23:21 | 2020-08-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მამამთილი რომ გეტყოდა, რძალო, დაბრძანდიო, სამჯერ სანამ არ გაგიმეორებდა, ვერ დაჯდებოდი“ – 93 წლის ბებოს ისტორია სოფელ ოლადაურიდან

„მამამთილი რომ გეტყოდა, რძალო, დაბრძანდიო, სამჯერ სანამ არ გაგიმეორებდა, ვერ დაჯდებოდი“ – 93 წლის ბებოს ისტორია სოფელ ოლადაურიდან

მოხდება თუ არა სოციალური სტატუსის მიხედვით აღსაზრდელების დაყოფა - რას ამბობენ ბაგა-ბაღების სააგენტოში
2020-08-22მოხდება თუ არა სოციალური სტატუსის მიხედვით აღსაზრდელების დაყოფა - რას ამბობენ ბაგა-ბაღების სააგენტოში
საზაფხულო იალაღები აჭარის რეგიონის კულტურის განუყოფელი ნაწილია. მემთეურობას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ეს განსაკუთრებულად რთული და შრომატევადი საქმეა, რომლის სიმძიმეც, ძირითადად, ქალების მხრებზე გადადის. მიუხედავად ამისა, მემთეური ქალები ტრადიციას არ ღალატობენ და ყველა დაბრკოლებას უმკლავდებიან. თუმცა გულის სიღრმეში უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებას მაინც განაგრძობენ და აქ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

სუნდუს ფუტკარაძე, 93 წლის, სოფელ ოლადაურიდან:

 

„1948 წელს გავთხოვდი. ადრე არ იყო მასეთები, შეყვარებულობა, შეხვედრა, გაცნობა. მაჭანკლობით გავთხოვდი. ბავშვობიდან შორიდან ვიცოდი, თავის ნათესავთან რომ მოდიოდა. შორიდან დანახული მყავდა, მაგრამ დალაპარაკებული არ ვიყავი. მოვიდა მაჭანკალი ოჯახში ჩვენთან, შეუთანხმდა ჩემს მშობლებს და მისცეს თანხმობა. რომ წავყევი, მომწონდა ალბათ. თუმცა უარიც რომ მეთქვა, ოჯახი მაინც გამათხოვებდა. ისეთი დრო იყო მაშინ, ძალით გამათხოვებდნენ. დედა და მამა თუ თანახმა იყვნენ და შენ არ გინდოდა, ვერ იტყოდი. სხვანაირი დრო იყო. თუმცა, ალბათ, შორიდან მოგვწონდა ორივეს ერთმანეთი.

 

დედამთილი და მული დამხვდა ოჯახში. ძალიან გაჭირვებული ოჯახი იყო. კარგად მიმიღეს. დედამთილს ფიზიკური შრომა არ შეეძლო. ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი. საქმე ბევრი მქონდა. თუთუნი, ძროხა, თხა, ყანა, ბაღჩა – ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. დედამთილი მხოლოდ საჭმელს აკეთებდა. ქმარი შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ ჯარში წაიყვანეს, სამი წელი და რვა თვე ჯარში იყო. ერთი შვილი მყავდა მაშინ. გაჭირვებული დრო იყო.

 

ახლა მყავს სამი შვილი, 12 შვილიშვილი, და შვილთაშვილი, მოიცა დავითვალო, დავიბენი. ჟუჟუნაა ჩემი შვილი, მზევინარი შვილიშვილი, მისი გოგო – ბადიშის შვილი და იმის შვილები. სამი შვილთაშვილი მყავს.

 

ოჯახისა და ქმრის ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი ურთიერთობა გვქონდა ყველას ერთმანეთთან. ქმარი ძალიან კარგი მყავდა. ისეთი მოხერხებული იყო, ქუდბედიანს ეძახდნენ. შუახევში ელექტრიკოსად მუშაობდა. გვიყვარს ერთმანეთი, აბა რა!

 

აი ეს შვილიშვილის ცოლია, მაგრამ ისე მივლის, რომ, ტანსაც თვითონ მბანს.

 

ჩემს დროს რძლობა ძნელი იყო. ახლანდელი რაა. მამამთილთან საჭმელს ვერ შეჭამდი, თავდაუხურავი ვერ გაივლიდი, უფრო მეტი ტრადიციები იყო, პატარა ბავშვიც რომ შემოსულიყო, ფეხზე უნდა ამდგარიყავი. მამამთილის წინ ვერ დაჯდებოდი, კარის ძირში უნდა მჯდარიყავი. ფეხზე უნდა მდგარიყავი. რძალო, დაბრძანდიო, გეტყოდა, მაგრამ სამჯერ სანამ არ გაგიმეორებდა, ვერ დაჯდებოდი. წესი იყო ასეთი. ძველ დროში ასეთი იყო რძლობა. ახლა დანიშნული არიან და ტელეფონით ელაპარაკებიან მამამთილს. ახლა არც გარიგებით გათხოვებაა და ბევრი რამე შეიცვალა.

 

მომწონს ახლანდელი დრო. დრო ისეთია, რომ ყველას თავისი თავი მოსწონს, ყველას თავისი მოქმედება მოსწონს, ყველას საკუთარი აზრი აქვს და როგორც უნდა, ისე იქცევა. ახლა ვერ ეტყვი, ეს რატომ ჩაიცვი, ან რატომ გაიხადე, ისეთი დროა ახლა. დროს უნდა მივყვეთ. დრო შეიცვალა.

 

მთაში ყოველ წელიწადს დავდივართ. ახლა აქ ყველაფერია: წყალიც, შუქიც, გზაც. ჩემს ახალგაზრდობაში ლამფა გვქონდა მარტო და ლამფის შუქზე ვქსოვდი ჯერ ბავშვებისთვის, მერე -შვილიშვილებისთვის. წყალი სახლებში არ გვქონდა. ახლა ყველაფერი მომწონს. გაზი, მაცივარი, აბანო, თბილი წყალი – ყველაფერი გვაქვს. ახლა გავედი, თბილი წყლით დავიბანე ხელები. ეს რამდენს ნიშნავს.

 

ჩემი მეუღლე ახლა ბარშია. 91 წლისაა, ორი წლით უფროსი ვარ. სიბერეში სიყვარული არ არის, რომ დაბერდები, სხვანაირია მერე სიყვარული. ახალგაზრდობის სიყვარული და სიბერის სიყვარული ერთნაირი არ არის. ახლა ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. საუკეთესო და ახლო მეგობარია. მენატრება კი, მასაც ვენატრები, ვიცი. 10-12 დღეში წავალთ და ერთმანეთს ვნახავთ.

 

პენსია 300 ლარზე უნდა ავიდეს, ემატებაო, მეტი რა მინდა. კორონას დროს პროდუქტი მოგვიტანეს, დაგვეხმარნენ. ასე გვეხმარებიან. ამ ყველაფრისთვის მთავრობის მადლობელი ვარ.

 

ღმერთს მადლობა, არ გვიჭირს, მთავარია ჯანმრთელობა გვქონდეს, ჩემი შვილი მიცოცხლოს ღმერთმა და ჩემი შთამომავლობა კარგად ამყოფოს, რატომ უნდა შევაწუხო მთავრობა? ხელი უნდა გავაქანოთ, ვიშრომოთ და ჩვენი სამყოფი გვექნება. ყველაფერზე მთავრობას ხომ არ შევაწუხებთ? არაფერი არ მიჭირს, იარები შუქურ [ღმერთს მადლობა]. ჯანმრთელობა მინდა. 94-ე წელში ვარ ახლა და ერთადერთი, რაც მინდა, ქვეყნის, ახალგაზრდების კარგად ყოფნა და მშვიდობაა.“

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები