22:52 | 2021-04-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს! – მსხვილ კომპანიებში 400-მდე ვაკანსიაა

მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს! – მსხვილ კომპანიებში 400-მდე ვაკანსიაა

დღეს, 16 აპრილს ბათუმში, პიაცას მოედანზე დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უმასპინძლა. ფორუმის მიზანი იყო, სამუშაოს მაძიებლებისთვის ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ხოლო დამსაქმებლებისთვის – სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

 

ამასთან დაკავშირებით “პრაიმტაიმს” სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური ესაუბრა, ფორუმში 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი 400-მდე აქტიური ვაკანსიით მონაწილეობდა. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა. საუბარია მსხვილ სასტუმროებზე, მათ შორის, „ოაზისზე“, „შერატონზე“, „ჰილტონზე“.

 

„ფორუმზე გურიის და აჭარის რეგიონებიდან იყვნენ დამსაქმებლები, ამიტომ, შეტყობინებები ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გურიის რეგიონშიც დავაგზავნეთ. დღევანდელ ღონისძიებას 300-ზე მეტი დასაქმების მაძიებელი ესწრებოდა. დასაქმების სფეროა: სარესტორნო, სასტუმრო და ასევე, პროფესიული გადამზადების ცენტრები.

 

გვაქვს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, სადაც დარეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლები. ჩვენ ვახდენთ მათ პროფილირებას და შეფასებას განათლების, გამოცდილების მიხედვით და იმის გათვალისწინებითაც, თუ რომელ სფეროში სურთ დასაქმება. ამდენად, როდესაც სააგენტოში ვაკანსია შემოდის, შეტყობინებებს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ვგზავნით სამუშაოს მაძიებლებთან.

 

ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ, მაქსიმალურად მისადაგებულ აუდიტორიას გავუგზავნოთ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. თავად ფორუმს აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაწილეობით ვახორციელებთ, მათაც აქვთ სამუშაოს მაძიებლების ბაზა, თუმცა ჩვენს ბაზაში დარეგისტრირება ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი პირობა – ფორუმზე მოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.

 

გვსურს, მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეს კარგი შესაძლებლობა. მოვიდნენ, დაინტერესდნენ ვაკანსიებით და თუ ორივე მხარის თანხმობა იქნება, დასაქმდნენ წარმატებით“ – ამბობს ველთაური.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X