fbpx
15:37 | 2020-05-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„მარტოხელა დედამ ქუჩის ლამპიონს ელექტრო ღუმელი მიუერთა, პური რომ გამოეცხო“ – ქველმოქმედი გოგო საზოგადოებას მძიმე ისტორიებს უყვება

„მარტოხელა დედამ ქუჩის ლამპიონს ელექტრო ღუმელი მიუერთა, პური რომ გამოეცხო“ – ქველმოქმედი გოგო საზოგადოებას მძიმე ისტორიებს უყვება

„პრაიმტაიმს“ ერთი საოცარი გოგოს შესახებ უამბეს. როგორც აღმოჩნდა, პროფესიით ფინანსისტი, 32 წლის ნაზიშკა ხვთისიაშვილი უკვე მრავალი წელია, სხვების ცხოვრების გალამაზებისთვის ცხოვრობს.

 

არაერთი ადამიანის ყოფა უკეთესობისკენ შეუცვლია, არაერთი მშიერი დაუპურებია და უიმედო მდგომარეობაში მყოფებისთვის იმედის ნაპერწკალი გაუჩენია. მეგობრები მას დედა ტერეზას ვეძახითო, გვითხრეს.

 

თავად სიფრიფანა ნაზიშკასთვის სისხლის გაღება არ შეიძლება, მაგრამ იშვიათი ჯგუფის მქონე ხშირად მედიკოსებს ეხვეწება, სხვების გადასარჩენად, სისხლს ჩავაბარებო…

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ამ გოგონას ვინაობით, ცხოვრების წესით და საქმიანობით, ამიტომ მას დავუკავშირდით.

 

„ბავშვობიდან ჩემი ოჯახის წეს-ჩვეულება იყო, რაც გვქონდა სახლში, სხვა შეჭირვებული ნაცნობებისთვის გაგვენაწილებინა. ასე გაგვზარდა დედამ. 90-იანი წლების გაჭირვება თითქმის ყველა ოჯახს შეეხო, თუმცა ჩვენ გვქონდა საშუალება სხვებს დავხმარებოდით პროდუტებით.

 

დედა ახერხებდა მეზობელი ქვეყნებიდან დეფიციტური პროდუქტები ჩამოეტანა, ფუნთუშებს აცხობდა, მაწონს აყენებდა ხოლმე და მერე ვანაწილებდით.

 

 

7 შვილის მარტოხელა მამა ერთადერთ შემოსავალს კარგავს - “რა იქნება, არ ვიცი“
2020-04-147 შვილის მარტოხელა მამა ერთადერთ შემოსავალს კარგავს - “რა იქნება, არ ვიცი“

 

 

საღამოობით მე და ჩემი ძმა ვაფასოებდით და ვარიგებდით. დედა გვეუბნებოდა ერთი რამ თუ გაქვთ, ნახევარი სხვას უწილადეთო. ამიტომ, ამ სტილით ცხოვრება ჩვენი ყოველდღიურობა გახდა.

 

15 წელია ვეხმარები ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. საბედნიეროდ, მეგობრებშიც მიმართლებს. რაც მათ აქვთ, შეჭირვებულ ოჯახებს უწილადებენ და ასე, ერთიანი ძალებით ვეხმარებით ადამიანებს.

 

ადრე ერთ პროექტში ვიყავი ჩართული. ეს იყო „წერილები თოვლის პაპას“, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების სურვილებს ვასრულებდით. 400-მდე ოჯახში, კარდაკარ დავდიოდით.

 

მათი წერილები ძალიან მძიმე წასაკითხი იყო ახალ წელს თოვლის პაპას საჭმელს სთხოვდნენ ბავშვები, სათამაშოების ან სხვა საოცნებო ნივთების ნაცვლად. მაშინ, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი სიღატაკე სუფევდა…

 

მე არანაირი ორგანიზაცია ან ფონდი არ მაქვს. ვისაც დახმარების სურვილი აქვს, ყოველგვარი სტატუსის გარეშეც, შეუძლიათ დაეხმარონ.

 

უბრალოდ უამრავი დახმარების თხოვნის წერილი მომდის, ვიღებ ფოტოს სახით და ვტვირთავ სოციალურ ქსელში. ჯგუფია ასეთი,,სოლიდარობა“ ახლახანს გავწევრიანდი მეც.

 

მინდა, ყველა მოქალაქემ გაიგოს ამ ოჯახების შესახებ და ვუთხრათ ამ ადამიანებს რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ ბევრი ვართ და ყველასთან მივალთ.

 

მათთვის სახლში ვამზადებთ კერძებს მე და ჩემი მეგობრები  და მოხუცებთან მივდივართ, რომ მშივრები არ იყვნენ, პენსია წამლებშიც არ ყოფნით…

 

 

„ჩემი შვილის დაბადების დღის მოახლოებას განვიცდი“ - მარტოხელა დედა შვილს იუბილეზე ლამაზ ტორტს ვერ ჩუქნის
2020-05-08„ჩემი შვილის დაბადების დღის მოახლოებას განვიცდი“ - მარტოხელა დედა შვილს იუბილეზე ლამაზ ტორტს ვერ ჩუქნის

 

 

პანდემიის პირობებში განსაკუთრებულად ბევრი დახმარების მიღების მიზნით მწერს. მორალურად ძალიან რთულია ამ ყველაფრის ატანა, როცა დედა გწერს, რომ ერთი კვირა ბავშვები მხოლოდ ჩაიზე მყავსო, გამანადგურებელია.

 

50-ზე მეტ ოჯახს პანდემიის დროს, შეჩერებული აქვს სოციალური დახმარება. იცით, როგორ ოჯახებზეა საუბარი? მარტოხელა მოხუცებსა და მარტოხელა დედებზე, რომლებიც ქირით ცხოვრობენ.

 

სახელმწიფომ ეს ადამიანები შიმშილისა და ღია ცის ქვეშ დატოვებისთვის გაიმეტა. გადაუხდელი ქირის გამო, მეპატრონეები საცხოვრებლის დაცლას სთხოვენ, თუმცა წასასვლელი არსად აქვთ…

 

მინდა, ბინის მეპატრონეებს ვთხოვო, მესმის, რომ ქირა თქვენთვის შემოსავალია და ამაზე დამოკიდებული ხართ, თუმცა ასე უმოწყალოდ ქუჩაში ცხოვრებისთვის ნუ გაიმეტებთ დედებს, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და შაქრის ფულიც არ აქვს.

 

ჩვენ, უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც ასეთ ყოფაში დახმარების ხელს ვუწვდით, უმუშევრები დავრჩით, უხელფასო შვებულება გაგვიფორმეს და სახლებში გამოგვიშვეს.

 

სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა ადამიანები უბრალოდ იტყუებიან ან შვილებს ვაჭრობის იარაღად იყენებენ.

 

მსგავი შემთხვევა, ორი დღის წინ მოხდა: ბათუმში მცხოვრები ქალბატონის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს. გაირკვა, რომ მის ერთ-ერთ შვილს მძიმე გენეტიკური დაავადება აქვს.

 

ხმა ყველას მივაწვდინეთ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პირდად ესტუმრა სახლში და მას ყველაფერს დაუფინანსებენ. ჰემატოლოგიის ცენტრში უნდა ჩამოსულიყო.

 

დამიკავშირადა და მითხრა, მანქანა ვიშოვე, ბენზინის ფული 220 ლარი იქნებ გამომიგზავნოო. დახმარება ჩემს მეგობრებს ვთხოვე. ჩემთვის უცნობი ბიჭი გამომეხმაურა, რომელიც თავისი ფულით და მანქანით თბილისიდან ჩავიდოდა და ქალბატონს ბავშვთან ერთად ჩამოიყვანდა.

 

როცა ეს ამბავი „ვახარე“ არ ესიამოვნა, ცოტა ხნის შემდეგ, რაღაც მოიმიზეზა და უარი მითხრა. აღმოჩნდა, რომ ფული სჭირდებოდა და ბავშვს იყენებდა. არა და, ჩემი თხოვნით, ჩემს მეგობარს მისთვის ბინა უნდა დაეთმო თბილისში, სანამ პატარას უმკურნალებდნენ…

 

ყველა ადამიანის გასაჭირი გულთან მიმაქვს, მაგრამ რამდენიმე ოჯახის ისტორია, განსაკუთრებულად მძიმეა:

 

კარალეთში, ნაქირავებ ბინაში 14 და 8 წლის მოზარდები ცხოვრობენ და ერთმანეთს უვლიან. ორი წლის წინ, დედა იტალიაში სამუშაოდ წავიდა, ვირუსის გავრცელების გამო, უმუშევარია და პატარა და-ძმა სრულიად უსახსროდ დარჩნენ. მათ ემიგრანტი დედის გარდა არავინ ჰყავთ…

 

მეორე ოჯახის ისტორიაც მარტოხელა დედას ეხება, რომელიც თბილისის ერთ-ერთი დანგრეული სკოლის 10 კვ.მ-იან ოთახში ცხოვრობენ, იქ შუქიც კი არ მიეწოდებათ. დედამ ქუჩის ლამპიონს ელექტრო ღუმელი მიუერთა, რათა უკიდურესი სიღატაკის გამო, პურს რომ ვერ ყიდულობს, გამოაცხოს…

 

მარტოხელა მამას, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის, ზუგდიდში სახლი აჩუქეს
2020-05-12მარტოხელა მამას, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის, ზუგდიდში სახლი აჩუქეს

 

მახსენდება ასევე, ინტელექტუალი აკადემიკოსი ქალბატონი, რომელსაც მართლაც მთელი თბილისი იცნობს, შიმშილისა და მძიმე ყოფის გამო თვითმკვლელობაც კი სცადა…

 

რა თქმა უნდა, ქვეყანაში იმდენი გაჭირვებულია, რომ ჩვენი რესურსი საკმარისი არ არის. გავაკეთე ბაზა, სადაც 200 მდე ოჯახია გაერთიანებული, ვისაც ამ ეტაპზე მცირედით ვეხმარები, მაგრამ ყოველდღე ემატება სიას ახალი ადამიანები.

 

ამ ბაზაში 7 მაისიდან ვინც მომმართა, ისინი შევიყვანე ერთი მიზნით – მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მეტყვის მივცე ჩემი სია და თითოეულს დაეხმარება.

 

სხვა არაფრის იმედი მაქვს, ვინ გაუწვდის მათ დახმარების ხელს? დროებით უმუშევრად დავრჩი ამ ვირუსის გამო. 15 წელია ვმუშაობ, წელიწადში დაახლოებით, 12 000 ლარამდე მექვითება საშემოსავლო გადასახადის სახით.

 

მიუხედავად ამისა, „დასაქმებულად” ვრეგისტრირდები და ამიტომ არ ჩამრიცხვია არანაირი კომპენსაცია. წერილობითაც მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ამ კომპენსაციის თანხით მინიმუმ 4 ოჯახს დავეხმარებოდი, მაგრამ…

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო „პრაიმტაიმის“ საშუალებით.

 

მადლობა თითოეული თეთრისთვის, მადლობა ნდობისთვის, მადლობა თანადგომისთვის, რომ არა თქვენ, უცხო ადამიანები, ვინც უკანასკნელ ერთ ლარს იღებთ ამ ადამიანების დასახმარებლად, ბევრი მშიერი დარჩებოდა…

 

მადლობა ჩემს უსაყვარლეს შეჭირვებულ ადამიანებს, ვისაც გეიმედებით და მაძლევთ სტიმულს, რომ მე საჭირო ვარ თქვენთვის.“ – ამბობს ნაზიშკა ხვთისიაშვილი.

 

ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება
2020-05-04ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X