01:56 | 2020-04-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მარტოხელა დედამ წლების წინ გაიგო, რომ აყვანიალია – სულისშემძვრელი ისტორია

მარტოხელა დედამ წლების წინ გაიგო, რომ აყვანიალია – სულისშემძვრელი ისტორია

46 წლის მარტოხელა დედის, თამრიკო ციცქიშვილის სადარდებელი მხოლოდ გაჭირვება როდია. დღემდე ეძებს კითხვებზე პასუხს, რომელიც მისი დაბადებისთანავე გაჩნდა და ამ დრომდე პასუხი არავის აქვს.

 

თამრიკო გულში დიდ დარდსა და ტკივილს ინახავს. ამის მიზეზი უქმროდ გაჩენილი შვილი სულაც არ არის, პირიქით – ეს მისი არჩევანი იყო.

 

13 წლის ყოფილა გოგონა, რომელსაც ქორწინების გარეშე გაუჩენია თამრიკო და მასზე დაბადებისთანავე უარი უთქვამს. ახალშობილი გოგონა ხაშურელმა წყვილმა იშვილა და დიდი სიყვარულით ზრდიდნენ. 11 წლის იყო როცა მეზობლის ბავშვმა წამოაძახა, ნაშვილები ხარო…

 

მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, მოსვენება დაკარგა. ამ ამბიდან ძალიან მალე, წიგნების კარადაში წერილი იპოვა სადაც სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა: „მე, ჩემი სურვილით უარს ვამბობ ახალშობილზე. ეს მისი დედის წერილი იყო… ვერც მაშინ და ახლაც ამ ყველაფერს ახსნა ვერ მოუძებნა…

 

ამ სევდიან ისტორიაში კი ყველაზე მთავარი ისაა, რომ თამრიკომ ბიოლოგიურ დედას ბათუმში მიაგნო. ბევრი მსგავსება აღმოაჩინა, მასთან მივიდა, თუმცა წლების შემდეგ კიდევ ერთხელ უარყო დედამ…

 

ბედის ირონიაა თუ ცხოვრებისეული სამართალია არავინ იცის, თამრიკოს ბიოლოგიურ დედას შვილი აღარ გაუჩნდა და დღეს ის აყვანილ შვილს ზრდის.

 

თამრიკო 1973 წლის 13 თებერვალს ჩაჩავას კლინიკაში საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას. მისთვის რეალური ისტორიის მოყოლა აღმზრდელ დედას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაუწყვიტა.

 

მანამდე ამ თემაზე დედა-შვილს არასდროს უსაუბრიათ. ახლაც უჭირს იმ ემოციებისა და განცდების გადმოცემა, როცა ეს ყველაფერი მოისმინა…

 

„13 წლის გოგოსთვის, რომელიც მაშინ შვიდი თვის ორსული­ იყო, საკეისრო გაუკეთებიათ… სიმართლე გითხრათ, არ გამჩენია პროტესტი – როცა მე მომავლინა ამ ქვეყანას, თვითონაც ბავშვი იყო და არავინ შეეკითხებოდა ჩემს დატოვება-არდატოვებას.

 

ვიცი, რომ გავლენიანი მამა ჰყავდა და ამ ასაკში უქმროდ გაჩენილი ბავშვი მათთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა…“ – ამბობს თამრიკო.

 

ამღზრდელს ბიოლოგიური დედის სახელი, გვარი და მისამართიც უთქვამს. თავიდან ვერ გაბედა, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა და ბიოლოგიურ დედას ბათუმში ჩააკითხა.

 

ბათუმში, მისი სახლის კართან იდგა და დაკაკუნებას ვერ ბედავდა. მერე მისმა მეგობარმა დარეკა ზარი… რამდენიმე წამიც და ნამდვილი დედა უნდა ენახა…

 

კარი უცნობმა ქალბატონმა გააღო, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თამრიკოს დეიდა იყო. უთხრა, რომ ქალბატონი, რომელსაც ეძებდა, შვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული… მერე მათი მისვლის მიზეზით და ვინაობით დაინტერესდა.

 

მაშინ როცა უცნობმა ქალბატონმა მათი მისვლის რეალური მიზეზი გაიგო, აგრესია ვერ დამალა და სახლიდან გამოაგდო. მიაძახა, არ გაბედოთ ჩემი  დის ნახვა და ამ სისულელის თქმაო…

 

გარეთ შეურაცხყოფილი და ატირებული გამოვიდა. ყველა იმედი გადაეწურა. არა და მისგან არაფერს ითხოვდა, გარდა ერთისა, პირადად ენახა დედა და გაეგო ვინ იყო მამამისი.

 

ამ კითხვებზე პასუხის მიღების წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მაინც არ გაჩერდა, ნაცნობების დახმარებით გაიგო ბიოლოგიური დედის სამსახურის მისამართი და მიაკითხა. მაშინ როცა შენობიდან გამოსული ქალბატონი უახლოვდებოდა, მათ შორის მსგავსება სულ უფრო მატულობდა.

 

როცა უთხრა, რომ მისი შვილი იყო და ამღზრდელი დედის მოყოლილი ისტორია მოუყვა, ქალბატონი კარგახანს დუმდა…

 

თამრიკოს უნდოდა, მისი ბიოლოგიური დედის სახეზე სიყვარული, სითბო ან სულაც სინანული ამოეკითხა, მაგრამ არა… დუმილი მრისხანე ხმამ დაარღვია – სად იყავი აქამდეო…

 

მერე ისიც უთხრა, რომ აყვანილ შვილს ზრდიდა და ის რომ თამრიკოსავით მოქცეულიყო, არასდროს აპატიებდა. სახლში დაბრუნება და ცხოვრების გაგრძელება ურჩია…

 

მერე მათი დიალოგი, უცებ, საიდანღაც გამოჩენილმა დეიდამ შეაწყვეტინა და იმ ადგილიდან გამოაგდო.

 

ამ მნიშვნელოვანი და სევდიანი შეხვედრიდან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ თამრიკოს მოსვენება მაინც დაკარგული აქვს.

 

უნდა, რომ ბიოლოგიურმა დედამ მისი არსებობა აღიაროს. გენეტიკური ანალიზის გაკეთებაც უნდა, რომ სამუდამოდ დაუსვას ყველაფერს წერტილი.

 

თამრიკოს ბიოლოგიური დედის ნაშვილები შვილი ახლა 30 წლამდეა. არ უნდა ამ ისტორიამ მას რაიმე ავნოს. სწორედ ამ მიზეზით ბიოლოგიური დედის სახელისა და გვარის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

 

მიუხედავათ ყველაფრისა, მაინც მადლიერია მისი, რადგან ამ ქვეყნად მოავლინა.

 

„ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში და ხშირად ვათვალიერებ, ვერაფერს ვწერ… ძალიან მჭირდება ვიცოდე ჩემი წარმომავლობა, რადგან მეც შვილს ვზრდი.

 

მგონი მაქვს ამის უფლება… ახლაც ჩემი ბიოლოგიური დედის აყვანილ შვილს ვუფრთხილდები, არ მინდა ის სტრესი მიიღოს რითაც წლებია მე ვცხოვრობ…“

 

ამღზრდელი მამა 2010 წელს, დედა კი 2012 წელს გარდაეცვალა. მანამდე კი იყო ბავშვობა. მერე სტუდენტობა და სამსახური. ბანკში ჩადებული ხაშურის სახლი დღემდე ვერ გამოიხსნა.

 

ახლა გლდანში, ნაქირავებ 8 კვადრატული ზომის ბინაში შვილთან ერთად გაჭირვებით ცხოვრობს. ყოველ დილით სახლიდან საბავშვო ბაღში, იქიდან სამსახურში და პირიქით. ასე გრძელდება წლებია.

 

მათ არც ტელევიზორი აქვთ და არც სველი წერტილი, მათი ქონება ერთადერთი საწოლი და პატარა მაგიდაა.

 

თამრიკოს შემოსავალი სოციალური დახმარება 140 ლარი და ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დასუფთავებიდან მიღებული გასამრჯელო 150 ლარია.

 

ბინის ქირაში 150 ლარს იხდის. სარგებლობს უფასო სასადილოს სერვისით, თუმცა ეს საკმარისი მაინც არაა.

 

„ბევრი ვიფიქრე შეგხმიანებოდით თუ არა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მომეთხრო თქვენთვის ჩემი გასაჭირის შესახებ. ვიცი, რომ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიასა თუ სიუჟეტს უამრავი გამოხმაურება აქვს ხოლმე და ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება.

 

ახლა მხოლოდ ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედად ვართ. იმაზე აღარ ვდარდობ, რომ ზამთარში ხელით მიწევს სარეცხის რეცხვა.

 

ნეტავ საკმარისი ტანსაცმელი მაინც ჰქონდეს ჩემს გოგონასთვის… ძალიან მიჭირს ბავშვის ტანსაცმელი, ცას და დედამიწას ვარ მოდებული, რომ ბარბარეს ტანსაცმელი ვიშოვო.

 

ახლა ბაღის რეჟიმით ვცხოვრობთ, ჩემი შვილი ძირითადად იქ იკვებება, სწორედ ამ დროს ვახერხებ მუშაობას. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი მომავალ წელს სკოლაში შედის და უკვე იმაზე ვდარდობ, მერე რა მეშველება.

 

ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რომელიმე სკოლა შემეწევა და გახანგრძლივებულ სწავლებაში რაიმე შეღავათს გამიწევს. ამ პერიოდში მოვახერხებ მუშაობას. სხვანაირად სამსახურზეც უარის თქმა მომიწევს და როგორ უნდა შევინახოთ თავი არ ვიცი.

 

არავინ არ მყავს ამ სამყაროში ისეთი ვისაც ბავშვს ხუთი წუთი მაინც დავუტოვებ… ბევრს ვწვალობ იმისათვის, რომ შვილი მშიერი არ მყავდეს.

 

– ბევრ რამეზე გიწევთ შვილისთვის უარის თქმა?

 

– მიმძიმს ამის თქმა მაგრამ თითქმის ყველაფერზე. რა სათამაშოზეა საუბარი, როცა ბავშვს ხატვაზე ფანქრები მოსთხოვეს და იმასაც კი ვერ ვყიდულობ…

ასეთ რაღაცეებს ვერასდროს ვყიდულობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს განათლება მივცე, მაგრამ წიგნის ყიდვაც არ შემიძლია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შვილს შია, მაგრამ დანარჩენი არაფერი გვაქვს.

 

პრაიმტაიმმა“ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. გვჯერა, რომ ერთგული მკითხველი ამ შემთხვევაშიც გამოიჩენს გულისხმიერებას და კიდევ ერთ ოჯახს დავუბრუნებთ ცხოვრების ხალისს…

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X