fbpx
18:40 | 2020-04-27 ავტორი: Prime Time

მატა ჰარი – საერთაშორისო ჯაშუში, თუ მაცდუნებელი კურტიზანი

მატა ჰარი – საერთაშორისო ჯაშუში, თუ მაცდუნებელი კურტიზანი

თავის დროზე მატა ჰარი ყველაზე ლამაზ და მაცდუნებელ ქალად იყო აღიარებული მსოფლიოში. მისი „სიყვარულის ცეკვის” სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასეულობით მამაკაცი ჩადიოდა.

 

მისი გულისთვის რას არ აკეთებდნენ. უამრავი საყვარელი ჰყავდა-პოლიტიკოსები, გამოჩენილი ადამიანები…

 

მისი ნამდვილი სახელი მარგარეტ გერტრუდ ზელე მაკლეონია.

 

მატა ჰარი თვითონ შეირქვა. მალაიელები მატა ჰარის მზეს ეძახდნენ, სიტყვა სიტყვით ეს სახელი დღის სინათლეს ნიშნავს.

 

მატა ჰარი საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით 1917 წელს დააპატიმრა.

 

სასამართლოს პროცესზე „უდიდესი ჯაშუში ქალი” უწოდეს.

 

იმასაც ამბობენ, რომ არც ისე ნიჭიერი ჯაშუში იყო, მაგრამ ცეკვისა და მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭების ხელოვნებაში ვერავინ შეედრებოდა.

 

მამიკოს გოგონა

 

მარგარეტ გერტრუდ ზელე 1876 წელს ჰოლანდიაში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი გოგონა იყო. ოთხი ძმა ჰყავდა. სახლში სიყვარულით მარგარეტს ეძახდნენ.

ქერათმიანი, ფერმკრთალი და ცისფერთვალა ადამიანებით დასახლებულ ჰოლანდიაში მშვენიერი მარგარეტი შავი თმით, შავი თვალებითა და ზეთისხილის ფერი კანით გამოირჩეოდა.

 

ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად აცმევდნენ, სკოლაში თავის წარმოშობაზე ისტორიებს ჰყვებოდა-თითქოს წარჩინებული იყო და ციხე-კოშკში ცხოვრობდა.

 

მასწავლებლებსაც ძალიან უყვარდათ. ნიჭიერი გოგონა განსაკუთრებით კარგად ენებს სწავლობდა.

 

მარგარეტი 13 წლის იყო, როდესაც მამამისი გაკოტრდა. ავეჯი გაყიდეს და ქალაქის საუკეთესო უბანში მდგარი მშვენიერი დიდი სახლიდან გარეუბანში, პატარა, ბნელ სახლში გადავიდნენ.

 

მამა ამსტერდამში წავიდა ბედის საძებნელად, ბავშვები მოსავლელად ცოლს დაუტოვა. ქალმა ამ ტვირთს ვერ გაუძლო, ღრმა დეპრესიამ შეიპყრო და მალე დაავადმყოფდა.

 

15 წლის მარგარეტს დედა გარდაეცვალა. დასაფლავებაზე ჩასულმა ადამმა ბავშვები ნათესავების ოჯახებში გადაანაწილა. მარგარეტი პატარა ქალაქში, ნათლიასთან მოხვდა.

 

ბიძამ ბაღის მასწავლებელმა, სკოლაში შესვლა ურჩია. იქ ერთ მასწავლებელს ქალიშვილი უსაზღვროდ შეუყვარდა.

 

ამ რომანმა სკანდალი გამოიწვია და მარგარეტი აიძულეს სკოლიდან წასულიყო. ბიძასთან, ჰააგაში გაიქცა.

გათხოვება საქორწინო განცხადებით

მარგარეტს მიაჩნდა, რომ გათხოვებაში ხელს 2 მიზეზი უშლიდა: ერთი ის, რომ ძალზე მაღალი იყო და მეორე – პატარა მკერდი ჰქონდა.

 

მშვენიერი ეგზოტიკური მარგარეტი ბევრს მოსწონდა, იგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბედს გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება გადაწყვეტდა.

 

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჰოლანდიის არმიის ოფიცერი ცოლს ეძებდა. ეს განცხადება მისი მომავალი ქმრის, რუდოლფ მაკლეოდის, მეგობარს გამოუქვეყნებია, რის შესახებაც მაკლეოდმა არაფერი იცოდა.

 

38 წლის ჩაფსკვნილი მაკლეოდი ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურებოდა, დიდი ცხვირი და თეთრი ბაკენბარდები ჰქონდა.

 

ბევრს სვამდა, დიაბეტი და არტრიტი აწუხებდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება მას არ გაუკეთებია, შეხვდა იმ ლედის. რომელიც განცხადებას გამოეხმაურა…

 

რუდოლფის სამხედრო ტანსაცმელმა მედლების წყებამ მარგარეტი მოხიბლა. ჯვრისწერიდან 5 თვეში ვაჟი შეეძინათ. რუდოლფი არ შეცვლილა სვამდა და არც ქალებს იკლებდა. ცოლზე სასტიკად ეჭვიანობდა. ორსულობის დროსაც კი სცემდა.

მალე საცხოვრებლად კუნძულ იავაზე გადავიდნენ. მარგარეტს გარემოს შეცვლა გაუხარდა. სხვა ოფიცრის ცოლების მსგავსად, იქაური ეროვნული ტანსაცმლით-სარონგით-დადიოდა.

 

რუდოლფი უწინდებურად სასტიკად ეჭვიანობდა ცოლზე, იქაური ქალები სახლშიც კი მიჰყავდა. ცოლს ეუბნებოდა, ეს ადგილობრივი ჩვეულებაა და უნდა აიტანოო.

 

მეორე ბავშვზე ორსულობისას მარგარეტს დეპრესია დაემართა. ქმარი სახლიდან გარეთ არ უშვებდა, მალაიური ენის შესწავლა აუკრძალა.

მათ ცხოვრებაში არც მეორე შვილის დაბადებას შეუცვლია რამე, რუდოლფი განაწყენებული იყო, მეორეც ვაჟი რომ არ შეეძინათ.გოგონას დის სახელი დაარქვა, მაგრამ მალაიურ სახელს, ნონს ეძახდნენ.

 

რუდოლფი დააწინაურეს, იგი გარნიზონის მეთაური გახდა და ოჯახი უკეთეს სახლში გადავიდა.

 

რუდოლფი ცოლით ამაყობდა, რადგან მარგარეტმა მის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

ეს იდილია მალე დასრულდა. ღამით ორივე ბავშვი მოულოდნელად გაუხდათ ავად, ექიმის მოსვლამდე ვაჟი გარდაიცვალა, გოგონა გადაარჩინეს.

 

ბავშვები მოწამლულები აღმოჩნდნენ, მაგრამ ვერასოდეს გაირკვა, ვინ ჩაიდინა ეს. ვარაუდობდნენ, რომ რუდოლფის რომელიმე მსახურმა ქალმა, რომელიც მისი საყვარელი იყო.

დიდი ტრაგედია

მარგარეტი საათობით ხმას არ იღებდა, რუდოლფი ბევრს სვამდა და სახლში წინ და უკან უაზროდ, შეუჩერებლად დადიოდა, თან მარგარეტს ადანაშაულებდა შვილის სიკვდილში.

 

მარგარეტმა შვება ინდუისტური წმინდა ტექსტების კითხვაში ჰპოვა. ერთხელ ტიფი შეეყარა. ციებ-ცხელებისას ამბობდა, ინდუიზმის ღვთაების დანახვა შემიძლიაო.

 

ქმარი მის ავადმყოფობაზე ჯავრობდა, ძალიან ძვირი მიჯდება მისთვის დღეში 5 ბოთლი რძის ყიდვაო. გულნატკენმა ქალმა მამას ევროპაში წერილი გაუგზავნა, ფულს სთხოვდა უკან დასაბრუნებლად.

 

ასაკოვანმა რუდოლფმა თვითონ გადაწყვიტა ჰოლანდიაში დაბრუნება. მაშინ ქალისთვის ქმართან გაყრა შეუფერებელ საქციელად მიიჩნეოდა, მაგრამ მარგარეტმა ამსტერდამის ტრიბუნალში განცხადება მაინც შეიტანა და პროცესი მოიგო.

 

რუდოლფს დედისთვის ბავშვის დაბრუნება და ყოველთვიურად 100 გულდენის გადახდა დააკისრა.

 

მარგარეტმა სამსახური ვერ იშოვა. იძულებული გახდა შვილი ყოფილი ქმრისთვის დაებრუნებინა.

 

თვითონ კი სამოწყალოდ ცხოვრობდა. ბოლოს ფული შეაგროვა და პარიზში ჩავიდა.

 

მატა ჰარის დაბადება

მარგარეტმა პარიზში ახალი ცხოვრება დაიწყო, სახელი შეიცვალა და მაია ჰარიდ იქცა. მისი, როგორც ეგზოტიკური მოცეკვავის დებიუტი აღმოსავლეთმცოდნეობის მუზეუმში შედგა 1905 წლის 13 მარტს.

 

სცენაზე ბივას დიდი ქანდაკების ფეხებთან ცეცხლი ენთო. მატა ჰარი მუზეუმის კოლექციის ტანსაცმლით იყო შემოსილი, ოთხ მოცეკვავესთან ერთად ცეკვავდა.

 

ბოლოს ტანსაცმელს იხდიდა. ეს უჩვეულო სანახაობა – სტრიპტიზი – მან ხელოვნებად აქცია. ევროპის სხვადასხვა ქალაქში დიდი წარმატებით გამოდიოდა.

 

სამოსს ყოველთვის იხდიდა, მაგრამ სრულიად შიშველი არავის უნახავს. მკერდს ყოველთვის იფარავდა.

მან საკუთარ წარსულზე უარი თქვა და ახალი ბიოგრაფია შეთხზა. ღიზიანდებოდა, როდესაც გაღატაკებულ ჰოლანდიელ ქალად იხსენიებდნენ და ყველას უამბობდა, რომ იგი ინდოეთში, ბრაჰმანის ოჯახში დაიბადა.

 

მისი დედა-ტაძრის მოცეკვავე-მშობიარობისას გარდაიცვალა. რომ ღვთაება შივას ტაძარში გაიზარდა და მას ემსახურებოდა.

 

მანამდე ევროპული საზოგადოება ინდურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურას არ აღიარებდა, მაგრამ მისი ეგზოტიკური ბიოგრაფია და რიტუალური ცეკვით აღფრთოვანდა.

 

მართალია, მისი ბიოგრაფია შეთხზული იყო, მაგრამ ხელოვნების სფეროში მაყურებლის მოსაზიდად საინტერესო ისტორიების მოგონება იმ დროს უჩვეულო სულაც არ ყოფილა.

 

მდიდარმა მეწარმემ ემილ გუიმემ აღმოსავლეთმცოდნეობის მუზეუმის ზედა სართული მისი წარმოდგენების ოთახად აქცია.

 

შივას დიდ ქანდაკებასთან ერთად იქ ჯუნგლების გარემოც შექმნა. 1905-1912 წლებში მატა ჰარი სენსაცია იყო. მაგრამ მოცეკვავის სასცენო ცხოვრება არც ისე ხანგრძლივია და არც მატა ჰარი აღმოჩნდა გამონაკლისი.

კურტიზანი ქალი

კარიერა 30 წლისამ დაიწყო, 40-ისა გასუქდა, მისი ბევრი იმიტატორი გაცილებით ახალგაზრდა იყო და ზოგი უკეთაც ცეკვავდა. ცნობილი მოცეკვავე კურტიზან ქალად იქცა.

 

უჩვეულო, ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ მამაკაცებთან, რომლებიც არჩენდნენ. მამაკაცებისთვის სიამოვნების მინიჭების ხელოვნებაში ძალზე დახელოვნებული იყო.

 

ამბობენ, რომ ინტიმურ გარემოებებშიც კი სრულიად შიშველი არავის ჩვენებია.

 

… ქალიშვილთან, ნონთან, ურთიერთობის აღდგენა ცადა. ყოფილი ქმარი გაუხსნელ წერილებს უკან უბრუნებდა. რუდოლფმა გოგონას ჩვენებაზე მატას უარი განუცხადა და მისი ერთადერთი მიზანი ნონის მოტაცება გახდა.

 

მაშინ გოგონა 13 წლის იყო. ეს საქმე მისმა მსახურმა და უახლოესმა მეგობარმა, ანა ლინტენსმა, ითავა. იმ დროის მორალის მიხედვით, ორივეს „დაცემულ ქალებს“ ეძახდნენ.

 

ანა მატა ჰარის დავალებით იმ ქალაქში გაემგზავრა, სადაც რუდოლფი და ნონი ცხოვრობდნენ. გოგონას სკოლასთან დაუდარაჯდა. ნონის მოტაცების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან რუდოლფი სკოლაში მის გამოსაყვანად მივიდა. ანა მის მოტყუებას შეეცადა, უთხრა, გოგონასთვის საჩუქარი მაქვს პარიზიდანო, მაგრამ გამძვინვარებულმა რუდოლფმა დალაპარაკების საშუალებაც კი არ მისცა.

1914 წელს მატა ჰარი გერმანიის მიუზიკ-ჰოლში გამოვიდა. წარმოდგენაზე მივიდა ბერლინის პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც მისი შესრულებით მოიხიბლა.

 

ამის შემდეგ, ოფიცრის უფროსი, ტრაგოტ ფონ იაგოვიც, მატა ჰარის საყვარელი გახდა.

 

ზოგიერთი მონაცემით, იაგოვი გერმანულ დაზვერვაში მუშაობდა და მან მატა ჰარის დავალება მისცა, გერმანული დაზვერვისთვის საფრანგეთში ცნობები შეეგროვებინა.

ჯაშუში

მატა ჰარის ზოგიერთი ბიოგრაფი, კერძოდ, ერიკ ოსტროვსკი, ირწმუნება, რომ მან ანტვერპენში გერმანულ „ჯაშუშთა სკოლაში“ მიიღო განათლება.

 

მატა ჰარის 14 კვირაში კოდები, შიფრები, რუკები, ფოტოგრაფირება შეასწავლეს და კოდური სახელი H-21 უწოდეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მატა ჰარი არასდროს ყოფილა იმ სახელგანთქმულ გერმანულ სკოლაში.

 

იგი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ ჯაშუში არ იყო. 1914 წელს, ომის დაწყებიდან 2 დღეში, გერმანია სასწრაფოდ დატოვა, ამბობდა, პოლიცია უცხოელებს მკაცრად ექცევაო.

 

პარიზიდან ხშირად დადიოდა სხვადასხვა ქალაქში. მას გერმანელი საყვარელი ჰყავდა და ამიტო გაჩნდა ეჭვი, რომ ჟაშუშობდა.

უკანასკნელი სიყვარული

რომანტიკულ პარიზში მატა ჰარიმ გაიცნო მამაკაცი, რომელიც უსაზღვროდ შეუყვარდა. ეს რუსი ოფიცერი ვლადიმირ მასლოვი იყო, მას ვადიმს ეძახდნენ.

ვადიმი მხოლოდ 21 წლის იყო, მატა-40-ის. შავგვრემან, გრძელცხვირა ვადიმთან რომანი 8 თვე გაგრძელდა. მათი სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ შეწყდა, როდესაც მასლოვს უკან, ფრონტზე დაბრუნება უბრძანეს. იგი დაჭრეს და ცალი თვალით დაბრმავდა.

 

ვადიმს მეორე თვალშიც ეკარგებოდა თვალის ჩინი და მატა ჰარიმ გადაწყვიტა, მის სამკურნალოდ ფული ეშოვა.

 

საომარ ზონაში შესასვლელად ჯორჯ ლადუქსს დაუკავშირდა. ფრანგული კონტრდაზვერვის ორგანიზატორს. ჯაშუშობა სახიფათო იყო, მაგრამ მას ფული არ ჰქონდა, ისე ვეღარ ცხოვრობდა, როგორც მიჩვეული იყო და გადაწყვიტა, შეთავაზებაზე დათანხმებულიყო.

 

ლადუქსმა გეგმა შეუდგინა-იგი ბრიუსელში ყოფილ საყვარელს უნდა დაკავშირებოდა, რომელიც გერმანიის არმიას საკვებს აწვდიდა.

 

პირველივე დავალების შესრულებისას ინგლისის დაზვერვამ დააპატიმრა, იგი სხვა ჯაშუშ ქალში შეეშალათ, რომელსაც იმ ხანად ეძებდნენ, ზოგი მონაცემით, მან გაჭირვებით ჩააღწია ესპანეთში და რომანი გააჩაღა გერმანელ მაიორთან.

სექსსიმობოლოს სასამართლო

1917 წლის 13 თებერვალს ფრანგებმა მატა ჰარი ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს.

 

სასამართლოს დაწყებამდე ლაზაროს ციხეში ჩასვეს. ცალკე კამერაში იჯდა, რადგან სხვა პატიმრები, როგორც გერმანელთა ჯაშუშს, თვითონვე უპირებდნენ გასამართლებას.

 

მას მხოლოდ 74 წლის მოსამართლე ედუარდ კლინე ნახულობდა.იგი ერთ დროს მისი საყვარელი იყო და მისდამი ნაზი გრძნობები შენარჩუნებული ჰქონდა.

 

რამდენიმე თვის განმავლობაში მატა ჰარის დაპატიმრების ამბავი საიდუმლოდ ინახებოდა, მხოლოდ მართმსაჯულების სასახლეში პროცესის დაწყების წინ გამოაცხადეს. იმ დროს ყველაზე ცნობილი სექსსიმბოლოს სანახავად სასამართლოს უამრავი ხალხი მიაწყდა.

 

პროცესზე ცისფერი კაბით, ქუდითა და ხელთათმანებით გამოცხადდა. ჯერ დახურული პროცესის ჩატარება სურდათ, რათა სახელმწიფოს საიდუმლოებები არ გამჟღავნებულიყო. ეს არ მოხერხდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, სიკვდილი მიუსაჯა.

 

მატა ჰარი განაჩენმა შოკში ჩააგდო.

 

1917 წლის 15 ოქტომბრის დილით დასაჯეს. ძლივს გააღვიძეს-ექიმს სიკვდილით დასჯის წინ ღამეს დამამშვიდებელი წამალი დიდი დოზით მიუცია.

სიკვდილით დასჯა

ბოლო წუთებში პატიმარს ორმა მონაზონმა მიაკითხა, ცდილობდნენ სიკვდილის წინ ენუგეშებინათ. „ნუ გეშინიათ, მე ვიცი, როგორ უნდა მოვკვდე“,- ამაყად უთხრა მატა ჰარიმ მონაზვნებს.

ასეც მოხდა. არ ისურვა წესისამებრ მისთვის თვალები აეხვიათ. იგი პირდაპირ უყურებდა მისკენ მიშვერილ 12 შაშხანას, ჯარისკაცებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

 

მისი ცხედარი არავის მოუთხოვია. ამიტომ იგი სამედიცინო სკოლაში გადაიტანეს, რათა სტუდენტებს გამოეყენებინათ.

 

სიკვდილით დასჯიდან ერთ წელიწადში მოცეკვავე, კურტიზანი ქალი და შემდეგ ჯაშუშად ქცეული მატა ჰარი ლეგენდად იქცა.

 

სხვადასხვა დროს გადაღებულ ფილმებში მას გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი, სილვია კრისტელი და ჟანა მორო განასახიერებდნენ.

 

როგორც ჯაშუშს, ძალზე ხანმოკლე კარიერა ჰქონდა. დღემდე სადავოა ის ფაქტი, იყო თუ არა იგი ორმაგი აგენტი.

 

ფაქტია, რომ გერმანელი საყვარლებისგან ბევრ ფულს იღებდა, მაგრამ ირწმუნებოდა, ამას როგორც საყვარელს ისე მიხდიდნენო. ბევრს მიაჩნია რომ გერმანელთა აგენტობა უსამართლოდ დასდეს ბრალად.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X