16:21 | 2020-06-10 ავტორი: თეონა აბესაძე

„მარიამი სათამაშოებსა და ლამაზ კაბებზე ოცნებობს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ვყიდულობთ“ – მრავალშვილიანი დედის გასაჭირი

„მარიამი სათამაშოებსა და ლამაზ კაბებზე ოცნებობს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ვყიდულობთ“ – მრავალშვილიანი დედის გასაჭირი

ნინო აფციაური 18 წლის ასაკში გათხოვდა. ახლა უკვე ხუთი შვილის, ოთხი ვაჟისა და ერთი გოგონას დედაა.

 

მრავალშვილიანი ოჯახი, თელავში ერთსართულიან, მცირე ზომის სახლში ცხოვრობს.

 

„ძალიან პატარა ასაკში გავთხოვდი. მეუღლე ჩემზე 15 წლით უფროსია. ძნელი იყო, მაგრამ ეს ნაბიჯიც გაჭირვებამ გადამადგმევინა. მაშინ სახლიც არ გვქონდა, მაზლის ოჯახთან და დედამთილთან ერთად, სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით“, – ამბობს ნინო.

 

სახლს, რომელშიც ახლა ცხოვრობენ, საძირკველი 14 წლის წინ ჩაუყარეს. გაჭირვებით მცხოვრები ოჯახის უფროსი, ყველა მძიმე სამუშაოს თვითონ ასრულებდა.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

„ჩემს დედამთილს პატარა ნაკვეთი ჰქონდა, ის გავყიდეთ და აქ სახლის მშენებლობა დავიწყეთ. ისე გვიჭირდა, ჩემს მეუღლეს, ხან ტყიდან სოკო ზურგით ჩამოჰქონდა, ჩვენთვის საჭმელი რომ ეყიდა. სახლში დაბრუნებული ცემენტს ზელდა და ნელ-ნელა აშენებდა“, – ამბობს მრავალშვილიანი დედა.

 

ნინოს მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი სახლისათვის, ოჯახმა, მხოლოდ ერთი კარისა და ოთხი ფანჯრის ჩასმა მოახერხა.

 

„ათეულ წელზე მეტი მოვუნდით, ამ კარისა და ფანჯრების ჩასმას. ბუნებრივი აირი დღემდე ვერ შემოვიყვანეთ. სახლში სამზარეულო არ მაქვს, შეშის ღუმელზე, ეზოში ვაკეთებ საჭმელს.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

წყალიც ეზოში მოგვდის, გრაფიკით. ინტერნეტსა და სათამაშოებზე ლაპარაკი ზედმეტია. სულ პატარა გოგონას აქვს ერთი- ორი სათამაშო, ბიჭებს საერთოდ არც ჰქონიათ.ტანსაცმელსაც გვჩუქნიან და უმეტესად, ისინი აცვიათ“, – ამბობს ნინო.

 

ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. აფციაურებს პატარა ბოსტანი აქვთ და რამდენიმე სული თხა ჰყავთ, რომლების გამოსაკვებად, ოჯახის ყველა წევრი შრომობს.

 

„ბოლო რამდენიმე დღეა ქუჩა-ქუჩა დავდივარ...“ - მოძალადე ქმრისგან გაქცეული 6 შვილის დედა დახმარებას ითხოვს
2020-06-08„ბოლო რამდენიმე დღეა ქუჩა-ქუჩა დავდივარ...“ - მოძალადე ქმრისგან გაქცეული 6 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

 

„ჩემი მეუღლე მშრომელი კაცია. რაც შეუძლია, აკეთებს. ახლაც თხები გაიყვანა. ბავშვებიც ეხმარებიან. სახლში მხოლოდ პატარები დარჩნენ, უფროსი ბიჭები მამას გაჰყვნენ, ეგ თხებია ჩვენი მარჩენალი. მეც ვმუშაობდი, ცოტა ხანს, ჭურჭლის მრეცხავად, მაგრამ რას მოგცემენ, ხომ იცით.

 

სახელმწიფოს დახმარებას, საკვებზე ვანაწილებთ, რაზეც გვყოფნის, იმას ვყიდულობთ. ახლა ვირუსის გამო რომ დახმარებები გაიცემა, ვერც მაგას ავიღებთ, აბა ისედაც უმუშევრები ვიყავით- გვეუბნება ხუთი შვილის დედა და ექვსი წლის მარიამის სურვილს ამხელს:

 

„მარიამი სათამაშოებსა და ლამაზ კაბებზე ოცნებობს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ვყიდულობთ“.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X