14:52 | 2020-05-04 ავტორი: თამარ გონგაძე

“მენატრები ჩემო უცნაურო, ყველასგან განსხვავებულო კაცო” – ნუგზარ ჯუღელს შვილიშვილი ემოციურად იხსენებს

“მენატრები ჩემო უცნაურო, ყველასგან განსხვავებულო კაცო” – ნუგზარ ჯუღელს შვილიშვილი ემოციურად იხსენებს

მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი, ლიკუნა რემკა რევიშვილი თავის საყვარელ ბაბუას იხსენებს. სოციალურ ქსელში დაწერილ ლიკუნას თბილ მოგონებაში ვკითხულობთ, თუ როგორ ჩუქნიდა ბაბუ დაბადების დღეებზე კუს ტბაზე დაკრეფილ იასამნებს, როგორ წერდა წერილებს…

 

“უცნაური კაცი იყო ბაბუაჩემი, არავის გავდა. ჰემინგუეის პერსონაჟია უფრო. განსხვავებულად იქცეოდა ყოველთვის, განსხვავებული ურთიერთობები იცოდა. განსხვავებულად ვუყვარდი მე, არა! უფრო გამორჩეულად… რაც ჩემი შეგნებული ცხოვრება მახსოვს სულ უმამობას მივსებდა, თანაგრძნობას და ერთგულებას უდიდეს სიყვარულში ისე ფუთავდა – ჩემი ბაბუ ყველას მამას მოერეოდა.

 

ჯერ კიდე კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, ეზოდან სახლში ავედი. მარტო იჯდა თავის ბორდოსფერ სავარძელში, ძველი ნაცრისფერი ტელევიზორის წინ. დედაჩემი და ბებიაჩემი არ დამხვდნენ – ანუ მიდი იგულავე, ბოლო ხმაზე ავუწიე ჩემ შავ “ფილიპსის” მაგნიტოფონს.

 

კარლო სანტანას დისკი თვითონ ჩამომიტანა იტალიიდან. ამ პერიოდში თეა დარჩიასთან დავდიოდი ცეკვაზე. “ლათინურის” ილეთებს – ერთი-ორი-სამი, ერთი-ორი-სამის რითმში ვიმეორებდი, ოთახიდან ოთახში დავქროდი და ვიქნევდი ხელებს.

 

ლიკუნა კუკუ! მოდი ცოტა ხანი დამიჯექიო. დავჯექი მეორე სავარძელში. ისეთი თვალებით შემომხედა, 12 წლის განმავლობაში პირველად ვნახე ჩემთან მიმართებაში ბაბუ, რომელიც ისე დაიბნა, არ იცოდა საიდან დაეწყო სათქმელი.

 

“მე შეიძლება მალე აღარ ვიყოო”. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. “იქ, სადაც ბევრი ჩემნაირები არიანო”. ეგ რას ნიშნავს-მეთქი? გაჩუმდა და მერე – “გიასთანო”. თვითონ გააგრძელა, შენ არ შეგეშინდეს, ნუგზარი (ნუზი) დიდია უკვე, ეგ გეყოლება ჩემსავითო. ჩემნაირად ეყვარები, სანამ იმ ადამიანს იპოვი, ვინც ჩვენნაირად შეგიყვარებსო.

 

და შენ რატო უნდა წახვიდე-მეთქი, შევეკითხე. მომიყვა, რომ ცუდი ანალიზის პასუხი მიიღო, რაღაც ბოროტი დაავადება ჩაუსახლდა ორგანიზმში. გეშინია ბაბუ და მაგიტო მეუბნები ახლა ამას-მეთქი. ავდექი და ოთახის კარი ჩამოვარდნამდე მივაჯახუნე. გაბრაზება გამოვხატე. ჩემ ოთახში მაგრა ვიტირე” – წერს ლიკუნა “ფეისბუქზე”.

 

ცნობილმა ტელედიქტორმა და სპორტულმა კომენტატორმა ავ სენთან ბრძოლაში 18 წელი გაატარა. 2019 წლის აგვისტოში კი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კომაში გაატარა.

 

“13 აგვისტოს, როცა სახლში მარტო ჩვენ ორნი ვიყავით, ისევ ისე, როგორც მაშინ, არც დედა და არც ბებო არ დამხვდნენ, უცნაურ ხმაზე შევედი ნუგზარის ოთახში.

 

იმ წამსვე მივხვდი, რაც ხდებოდა, თვალებით რაღაც უაზრო სივრცეს უყურებდა ზემოთ და უჩვეულო ხმას გამოსცემდა.

 

ჩემმა ყვირილმა მომიყვანა აზრზე – ნუ გეშინია აქ ვარ-მეთქი და ბოლოს ხელი დამიქნია. ჩემთვის ეს “არ მეშინიას” ნიშნავდა… მერე….

 

გამოვიქეცი, დედაჩემს ვეძებდი საშველად… დანარჩენი დღეები იყო კომა – ვუყურებდი როგორ მშვიდად ეძინა. არავინ შეუწუხებია. არც არაფერი მანიშნა, დაიძინა და წავიდა გიასთან და კიდე ბევრ თავისნაირთან აუღელვებლად, შიშის გარეშე…

 

მენატრები ჩემო უცნაურო, ყველასგან განსხვავებულო კაცო. გენიალურია ყველა შენი წერილი და საჩუქარი, დღეს უშენობაში მართლა განსაკუთრებული და უცნაურია ეს წერილები.

 

მეც სულ მახსოვხარ ჩემთვის გულში – შენსავით წელს პირველად იასამანი არავის მოუტანია” – წერს ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები