14:48 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვალდებულებები, რომლებიც დავაფიქსირეთ, შესრულდეს – თალაკვაძე

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვალდებულებები, რომლებიც დავაფიქსირეთ, შესრულდეს – თალაკვაძე

საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რამე უპირატესობის მიღწევა, დესტაბილიზაციის მცდელობები, საქართველოს დემოკრატიის და იმიჯის დაზიანება, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში, რუსეთის ინტერესებში შედის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვალდებულებები, რომლებიც დავაფიქსირეთ, შესრულდეს. ჩვენთვის მთავარია, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა იყოს დაცული. ესაა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. რასაკვირველია, სხვა ნებისმიერი სცენარი, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რამე უპირატესობის მიღწევა, დესტაბილიზაციის მცდელობები, საქართველოს დემოკრატიის და იმიჯის დაზიანება, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში, რუსეთის ინტერესებში შედის და ყველა, ვინც მომავალში ამ დღის წესრიგს დაუჭერს მხარს და მოიქცევა უპასუხისმგებლოდ, უნდა ჩავთვალოთ, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით უნდა დასრულებულიყო. ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ ეს ტესტი ჩააბარა. შემოდგომაზე ჩვენ სამართლიანად დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ“,- აცხადებს თალაკვაძე.

 

რაც შეეხება დაკავებულების გათავისუფლების საკითხს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს იმას, რაც რეალურად შეთანხმებაში არ წერია.

 

„შეთანხმების დოკუმენტი გამოაქვეყნეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა, ეს ტექსტი საჯაროა და მასში შავით თეთრზე წერია თუ რაზე მოხდა შეთანხმება. იქ კონკრეტული ვალდებულება ან პირობა არაა მოცემული, რომ რომელიმე პატიმრის გათავისუფლება ან ვინმეს დაჭერა უნდა მოხდეს. იქ წერია, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ უნდა იყოს მართლმსაჯულება. ესაა, რაც დევს ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებები.

 

დღეს არის შეთანხმებიდან მეორე დღეს, ხვალ არის მესამე დღე, მოვა დრო როდესაც შეთანხმებიდან გავა ერთი კვირა, ორი კვირა და თქვენ თავად გექნებათ გადამოწმების შესაძლებლობა, რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდის ოპოზიცია საზოგადოებას.

 

ჩვენთვის მთავარი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია, სადაც დაპატიმრებისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტები იღებენ“,-აცხადებს თალაკვაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X