23:20 | 2020-03-18 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს ონლაინ გაკვეთილს კარანტინიდან უტარებენ

მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს ონლაინ გაკვეთილს კარანტინიდან უტარებენ

14 მარტს ესპანეთიდან დაბრუნებული მგზავრები აეროპორტიდან ბათუმის სასტუმროში, კარანტინში გადაიყვანეს. მათ შორის თბილისის „აია-ჯესს“-ის სკოლის სამი პედაგოგიც გახლდათ. ზუსტად ორ დღეში სკოლამ დისტანციური სწავლება დაიწყო. მასწავლებლებმა კარანტინის პირობებში მაინც მოახერხეს, რომ მათი პატარა მოსწავლეებისთვის იმედები არ გაეცრუებინათ და ინგლისურის ონლაინ გაკვეთილზე მათ ისევ ნინო მასწავლებელი ენახათ.

 

ნინო ფაცაცია:

 

„უკვე მესამე წელია, მარტის არდადეგებზე სამი პედადგი ქვეყნიდან გავდივართ სამოგზაუროდ. პირველ წელს თურქეთში ვიყავით, შარშან – ვენაში, წელს კი ესპანეთში მოგზაურობა დავგეგმეთ. 9 მარტს წავედით და 14-ში დავბრუნდით. გამგზავრებისას ესპანეთი საშიში ქვეყნების სიაში არ იყო. იქ ყოფნისას კი ისე გართულდა ვითარება, რომ აშკარა იყო, სამშობლოში კარანტინის გავლა მოგვიწევდა. თვითმფრინავის დაახლოებით 60% იყო დაკავებული და არავის გამოუთქვამს ამის გამო პრეტენზია. ყველა მორჩილად ჩავსხედით ავტობუსში, სადაც დაგვახვედრეს საკმაოდ გემრიელი საგზალი და წამოგვიყვანეს ბათუმში, სასტუმროში განგვათავსეს, სადაც დაგვხვდა სასტუმროს მეპატრონე, რომელმაც გვითხრა, რომ თავი დამსვენებლებივით უნდა გვეგრძნო. ძალიან კარგი პერსონალი მუშაობს, ძალიან ყურადღებიანები არიან და ჩვენს არცერთ თხოვნას უყურადღებოდ არ ტოვებენ. პედაგოგი ვარ და გადავწყვიტე, ონლაინგაკვეთილები ჩამეტარებინა ბავშვებისთვის. საამისოდ მჭირდებოდა მასალა, რომელიც გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარებოდა. სასტუმროს პერსონალს ვთხოვეთ და ფურცლებზე ამოპგვიბეჭდეს ყველა საჭირო მასალა.

 

ახლა დღეში 5 გაკვეთილს ვატარებ კარანტინიდან. დილით 10 საათზე ვიწყებ და 3 საათისთვის ვამთავრებ. ბავშვები დროულად ცხადდებიან გაკვეთილებზე და მგონი კმაყოფილებიც არიან“.

 

 

ნინო ჭანია:

 

„აქ ყველას ჩვენი ოთახი გვაქვს და გაკვეთილების ჩატარებაში ხელსაც არავინ გვიშლის. ამიტომ უქმად ჯდომას ჯობდა, რომ ბავშვებზე მეზრუნა და ჩავები ონლაინ გაკვეთილებში. მოვიძიეთ საჭირო ფაილები, სასტუმროს პერსონალი დაგვეხმარა ამობეჭდვაში და დავიწყეთ მეცადინეობა. სხვათა შორის, ორშაბათს პირველი ჩართვა რომ გვქონდა, მეგონა, გაუმართავი იქნებოდა პროგრამა და ვერ მოვახერხებდი, მაგრამ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ბავშვებიც არ აცდენენ, ესწრებიან, მოსწონთ განსხვავებულ გარემოში რომ უტარდებათ გაკვეთილები.

 

რაც შეეხება ჩვენს აქ ყოფნას, საოცარი ყურადღების ქვეშ ვართ როგორც სახელმწიფოს, ისე სასტუმროს მხრიდან და არ შემიძლია არ აღვნიშნო მოხალისეები, სტუდენტი გოგო-ბიჭები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი სურვილი შეგვისრულონ. რადგან ჩვენ სამი მასწავლებელი ესპანეთშიც ერთად ვიყავით, აქაც გვრთავენ ნებას, რომ გარკვეული დრო ერთმანეთთან გავატაროთ და გაკვეთილებთან დაკავშირებით ერთმანეთს აზრი გავუზიაროთ.

 

იმედია, ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი და მშვიდობიანად დავუბრუნდებით ოჯახებს“.

 

ცნობისთვის, აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა დღეს შეიტყვეს, რომ მათი მასწავლებლები გაკვეთილებს კარანტინიდან ატარებენ. ადვილი წარმოსადგენია რამდენ უცნაურ კითხვაზე მოუხდებათ მათ პასუხის გაცემა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები