fbpx
12:36 | 2020-03-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე რომ ახლა გარეთ გავიდე, პირდაპირ სიკვდილის კანდიდატი ვარ” – 90 წლის თამარ სხირტლაძემ თვითიზოლაცია მოიწყო

“მე რომ ახლა გარეთ გავიდე, პირდაპირ სიკვდილის კანდიდატი ვარ” – 90 წლის თამარ სხირტლაძემ თვითიზოლაცია მოიწყო

90 წლის თამარ სხირტლაძე თვითიზოლაციაშია, რომელიც თავად მოიწყო. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, შვილიშვილებსაც არ იღებს სტუმრად, მხოლოდ მომვლელ ქალს უშვებს სახლში.

 

ჩვენმა ზარმა ძალიან გაახარა, დიდი ხანია არავის გავხსენებივარო. ამ ასაკში როლიც აქვს, თუმცა ჯერჯერობით, არსებული მდგომარეობის გამო, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიც გაჩერებულია. ეკრანზე კი ბოლოს “ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა, დუდუს დედის როლში.

 

 

თამარ სხირტლაძე: – სახლში ვარ, გარეთ არ გავდივარ. აქამდე არავის დაურეკავს და აბსოლუტურად მოწყვეტილი ვარ ცას და ქვეყანას. გარეთ გასვლა ახლა ჩემთვის საშიშია. ფილტვების ქრონიკული ავადმყოფობა მაწუხებს. მწეველი გახლდით და ახლა სუნთქვა მიჭირს ხოლმე. ჟანგბადის ბალიშებით ვსუნთქავ, ისე ძალიან მიჭირს. 36 და 8 გრადუსზე უკვე ვეღარ ვსუნთქავ. მე რომ ახლა გარეთ გავიდე, პირდაპირ სიკვდილის კანდიდატი ვარ.

 

 სტუმრების მიღებასაც ერიდებით, ალბათ ასეთ სიტუაციაში.

 

– არავინ არ დადის ჩემთან. შვილიშვილები პროდუქტებს შემომიგზავნიან, არ შემოდიან, არ მინდა, ოთხ-ოთხი შვილი ჰყავთ სახლში. მომვლელი ქალი დადის მხოლოდ, დასპირტული შემოდის. რა ვქნა, არავის უთქვამს, მაგრამ თვითიზოლაციაში ჩემით მოვექეცი.

 

და განწყობა როგორი გაქვთ?

 

– მეშინია, რაც შემიძლია ვლოცულობ. ვლოცულობ, რომ არავინ გარდაიცვალოს, არაფერი მოუვიდეს. მხოლოდ ჩემს შვილიშვილებზე კი არა, მთელ საქართველოზე ვდარდობ. ეგ კი არა, ასეთ სიტუაციაში, მავთულხლართები მაინც გახსნან ამ ურჯულოებმა. იქნებ როგორ უჭირთ ადამიანებს ამ საზღვრებზე გადასვლა, ან გადმოსვლა… ყველაფერზე მეფიქრება. როლიც მაქვს, მაგრამ როდის ვითამაშებთ, არ ვიცი. მადლობა, გენაცვალე, ყურადღებისთვის.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X