fbpx
23:12 | 2021-01-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მამამ შვილის თვალწინ დაჩეხა დედა – სად და როგორ ცხოვრობს შემზარავი მკვლელობის შედეგად დაობლებული გოგო

მამამ შვილის თვალწინ დაჩეხა დედა – სად და როგორ ცხოვრობს შემზარავი მკვლელობის შედეგად დაობლებული გოგო

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საზოგადოება ფემიციდზე ალაპარაკდა. მართალია, არც მანამდე იყო იშვიათი ქალთა მიმართ ძალადობა და ძალადობის შედეგად, მკვლელობის შემთხვევები, მაგრამ გასულ წლებში განსაკუთრებულად იმატა ან მედიის აქტიურობის შედეგად, ფატალური შემთხვევების შესახებ ინფორმაციები სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდებოდა.

 

დღეს, “პრაიმტაიმი” ფემიციდზე და დაობლებულ 12 წლის გოგოზე მოგიყვებათ, რომელიც ახლა, ბიცოლას მეურვეობის ქვეშ, საოკუპაციო ზოლთან ახლოს იზრდება და მშობლებზე მხოლოდ მოგონებებით ცოცხლობს. დედა ენატრება, მამა კი სძულს, რადგან სწორედ მამამ დააობლა, თანაც თავისი თვალით აყურებინა სისხლის გუბეებში დედის უსულო სხეულს…

 

ბავშვთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, მოზარდის სახელს ვცვლით ხოლო გვარს არ ვაკონკრეტებთ. მართალია, ის თავის მძიმე ისტორიას არ მალავს და ხშირად საუბრობს კიდეც, მაგრამ მის შესახებ მოკლედ მოგიყვებით.

 

ნინო 5 წლის იყო, როცა დედა მამამ მოუკლა. ცოლს მეუღლესთან მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე განქორწინება უნდოდა. მაშინ, ის ციხიდან ახალი გამოსული იყო, სასჯელს ყაჩაღობის გამო იხდიდა. ზუსტად იმ დროს, ნათია რუსთავში ხორცის მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა. ერთადერთი შვილი, ნინო საბავშვო ბაღიდან საღამოს სამსახურში მიჰყავდა და გვიან საღამოს, სახლში ერთად ბრუნდებოდნენ.

 

იმ საბედისწერო დღეს, ნათიას ქმარი სამსახურთან ჩაუსაფრდა, როცა ქალაქის ბაზართან ხალხი მიილია და მაღაზიიდან ყველა გავიდა, ის სავაჭრო ობიექტზე შეიჭრა, კარი შიგნიდან დაკეტა და ცოლს ნაჯახი მთავარ არტერიაში დაარტყა, მოძალადემ ეს არ იკმარა, ხორცის დასაჭრელი დიდი დანა აიღო და დაჩეხა. ნათია ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამ საზარელ შემთხვევას პატარა ნინიკო შეესწრო. ის მომხდარს ასე იხსენებს: “დედა ეხვეწებოდა, შეგირიგდები, ერთად ვიცხოვროთ ოღონდ არ მომკლაო, მაგრამ მამა მაინც ურტყამდა, კარი ჩაკეტა, რათა ვერ გავქცეულიყავით. დედა სისხლში ცურავდა. დედიკო ძალიან მენატრება, მამა კი, მძულს, მეზიზღება… მან დედა წამართვა” – ამბობს ნინიკო.

 

“პრაიმტაიმი” ნინიკოს ბიცოლას ესაუბრა, რომელიც ბავშვის მეურვეა. ოჯახი გორის რაიონში, სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს ცხოვრობს. სოფლის სასაფლაოდან ძალიან ახლოს ოკუპანტთა კოშკურები და ე.წ. სამხედრო ბაზაა მოწყობილი. სწორედ ამ საფლავზე დაკრძალეს 32 წლის ნათია.

 

თამარ ჩოჩიშვილს მულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ის ახლაც, თბილად იხსენებს და მულის პატივსაცემად მის შვილს თავის სამ შვილთან ერთად ზრდის. ოჯახი სოციალურად დაუცველია. პანდემიის გამო, ის საამქრო დაიხურა, სადაც მისი ქმარი მუშაობდა. ახლა, დღიური სამსახური იშვიათია, უარს არანაირ სამუშაოზე არ ამბობს, მაგრამ ოჯახისთვის არასტაბილური შემოსავალი საკმარისი არ არის.

 

მათგან სამი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, მათ კი, ერთი მობილური ტელეფონი აქვთ, ამიტომ დისტანციურ გაკვეთილებს რიგრიგობით ესწრებიან. თამარი მულიშვილს საკუთარისგან არ არჩევს და ცდილობს, უფრო მეტი გაუკეთოს. გული სწყდება, რომ ამის მატერიალური საშუალება არ აქვს. ის პატარა ნინიკოსთან ერთად სასაფლაოზე ხშირად მიდის, ერთად ტირიან დაკარგულ დედასა და მულს და თბილი დედიკოს ნაცლად, გაყინულ საფლავის ქვას ეფერებიან…

 

“ახალი გათხოვილი ვიყავი, როცა ჩემმა მულმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. ის მუდმივად ციხეში იჯდა, ბოლოს ყაჩაღობაზე დაიჭირეს. ციხიდან ახალი გამოსული იყო, როცა ის საზარელი დღე დადგა, როცა ოჯახის წევრი მხეცურად მოგვიკლა, მაშინ ნინიკო 5 წლის იყო. სამსახურთან ჩაუსაფრდა და ნაჯახით დაჩეხა, თან დანითაც ჩეხავდა.

 

ჩვენებაში აქვს აღნიშნული, მხოლოდ ნაჯახით მიყენებული ჭრილობით მკვლელობის ჟინი ვერ მოვიკალი და ამიტომ, დანაც დავიხმარეო. ნათიას მთავარი არტერია ჰქონდა გადაჭრილი და ის ადგილზე დაიღუპა.

 

ამ ტრაგედიაში ყველაზე საშინელი ისაა, რომ ყველაფერი თავისი თვალით ნინიკომ ნახა. ახლა, დედის მკვლელობის დეტალებს ხშირად იხსენებს, დედა ძალიან ენატრება, მამა კი, სძულს. ძალიან გახსნილი და აქტიური ბავშვია. ის მომხარითანავე ჩვენთან წამოვიყავნე, მაშინ თავად მისი თანატოლი შვილი მყავდა.

 

ნინიკოს ოფიციალური მეურვე გავხდი. ის ფსიქოლოგთანაც ვატარე. არასოდეს გამირჩევია ჩემი შვილებისგან. სამწუხაროდ, თავს ჯერ აგვისტოს ომი დაგვატყდა, რომელმაც რაიონი გააჩერა და ცხოვრება გაჭირდა, მერე ეს ტრაგედია და ბოლოს – პანდემია.

 

პანდემიის გამო, ჩემი ქმარი სამსახურში შეამცირეს. დღიურ მუშადაც ჭირს სამუშაოს მოძიება. არც ჩემი მამათილი თაკილობს მუშაობას და არც ქმარი, მაგრამ მაინც… ამ ყველაფერთან ერთად, ახლახანს ჩემს მამამთილს მუშაობისას თვალი გამოეთხარა, ოპერაცია გავუკეთეთ. მისი პენსია ფაქტობრივად, წამლებში გვეხარჯება. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რადგან ნინიკო ჩვენი ბიოლოგიური შვილი არაა, მრავალშვილიანობის სტატუსს არ გვაძლევენ და შესაბამისად, დახმარებაც არ გვაქვს.

 

არის დღეები, როცა საჭმელი ძალიან გვიჭირს. პატარებს არც ტანსაცმელი აქვთ და არც ჰიგიენური საშუალებები. მალე რაიონებში სწავლა სკოლებში იწყება და არ ვიცი, როგორ გავუშვა, რა ჩავაცვა. ოთხი ბავშვიდან სამი სკოლის მოსწავლეა. მართალია, მათ გაკვეთილები ერთდროულად აქვთ, მაგრამ რიგრიგობით ესწრებიან, რომელსაც მიუწრებენ. სამივე მონდომებულია, სწავლა უნდათ, მაგრამ პირობებს ვერ ვუქმნით.

 

უკიდურესად გვიჭირს და მაინც, პირველად მულიშვილს ვაპურებ, მას ვაძლევ იმას, რაც მაქვს, მერე ჩემს შვილებს… როცა ნინიკოს დედა ენატრება გულისმოსაოხებლად სასაფლაოზე ერთად მივდივართ და ჩვენს ნათიას ერთად დავტირით. მერე ბავშვებთან ერთობა და გულს ასე აყოლებს. ჩემი უფროსი შვილი, ვერიკო 12 წლისაა, ის ნინიკოს ტოლია, მარიამი 7 წლისაა, გელა კი 2 წლის.

 

ახლა, დახმარება იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე…” – ამბობს თამარ ჯოჯიშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X