16:12 | 2020-05-14 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მემუქრებოდა გამოგათრევ მაქედანო, კართან წერილებს მიტოვებდა” – გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

“მემუქრებოდა გამოგათრევ მაქედანო, კართან წერილებს მიტოვებდა” – გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

მოქალაქე ზურა ჭილაძე სამოქალაქო აქტივისტს გიგა ნასარიძეს ბინის მისაკუთრებაში ადანაშაულებს.

 

ბინაში რომელიც ჭავჭავაძის 37 ბ ნომერში მდებარეობს ახლა სწორედ  გიგა ნასარიძე ცხოვრობს.

 

ზურა ჭილაძემ სასამართლოში იჩივლა და პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა გიგა ნასარიძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

 

„პრაიმტაიმი“ ზურა ჭილაძეს დაუკავშირდა.

 

– მოკლედ გეტყვით, სახლი არის ჩემს საკუთრებაში, რეესტრში მაქვს დარეგისტრირებული ეს ფართი და ნაციონალი ინტრიგანი უკანონოდ არის შესახლებული ჩემს სახლში.

 

ყურებით არის გამოსათრევი იქედან, მაგრამ ინტრიგანია და ისევ სასამართლო განჩინება სჭირდება, რომ გამოვიყვანო. საჩივარს საჩივარზე წერს. კორპუსი როცა აშენდა და დასრულდა ეს ნაციონალი შესახლდა იქ. პირველი ინსტანცია მოვიგე და ველოდები მეორე სასამართლო პროცესის დასრულებას.

 

ზურა ჭილაძესთან საუბრის შემდეგ, ჩვენ გიგა ნასარიძესაც დავუკავშირდით.

 

– გიგა, მოქალაქე ზურა ჭილაძე ამბობს, რომ მის სახლში უკანონოდ შესახლდით, რა მოხდა რეალურად?

 

– ეს ბინა დიდი ხნის წინ ვიყიდე, არანაირი პრეტენზია არავის არ ჰქონია, დიდხანს ვარემონტებდი და რაღაც მაქინაციებით სასამართლო მოიგო ამ პიროვნებამ, ახლა კიდევ მიმდინარეობს მეორე ინსტანცია. უკანონოდ როგორ ვიკავებ ბინას, რომელშიც ფული მაქვს გადახდილი და სასამართლო ამ დრომდე მიდის?

 

– ვისგან იყიდეთ ბინა და რა თანხა გადაიხადეთ?

 

– ნუგზარ ორდენიძისგან და ამხანაგობის თავმჯდომარისგან შევიძინე ეს ბინა. თუ სწორად მახსოვს 70 ათასი დოლარი გადავიხადე. დიდი ხანი ვერ ვარემონტებდი, კარიც კი არ ეკიდა აქ. არავინ არ გამოჩენილა და პრეტენზია არ ჰქონია, ხუთი წლის შემდეგ დავიწყე რემონტი, როგორც იქნა გადმოვედი და გამოჩნდა ეს კაცი.

 

არც ვიცნობ ამ ადამიანს, ერთხელ დამირეკა, მემუქრებოდა გამოგათრევ მაქედანო, ამის ჩანაწერიც მაქვს. წერილებს მიტოვებენ კართან, ახლა უნდა გამოსახლდე მაქედანო. სასამართლო რასაც გადაწყვეტს იმას გავაკეთებ. ერთმანეთში გაარკვიონ მაგან და ამხანაგობის თავმჯდომარემ ბინის ამბავი.

 

მე ვისგანაც შევიძინე ბინა, ამბობს, რომ ის  ადვოკატებმა მოატყუეს და ამ გზით ჩაიგდო იმ ადამიანმა ბინა ხელში.

 

გაზი გადააჭრევინა ჩემთვის, 6 თვე სიცივეში ვიყავი, წვრილმანი რაღაცეებით ცდილობს ჩემზე გავლენა მოახდინოს. მე შავი კარკასი ვიყიდე, სადარბაზოს რემონტიც გავაკეთე და აქეთ ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას, რაც სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.

 

დამიყადაღეს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვეღარ ვყიდი. რაღაცას ხლართავენ.

 

რეესტრში არც იძებნებოდა ეს ფართი, გეგმა შეიცვალა ამ კორპუსის და მე დავარეგისტრირე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

 

ამხანაგობის უფროსი ამბობს, რომ მოტყუებით ჩაიგდო ბინა ხელში ამ პიროვნებამ და თავადაც უჩივლა მან.

 

ახლა ხომ „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ხელისუფლებაში, იდეაშიც ვერ მოახდენს ზეწოლას სასამართლოზე და მე დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები