19:18 | 2020-06-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“მეყველე ანას” ქართულ ფერწერაში ყველი შემოაქვს – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პროექტის ექსკლუზივს გვიმხელს

“მეყველე ანას” ქართულ ფერწერაში ყველი შემოაქვს – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პროექტის ექსკლუზივს გვიმხელს

მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელსაც საზოგადოება “მეყველე ანას” სახელით იცნობს, პანდემიის დროს, ვიდეო-გაკვეთილის მეშვეობით ხატვა ისწავლა და აგერ უკვე რამდენიმე თვეა გაუჩერებლად ხატავს. დღეს პირველად დაჯდა ბუნებაში და პირდაპირ “გადახატა” პეიზაჟი. ხატავს – ფერმას, ყველს, ნატურმორტს… ვერ ვჩრედებიო, ამბობს. ახლა დუშეთშია, სოფელ ჩრდილელიანთკარში. ბაზალეთის ტბას გადაჰყურებს და ხატავს გუაშით და აკვარელით. “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინფორმაციას ამხელს, ყველის თემასთან დაკავშირებით პროექტს გეგმავს. 

 

Ana Mikadze-chikvaidze-ს ფოტო.

 

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: – მთელი პანდემიის დროს სახლიდან არ გავდიოდი, მთელი დღე ვხატავდი. ასამდე ნახატი მაქვს. ისე მიხარია ნახატს რომ მიქებენ… ჩემი ნახატი ტელეფონზე ავატარად დაიდეს, მითხრეს ვიყიდიო. ღმერთმა დამიფაროს ნახატები ვყიდო. საბოლოოდ ყველას გავაჩუქებ.

 

ქართული მხატვრობა გადავქექე და არავის არ უხატია ყველი, არსად ყველის ჭაჭანება არ არის. ფიროსმანი რომ ფიროსმანია, მის ნახატზეც მხოლოდ წერია “რძე და ყველი” და მორჩა. ამიტომ ახლა მე თქვენ სრულ ექსკლუზივს გეტყვით.

 

კულტურის პალატასთან და საქპატენტთან ერთად ვაკეთებ პროექტს. ჯერჯერობით მოლაპარაკების ფაზაში ვართ. იდეა ნინია ახვლედიანის პროექტიდან “მუზეუმი სახლში” წამოვიდა. მოკლედ, რომ აღმოვაჩინე ქართულ მხატვრობაში ყველი არ ჭაჭანებს, გადავწყვიტე რამდენიმე მხატვარი ვამოგზაურო – მესხეთში, თუშეთში, კახეთში, სამეგრელოსა და სვანეთში და ვხატოთ ქართული ყველი ქართულ პროდუქტებთან – თაფლთან, ღვინოსთან კომბინაციაში. ქვეყანას დარჩება ქართული ყველის თემა მხატვრობაში, მხატვრები მიიღებენ გარკვეულ გასამრჯელოს, ბოლოს კი გავაკეთებთ ნახატების აუქციონზე გამოფენა-გაყიდვას. შემოსული თანხით ერთ-ერთ ფერმერს ავუშენებთ საწარმოს, ვთქვათ, გალინა ინასარიძეს, საოცარი ქალია, რატომაც, არა?

 

Ana Mikadze-chikvaidze-ს ფოტო.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ქართულ ფერწერაში ყველი?

 

– დასახატად საინტერესო და ლამაზია დამბალხაჭო და ნარჩვი, რომელიც არ იყო ჩვენთან პოპულარული. პოპულარული იმერული ყველი კი თეთრი ბურთია და არ ხატავდნენ. მშვენიერი დასახატია ტენილი ყველიც, ძაფებით. მხატვრებს მეყველეების პორტრეტებსაც დავახატინებ.

მე შეჩვეული ვარ იდეების მოპარვას, თუმცა ამ პროექტის იდეა დაპატენტებულია და ვერავინ მოიპარავს.

 

Ana Mikadze-chikvaidze-ს ფოტო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები