13:22 | 2020-03-27 ავტორი: თამთა თორდია

მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

 

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი ”წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

 

პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი აქტივობა ბიზნესთან ერთად. მათ მოჰქონდათ საკვები პროდუქტები ბელიაშვილის #5-ში, სადაც ჩვენ სპორტული დარბაზი გადავაკეთეთ მიმღებ პუნქტად. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამით ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ”წითელი ჯვრის“ მიერ შედგენილია საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნუსხა, ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის. ეს პროდუქტები გროვდებოდა, შემდეგ კი რიგდებოდა ჩვენი გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ, რომლებიც გადამზადებულები არიან და უსაფრთხოების ყველა წესს იცავენ. დღეს უკვე განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – ბევრი ადამიანი გამოთქვამდა ჩართულობის სურვილს. ესენი იყვნენ რიგითი მოქალაქეები, უამრავი ზარი შემოდიოდა ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „აგროჰაბთან“ ერთად განვახორციელეთ პირველი პროექტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რიგით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს და შეიძინონ პროდუქტები მათთვის. ძალიან დიდი მადლობა „აგროჰაბს“, ასევე სხვა მსხვილმა მარკეტებმაც გამოთქვეს პროექტში ჩართვის მზადყოფნა, რასაც მივესალმებით, რადგან დღეს ერთმანეთის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის ნათია ლოლაძის განმარტებით, „აგროჰაბში“ მისულ მომხმარებელს დახვდება „წითელი ჯვრის“ კუთხე, სადაც მათ მოხალისეები გაუწევენ რეკომენდაციას საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით.

 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოვიდეს „აგროჰაბში“, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელიც რეკომენდებულია, რომ მივიდეს ბენეფიციარებთან. სუპერმრკეტების ქსელებში მომხმარებელი ნახავს „წითელი“ ჯვრის კუთხეს. ჩვენი მოხალისეები გაუწევენ კონსულტაციას, თუ რომელი პროდუქტების შეძენაა საჭირო. ეს აქცია ჩაატარდება საქართველოს მასშტაბით, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციის 39-ვე ფილიალი ჩაერთვება“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები