14:48 | 2020-07-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მამის უცნობი წერილი ციხიდან – ბავშვთა სახლში გაზრდილი ბიჭის ისტორია

მამის უცნობი წერილი ციხიდან – ბავშვთა სახლში გაზრდილი ბიჭის ისტორია

რამდენიმე თვის წინ, „პრაიმტაიმში“ ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა კაცის ვალერი ჩიტაიას შესახებ სტატია „ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, სამსახურში მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა“ გამოაქვეყნა.

 

ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა, „პრაიმტაიმი“ ამ სევდიანი თავგადასავლის გაგრძელებას გთავაზობთ. ვალერი ჩიტაიამ რამდენიმე დღის წინ, მამის წერილიც მოიპოვა.

 

 

ის ამბობს, რომ მამამისი თამაზ მებურია ზუგდიდში საპატიმროში იმყოფებოდა, როცა სოციალური მომსახურების სააგენტომ მას ვალერი ჩიტაიას პირადი დოკუმენტაციის წარმოებისას მისწერა.

 

პასუხად, იმ დროს, პატიმრობაში მყოფი თამაზ ბებურია საჯარო უწყებას წერილობით პასუხობს, რომ ციხეს 2011 წელს დატოვებს და ამის შემდეგ, შვილს, გვარს მისცემს და თავისთან წაიყვანს.

 

ვალერი ჩიტაიას ინფორმაციით, სანამ მისი ბიოლოგიური მამა ციხეში იმყოფებოდა, მის გასაცნობად ძმა და ბიძაშვილი ზვიად ბებურია მივიდნენ.

 

როცა თამაზ ბებურიამ მსჯავრი მოიხადა, ის ვალერის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა. მამასთან დაკავშირება თავად ვალერიმ სცადა, მაგრამ მამას მასთან კონტაქტის სურვილი აღარ ჰქონია.

 

ვალერი ჩიტაია ვარაუდობს, რომ მისი მიტოვების გადაწყვეტილება დედამ ოჯახის წევრების გავლენით მიიღო. ამაში ის დეიდას, მალინა ჩიტაიას, მამას და მამიდას ადანაშაულებს.

 

ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დუმილს ერთადერთი მიზნით არღვევს – სურს, რომ საზოგადოებას მიმართოს და უთხრას, მას აბრალებენ თითქოს ქონებას ითხოვდა მამისგან და მამამ მასთან ცხოვრება შესთავაზა.

 

პასუხობს დეიდასაც: „მე თავად ვთხოვე ბავშვთა სახლიდან გამიყვანე, ვიმუშავებ და დაგეხმარები-მეთქი“, მაგრამ არ ისურვა. თუმცა, თავიანთი რეპუტაციის გადასარჩენად, ათას ტყუილს იგონებენ“ – ამბობს ვალერი ჩიტაია.

 

„მე მათთვის არც ქონება მითხოვია და არც სხვა რამ. მე მხოლოდ ჩემს ოჯახთან კავშირი მინდოდა მქონოდა. ღვთის წყალობით, ორ სამსახურში ვმუშაობ. ვცხოვრობ ჩემი შრომით, მაქვს თავშესაფარი და მატერიალური არავისგან არაფერი მჭირდება.

 

დეიდა, მალინა ჩიტაია და მამა თამაზ ბებურია ნათესავებთან ამბობენ, რომ დახმარება და მათთან ცხოვრება შემომთავაზეს, რაც სიცრუეა. დეიდას პირიქით მე ვთხოვე, მასთან წავეყვანე, მაგრამ უარი მივიღე.

 

შემომთავაზა რაღაც შენობაში ცხოვრება, სადაც არ დავრჩი და თბილისში ჩემი მომავლის გასაუმჯობესებლად წამოვედი.

 

ერთადერთი ადამიანი, ვინც გაჭირვების დროს, ქუჩაში დარჩენილს ხელი გამომიწოდა, დამასაქმა, დამაბინავა და გზაზე დამაყენა, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ყოფილი დირექტორი ქალბატონი მარი მესხია.

 

მისი წყალობით, წესიერად ვცხოვრობ, პატიოსნად ვშრომობ და არავისზე დამოკიდებული არ ვარ.

 

რაც შეეხება მამას, ნათესავი დამიკავშირდა ხობიდან, ისინი ხობში ცხოვრობენ და მითხრა, მამაშენს ციხიდან წერილი გამოუგზავნიაო.

ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, სამსახურში მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა
2020-05-04ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, სამსახურში მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა

ბევრი ვიწვალე, წარმოიდგინეთ 2010 წელს გამოგზავნილი წერილი ახლახანს დიდი წვალებით, ძლივს ხელში ჩავიგდე.

 

ამისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩართვა მომიწია.

 

საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, უკვე აღარ ვიცი მერამდენედ… მაქვს ეჭვი, რომ მას ჩემი გამოყენება ციხიდან დროზე ადრე გასათავისუფლებლად უნდოდა მხოლოდ და არავითარი მშობლიური სენტიმენტი არ ყოფილა.

 

მამა, თამაზ ბებურია 2010 წელს წერილობით პასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც ჩემი დოკუმენტების წარმოების პროცესში მიმართა, თითქოს ის 2011 წელს, როცა საპატიმროს დატოვებდა, გვარს მომცემდა და თავისთან წამიყვანდა.

 

როცა ციხიდან გამოვიდა, არც კი მომიკითხა. მე თავად დავურეკე და ჩემთან ურთიერთობა არ მოუნდა. ძმამაც გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მომაკითხა ჩემს ბიძაშვილ ზვიად ბებურიასთან ერთად.

 

ძმას ქონების გაყოფის შეეშინდა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათი არაფერი მჭირდება. ალბათ, მამაჩემსაც ამის ეშინია. ასეთ ადამიანებს არ ესმით, რომ ნათესაურ კავშირებზე და ოჯახზე ვფიქრობ, რომ ჩემი ქონება ეს არის და არა მიწის ნაკვეთი, ან სახლი…

 

მათ „პრაიმტაიმიდან“ მივმართავ. მიკავშირდებიან ჩვენი ნათესავები და მეუბნებიან, რომ ცალკე მამა თავს იმართლებს, თითქოს მას თბილისში ბინის ყიდვა მოვთხოვე და ცალკე დეიდა იძახის, თითქოს სოფელში ცხოვრებაზე უარი ვთქვი.

 

მორჩით ჩემზე საუბარს, აღარ  მახსენოთ. ყოველთვის გიპასუხებთ საჯაროდ და უარესად შერცხვებით.

 

მივეჩვიე იმ აზრს, რომ არავინ მყავს მეგობრების გარდა. უბრალოდ გეყოთ, რაც თქვენს გამო, ბავშვობაში გავიარე საბჭოთა „პრიუტში“, მერე ქუჩაში ცხოვრებისას. თქვენ, ჩემზე მაშინვე უარი თქვით და ახლა, იქადნით, თითქოს თქვენგან ქონებას ვითხოვ.

 

მე მხოლოდ თქვენი სითბო მჭირდებოდა, მაგრამ ვერც კი დაუშვით, რომ ბავშვთა სახლში ძლივს გაზრდილი მატერიალურად მყარად ვიქნებოდი, თორემ ალბათ, ჩემზე უარს მეორედ არ იტყოდით.

 

თქვენ ჩემთვის დაკარგული წლები აგენაზღაურებინათ და მატერიალურად აქეთ დაგეხმარებოდით“ – ამბობს ვალერი ჩიტაია.

 

„პრაიმტაიმი“ ვალერის დეიდასა და მამას დაუკავშირდა. მალინა ჩიტაიამ ჯერ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მერე თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ ის ვალერის დეიდა არ არის. თითქმის იგივე გაიმეორა თამაზ ბებურიამ.

 

ორივე მასთან ნათესაურ კავშირს უარყოფს. დეიდა ამბობს, რომ აწ გარდაცვლილი მადონა ილიას ასული ჩიტაია, ვალერის დედა, მისი და არ იყო. თუმცა, იქვე აცხადებს, რომ ვალერს დახმარება შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. მერე ვალერის საკონტაქტო ნომერი გვკითხა, მიუხედავად იმისა, რომ  ამბობს ვეხმარებოდი, ვურეკავდი და მან აღარ ისურვა ჩემთან კონტაქტიო.

 

„მე რომ უარვყო, რომ ვალერი ჩიტაია ჩემი დისშვილი არ არის, ან თქვენ რა სიტუაციაში ჩავარდებით, ან თავად ვალერი? როგორ შეიძლება ვადასტურებდე, რომ ის ჩემი დისშვილია? ალბათ, ის ცხოვრებაზე გაბრაზებულია და ამიტომ დეიდობას მაბრალებს.

 

მე მას ვურეკავდი, ვეხმარებოდი, მაგრამ თავად ვალერიმ არ ისურვა ჩემთან კონტაქტი.

 

 

 – რატომ უკავშირდებოდით და დახმარებას სთავაზობდით, თუ თქვენი დისშვილი არ არის?

– ქველმოქმედების მიზნით, ახლა დავასრულე ჩემთვის უცნობი ადამიანის დახმარება, მას 13 000 ლარი გადავუხადე, რათა თავი არ მოეკლა. ასე ვეხმარები ბევრს. ვალერისთვის შემეძლო სახლის შეთავაზება, მაგრამ მას სოფელში არ უნდოდა ცხოვრება.“ – ამბობს მალინა ჩიტაია.

 

ხოლო თამაზ ბებურია უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ციხიდან წერილი მას არ გამოუგზავნია. უარყოფს წერილს, რომელიც ოფიციალური დოკუმენტია სასჯელაღსრულების ოფიციალურ ფურცელზე დაწერილი, ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული.

 

ის ვალერის მამობასაც ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ დნმ-ის ანალიზის გაკეთება და ჭეშმარიტების დადგენა არ აინტერესებს.

 

„მე საერთოდ არ მაინტერესებს. წერილი არ დამიწერია. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ გავარკვევდი, როცა ციხიდან გავიდოდი. ამას როგორ დავწერდი, ბავშვი ხომ არ ვარ?! მე ვალერისთან არც ჩემი ვაჟი და არც ჩემი ძმისშვილი არ გამიშვია.

 

ისინი ზრდასრულები არიან და თავად მიიღეს მისი გაცნობის გადაწყვეტილება. ყველაფერს ტყუილს ამბობს ვალერი, თქვენ მას არ მოუსმინოთ.

 

რაც შეეხება მისი მიტოვების გადაწყვეტილებას, აზრზე არ ვიყავი არაფრის. მე შვილი რომ მყავდა ეს ინფორმაცია გვიან გავიგე, თორემ დარწმუნებული არ ვარ. თავად ცხონებული ქალბატონი ჩემთან უარყოფდა, რომ მას შვილი ჩემგან ჰყავდა.

 

 – გიფიქრიათ დნმ-ის გაკეთებაზე?

– არა და არც არაფერში მჭირდება. ვალერი ყველაფერს ტყუილს ამბობს.

 – სასჯელაღსრულების ბლანკიან ფურცელზე დაწერილ წერილს, რომელსაც ბეჭედი და ხელმოწერა ახლავს, უარყოფთ რომ თქვენი დაწერილია. ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებთ?

– ადვოკატებს მივმართავ და აუცილებლად გავარკვევ, ვინ დაწერა ეს წერილი და ვუჩივლებ. თუ ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა, მერე ნახავთ, რა მოხდება, იქ. არაფერი დამიწერია გარდა იმისა, რომ გამოსვლის შემდეგ გავარკვიო-მეთქი, მეტი არაფერი. ვალერი ტყუილს ამბობს.” – ამბობს თამაზ ბებურია.

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X