადავიტანე კორონავირუსის აცრაო. შემდეგ ასეთი რამ მითხრა ამ 19 წლის, გუშინდელმა ბავშვმა სრული სერიოზულობით: რა დასანანია, რომ ადამიანებს, რომელთაც სულ მცირე ცოდნაც კი არ აქვთ გენეტიკაზე, სჯერათ, რომ აცრას შეუძლია გენეტიკის ცვლილებაო. მე, უნივერსტეტში მიღებული ჩემი 2 წლის ცოდნითაც კი უკვე ვიცი, რომ გენეტიკის ცვლილება აცრის მეშვეობით სრული აბსურდი და სისულელეაო.

 

ნეტავ შეიძლებოდეს ასე მარტივად გენეტიკის ცვლილება, რამდენ გენეტიკურ სნეულებას ვუშველიდით ადამიანებიო.
ვუსმენდი და ვფიქრობდი: მხოლოდ და მხოლოდ კარგი განათლება და ნამდვილი ცოდნაა გამოსავალი. მხოლოდ განათლება და აკადემიური ცოდნა გადაგვარჩენს ათასი დეზინფორმაციის, შეთქმულების თეორიებისა და ბოროტი ზღაპრების ტყვეობისგან.

თავისუფლება და ნათელი მომავალი ეკუთვნის განათლებას!”, – წერს თამაზ ლომიძე.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X