00:05 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

მართლმადიდებლური სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას ზეიმობს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ცნობას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წელს მცხეთაში წასვლის მსურველებს სპეციალური საშვი აღარ დასჭირდებათ. ასევე, მომლოცველებს მოუწოდებენ, იქონიონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

 

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ, მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

 

მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანის საცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

 

წმიდა ნინოს რჩევით, აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილას ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

ავტორი: Prime Time

X