16:39 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

MediaChecker: მსგავსი დამოკიდებულება საშიშია და გამოხატვის კუთხით არსებულ მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს

MediaChecker: მსგავსი დამოკიდებულება საშიშია და გამოხატვის კუთხით არსებულ მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს

„ჟურნალისტებზე [წამყვანებზე] თავდასხმა პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული და არასასურველი კითხვების პასუხად, ბოლო პერიოდში, ერთგვარ, მავნე პრაქტიკად იქცა. ამას თან სდევს ჟურნალისტების ვინმესთან აფილაციაში დადანაშაულებაც“ – წერს mediachecker „ღამის კურიერში“ ნიკა მელიას ინტერვიუს შესახებ.

 

„ასეთი პრაქტიკის ბოლო თვალსაჩინო მაგალითი 5 თებერვალს, “რუსთვი 2-ის” ეთერში ვიხილეთ, გადაცემა “ღამის კურიერში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სტუმრობისას.

 

ამავე თემაზე: 

 

რატომ დაუპირისპირდა ნიკა მელია ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში?

 

„მელიასადმი ჩემი სიმპატიის მიუხედავად, მეტი თავშეკავება გვმართებს“ – თაკო ჩარკვიანის თქმით, მედიასთან დაპირისპირება საშიში პროცესია

 

“ქართული ოცნების” პროპაგანდაში ზიხართ; მოწყვეტილი ხართ რეალობას; თქვენს არაადეკვატურობაზე მეშლება ნერვები; მოგიწოდებთ გამოფხიზლებისკენ; თქვენ ხართ ძალიან მიკერძოებული”, – მსგავსი ტექსტებით მიმართავდა ნიკა მელია ტოქშოუს წამყვანს, ირაკლი იმნაიშვილს, როდესაც ამ უკანასკნელმა სტუმარს მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება შეახსენა და საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International-ის” კრიტიკული დასკვნა დაიმოწმა.

 

დასმული შეკითხვით უკმაყოფილო სტუმარმა წამყვანს პირდაპირ უთხრა, რომ როდესაც “ცხვირწინ [ამდენი] დანაშაულები გვაქვს” 2021 წელს “2005 წლის საქმეებზე” საუბარი სწორი არ არის და გასული წლების ვითარების ახლა განხილვა “არარელევანტურია”. მანვე წამყვანს მოუწოდა, რომ იგი “ოლიგარქს უნდა გმობდეს” და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება უნდა უხაროდეს, პარალელურად კი – ქვეყნის სათავეში “არამზადების” მოსვლაზე “გული უნდა სწყდებოდეს”.

 

“არ გამოგივათ ქართული ოცნების საქმის კეთება… თქვენ, ახლა, პირმოცინარი აკეთებთ ქართული ოცნების საქმეს, მაგრამ ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ… პირადად თქვენ დგახართ ბიძინა ივანიშვლის გვერდით… თქვენ, როგორც საუბრობთ, პირდაპირ გეუბნებით, რომ არაფერი გეტყობათ იმ მოქალაქის, რომელიც გულშეწუხებულია არსებულ ყოფაზე”, – უთხრა მან წამყვანს. სტუმარმა წამყვანს გადაცემაში დასმული აქცენტები არაერთგზის დაუწუნა, წარსულზე დიდი დოზით ყურადღების გამახვილებისთვისაც არაერთხელ გააკრიტიკა და უთხრა, რომ “მაღალი ხელფასი ყველაფრის კადრების უფლებასა და შესაძლებლობას” არ უნდა აძლევდეს, რადგანაც ეს “უხერხულია”.

 

სტუმარი არც წამყვანის პირად სივრცეში შეჭრას მოერიდა და უთხრა – “თქვენ ასე ვერ იჭიკჭიკებდით, რომ არ გქონდეთ მაღალი ხელფასი, რომ არ გქონდეთ სოციალური გარანტიები, რომ არ გქონდეთ თავი ქუდში და რომ არ გეშინოდეთ საკუთარი ოჯახისა და [საკუთარი] თავის მატერიალური კეთილდღეობის”.

 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე არაკორექტულ შეფასებებში კიდევ უფრო შორს წავიდა და გადაცემის წამყვანს “დავარცხნილ-დაქარგული” შალვა რამიშვილი უწოდა და იქვე დაამატა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “უფრო დასაფასებელია” ვიდრე იგი.

 

შეკითხვებით გაღიზიანებულმა სტუმარმა წამყვანის “ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებებზეც მიუთითა, მას მოქალაქეობრივი ვალდებულების მეტად გამოჩენისკენ მოუწოდა, იქვე დაამატა, რომ იგი “უნამუსობისთვის თვალებში ჩასახედად” მზად არ იყო და ინტერვიუს შეწყვეტა მოითხოვა.

 

5 თებერვლის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ჟურნალისტს/წამყვანს, რესპონდენტი ამგვარად ესხმის თავს. “მედიაჩეკერის” არქივი ასეთ არაერთ შემთხვევას ინახავს.

 

ყველა ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ხაზგასმით ამბობენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება საშიშია და ეს პრაქტიკა ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის კუთხით არსებულ მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს“, – ნათქვამია mediachecker-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ავტორი: Prime Time

X