fbpx
16:39 | 2020-10-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“მეგონა, ამ საუკუნეში ჩემი ადგილი აღარ იყო” – ლანა ღოღობერიძე 92 წლის გახდა

“მეგონა, ამ საუკუნეში ჩემი ადგილი აღარ იყო” – ლანა ღოღობერიძე 92 წლის გახდა

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დღეს 92 წლის გახდა. ფიზიკურად შესაშურ ფორმაშია. ცურავს, კვირაში ორი დღე კორტებზე დადის და ერთი საათის მანძილზე ჩოგბურთს თამაშობს. ხორცს ნაკლებად მიირთმევს, მისი კვების რაციონს, ძირითადად, ხილი და ბოსტნეული შეადგენს.

 

შარშან ახალი ფილმიც გადაიღო – “ოქროს ძაფის” პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, საკუთარი დაბადების დღე უყვარს. რეჟისორი ბოლო პერიოდის განსაკუთრებულ 13 ოქტომბერსაც იხსენებს.

 

ლანა ღოღობერიძე: – მიყვარს საკუთარი დაბადების დღე. აღნიშვნაც სასიამოვნოა, თუმცა დღეს შეზღუდულად მომიწევს.

 

გამორჩეული დაბადების დღეებიდან ახლა მახსენდება ორი წლის წინანდელი 13 ოქტომბერი, 90 წლის რომ გავხდი. ფრანკფურტში ჩემი წიგნის პრეზენტაზიაზე გახლდით და გერმანელებმა რესტორანში დიდი დაბადების დღე გადამიხადეს. ძალიან სასიამოვნო იყო.

 

იმავე წელს, ბორჯომში, ევროსაბჭოს ეგიდით გახლდით და შავნაბადას ბავშვთა გუნდმა “შენ ხარ ვენახი” და სხვა სიმღერები მიმღერეს.

 

2020-04-24"ლანა ღოღობერიძეს პირველად მოვუხდი საჯაროდ ბოდიშს" - მზია მაღლაკელიძე გულში ჩარჩენილი ხინჯისგან გათავისუფლდა

 

როგორც ინტერვიუებში ამბობს, ასაკზე არ ფიქრობს. ყოველდღიურობაში ჩაფლული ცხოვრობს და იღებს მას ისეთს, როგორიც არის.

 

“ასაკმა მოიტანა მეტი ფიქრი და სხვა ადამიანების გაგების უნარი. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ჯერ თვითდამკვიდრების სურვილი გაქვს, მერე გჯერა, რომ შეგიძლია ყველაფერი გაწირო და მერე კი ხვდები, რომ შენ ეს გჯერა, სხვას სხვა რამის სჯერა. სხვისი სიმართლის გაგების სურვილი თანდათან მოდის.

 

მახსოვს, ბავშვობაში 2000 წლის მოსვლას ველოდი და ვფიქრობდი, საუკუნე რომ გაივლის და ახალი საუკუნე დადგება, ეს სხვა ხალხის საუკუნე იქნებოდა. ამ საუკუნეში ჩემი თავი საერთოდ ვერ წარმომედგინა, დარდით კი არა, უბრალოდ მეგონა, აღარ იყო ჩემი ადგილი და ახლა აღმოჩნდა, რომ არის” – საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს რეჟისორი.

 

ასაკოვანმა რეჟისორმა “პრაიმტაიმთან” თავისი ასაკის საიდუმლოებაც გაამხილა.

 

2020-09-28"დიდება დედოფალს!" - დოკუმენტური ფილმი მსოფლიო დონის მოჭადრაკე ოთხეულზე

 

ლანა ღოღობერიძე: – სპორტი და სწორი და ცოტა კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ადამიანს ბევრად ნაკლები საკვები სჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეული. ბევრი ბოსტნეული და ხილი უნდა მიირთვათ. საერთოდ აღარ მიყვარს ხორცი. თითქმის არ ვჭამ, თითქმის.

 

ახალგაზრდობაში, 50-იან წლებში, მოთხილამურე და სწრაფად დაშვებაში საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. ხან პირველ ადგილზე გავდიოდი, ხან – მეორეზე. ჩემი ქმარი, ლადო მესხიშვილი საქართველოში ამ სპორტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ერთად ავდიოდით ბაკურიანში და კოხტა გორადან ვეშვებოდით… ჩემთვის თხილამურებზე სრიალი, ჩოგბურთი და ცურვა მნიშვნელოვანი სპორტის სახეობებია. ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავდი. მე და ლადო ერთად ძალიან შორს მივცურავდით. მიყვარს ცურვა.

 

ბევრი წელია ჩოგბურთს სულ ერთ პარტნიორთან ერთად ვთამაშობ. ტრენერი ადა პოღოსიანი ჩემი სპარინგ-პარტნიორია. ძალიან კომფორტულია მასთან ერთად თამაში, თან რომ ვიცი, კვირაში ორჯერ ერთი საათით უნდა ვეთამაშოზოგადად, ჩემთვის ჩოგბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ელეგენატურობის და კეთილშობილების არენაა.

 

ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X