12:27 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი საშიშია? – კითხვას თენგიზ კალანდაძე პასუხობს

მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი საშიშია? – კითხვას თენგიზ კალანდაძე პასუხობს

მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე მესამე დღეა, რაც მარნეულისა და ბოლნისის რეგიონები მკაცრი კარანტინის რეჯიმში იმყოფება.

 

ამის გამო, საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს კითხვა, არის თუ არა ზემოხსენებული რეგიონებიდან შემოტანილი პროდუქტი უსაფრთხო, რითაც დედაქალაქი და არამხოლოდ, აქტიურად მარაგდება.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად სოფლის მეურნეობის საგანგებო ჯგუფის უფროსს, თენგიზ კალანდაძეს დაუკავშირდა.

 

როგორც მან განგვიმარტა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ არის დაფიქსირებული, რომ სურსათით მოხდეს დაავადების გადაცემა, შესაბამისად, სავარაუდო რისკებიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

„მოგეხსენებათ, დაავადების გადამტანი არის ადამიანი და არა რაიმე სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთი. ამიტომ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უზრუნველვყავით შემდეგი პროცედურები: მძღოლი და დისტრიბუტორი, რომელიც მას ახლავს, უნდა იყოს შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი, ესაა პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი და როდესაც დისტრიბუცია საზღვარზე გადადის, ამას აკონტროლებს შსს, მიჰყვება პატრული, მძღოლსა და დისტრიბუტორს არ აქვთ უფლება გადავიდნენ მანქანიდან და მაგალითად, ყავა დალიონ. აუცილებლად, შეზღუდულად უნდა მოძრაობდნენ და შემდგომ, როდესაც დაარიგებენ პროდუქციას, მათ კვლავ პატრული მიაცილებს უკან.

 

ასევე, ამ რეგიონებიდან სხვადასხვა პროდუქტის გამოტანაც არაა შეზღუდული. იქ საკმაოდ ბევრი წარმოებაა. ესაა რძის, ფქვილის, ხილ-ბოსტნეულის და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ გამოედინება სხვადასხვა ქალაქში და ვირუსის გადაცემის კუთხით არანაირ რისკს არ წარმოადგენს

 

სავარაუდოდ, ფასებიც არ მოიმატებს, რადგან ეს შიდა პროდუქციაა და ამის გამო, ფასების მომატება არ იქნება. ხოლო იმპორტირებულს რაც შეეხება, ამას ჩვენ სხვა მექანიზმებით ვაკონტროლებთ“, – განგვიმარტა თენგიზ კალანდაძემ.

 

შეგახსენებთ, მარნეულისა და ბოლნისის რეგიონებში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. თავად მან კი, ოჯახის 4 წევრი დააინფიცირა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X