fbpx
10:06 | 2020-10-14 ავტორი: Prime Time

„სახლი გვენგრევა!..“ – მძიმე პირობებში მყოფ ოჯახს დახმარებას „არჩევნების მერე“ ჰპირდებიან

„სახლი გვენგრევა!..“ – მძიმე პირობებში მყოფ ოჯახს დახმარებას „არჩევნების მერე“ ჰპირდებიან

65 წლის გულნაზი თედეშვილი უკვე 20 წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნორგიულში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

 

როგორც გულნაზი „პრაიმტაიმთან“ ყვება, ბოლო პერიოდში ოჯახს ძალიან გაუჭირდა.

 

წლების წინ, ოჯახს მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ფინანსური პრობლემებიც სწორედ აქედან დაიწყო.

 

 

„მე თვითონ შაქარი მაქვს, ფიზიკურად, რაც შემიძლია 65 წლის ქალს, ვშრომობ. ჩემი შვილი ხან – სად, ხან – სად მუშაობს. მეუღლე ინვალიდი კაცია, შაქარი აქვს, უსინათლოა, ამასთან ერთად დიალეზზეა.

 

ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩვენი პენსიაა, მთლიანობაში 500 ლარი გვაქვს. ვინც ჯანმრთელია მისთვის ეს თანხა, არც ისე ცოტაა, მაგრამ ჩვენ თითქმის მთლიანად მედიკამენტების ყიდვაში გვჭირდება. ჩვენი ფინანსური პრობლემა წლების წინ დაიწყო, როცა ათი სული ძროხა მოგვპარეს, არც დამნაშავე არ დაუჭერია ვინმეს.

 

ყველაფერთან ერთად სახლიც გვენგრევა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოგვცა სახურავისთვის მასალა, მაგრამ კედელი სახლის უკანა მხარეს მთლიანად ჩამოინგრა და ამიტომ სახურავი ჯერ ვერ გავაკეთეთ. თუ ეს კედელი არ ამოშენდა, ამ სახურავსაც ვერ ვაკეთებთ. არადა წყალი ჩამოგვდის. ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ არ ვიცი, დახმარებას ვთხოვ ხელისუფლებას, ხალხს, ვინმეს, ვისაც შეუძლია, თორე ეს სახლი ჯერ ისედაც დანგრეულია და მთლიანად ჩამოიშლება. ჩვენ ფინანსურად ამის საშუალება არ გვაქვს“, – გვიყვება გულნაზი.

 

სოფელ ნორგიულის დეპუტატმა რომან ტაბატაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე (წინასაარჩევნოდ) ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

 

„ამ ოჯახის პრობლემები ჩვენთვის ცნობილია. პანდემიის დროს მედიკამენტებით და პროდუქტით რამდენჯერმე დავეხმარეთ, გამოვუყავით თანხა სახურავისთვის, თუმცა სახლს ჯერ შეკეთება სჭირდება. წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის ცვლილება დაუშვებელია და არჩევნების შემდეგ ამ ოჯახის გარდა რამდენიმე ოჯახსაც, რომელთაც მსგავსი პრობლემა აქვთ, დავეხმარებით“, – ამბობს ტაბატაძე.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

 

ჩემი შვილი დისტანციურ ერთ გაკვეთილსაც არ დასწრებია, მეორეს კი...  - მარტოხელა დედის გასაჭირი
2020-10-13ჩემი შვილი დისტანციურ ერთ გაკვეთილსაც არ დასწრებია, მეორეს კი... - მარტოხელა დედის გასაჭირი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X