fbpx
21:42 | 2020-05-02 ავტორი: თეონა აბესაძე

მამა უსინათლოა, დედა თურქეთშია – ბავშვებს ტუბერკულიოზ გადატანილი ბებია ზრდის

მამა უსინათლოა, დედა თურქეთშია – ბავშვებს ტუბერკულიოზ გადატანილი ბებია ზრდის

დედა წლებია წასულია, მამას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, არასრულწლოვანი ბავშვები ბებიასთან იზრდებიან, რომელსაც ტუბერკულიოზი აქვს გადატანილი.

 

34 წლის იოსებ ვარძელაშვილს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი ორი კვირის წინ დაუსვეს.

 

იოსები უსინათლოა. თხუთმეტი წელია, ვეღარ ხედავს და გადადგილებაში დედა ეხმარება.

 

დედამ, მარინა ვარძელაშვილმა, ტუბეკულიოზი გადაიტანა და მეთვალყურე და მომვლელი, თავადაც სჭირდება. სამი არასრუწლოვანი, ავადმყოფ ბებიასა და უსინათლო მამასთან ცხოვრობს. უფროსი თოთხმეტის, ხოლო უმცროსი რვა წლისაა.

 

 

სიმსივნით დაავადებული იოსებ ვარძელაშვილი ახლა დეიდასთან, რუსთავში იმყოფება, რადგან მიმხედი სხვა არავინ ჰყავს.

 

„დაახლოებით თხუთმეტი წელია, სოსო ვერ ხედავს. თვალის სინათლე გაჭირვების გამო დაკარგა, ოპერაციის გაკეთება ვერ შეძლო, იმდენად ძვირს უფასებდნენ. მერე ნერვიულობაზე, ეპილეფსია დაემართა.

 

ახლა ეს საშინელი დიაგნოზი. ისიც კი აღარ შეუძლია, რომ დაგელაპარაკოთ“, – უყვება პრაიმტაიმს დეიდა, ინეზა ვარძელაშვილი.

 

ვარძელაშვილების არასრულწლოვან ბავშვებს ბებია უვლის, რომელიც თავადაც ავადმყოფია. ბავშვებს შორის, შუათანას, ბრონქული პრობლემები აქვს და მასაც წამალი და მკურნალობა სჭირდება.

 

„წარმოიდგინეთ, ტუბერკულიოზ გადატანილი ქალი და არასრულწლოვანი ბავშვები ერთად, როცა პენსიის და დახმარების გარდა, არაფერი შემოსავალი არ არის.

 

ერთ ბავშვს ბრონქების სერიოზული პრობლემა აქვს, მეორეც განსაკუთრებული საჭიროებების მქონეა და გამუდმებული ყურადღება უნდა.

 

თვითონ მისახედი პატარები ხან უსინათლო მამას უჩვენებენ გზას, ხან ბებიას ეხმარებიან. უმძიმესი ვითარებაა“- ამბობს დეიდა.

 

დედის არყოფნა ბავშვების მდგომარეობას ორმაგად ართულებს. დედა, უკვე რამდენიმე წელია, თურქეთის რესპუბლიკაშია წასული და ბავშვებს მუდმივად ის ენატრებათ.

 

„წლებია წასულია, მზარეულად მუშაობს, ბავშვებს სულ ენატრებათ, ეუბნებიან, ჩამოდიო. მის საქციელს, შვილების მიტოვებას ვერ დავარქმევ, რადგან აქაურ ამბებს სულ კითხულობს, ამათი გაჭირვება იცის, მაგრამ ჩამოსვლით, ვერ ჩამოდის.

 

მე ვფიქრობ, უკეთესია, ოჯახთან იყოს, როცა შვილებს ასეთი გაჭირვება აქვთ“, – გვეუბნება ინეზა ვარძელაშვილი.

 

უსინათლო ახალგაზრდა მამაკაცის მკურნალობის საკითხი, ექიმებს ჯერ არ გადაუწყვეტავთ. ოჯახმა არ იცის, ჩაუტარდება თუ არა, მას ოპერაცია, რომლის ხარჯები ოჯახს არ აქვს.

 

„გამოკვლევა, თელავის უსინათლოთა ასოციაციამ დაუფინანსა. ახლა რა ეშველება, არ ვიცი. არაფრის საშუალება ამ ოჯახს არ აქვს. მე რაც შემიძლია, ვაკეთებ, მაგრამ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ“, – ამბობს დეიდა.

 

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატარა ვარძელაშვილები, ახლა მონატრებული დედის, კეთილი ადამიანებისა და უსინათლო მამის გამოჯანმრთელების მოლოდინით ცხოვრობენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

X