11:40 | 2020-03-17 ავტორი: თამარ გონგაძე

მალხაზ ქვრივიშვილი ინფარქტით კლინიკაში მოათავსეს

მალხაზ ქვრივიშვილი ინფარქტით კლინიკაში მოათავსეს

მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა მიოკარდიული ინფარქტი მიიღო. გუშინ, 16 მარტს საღამოს ექვს საათზე თავი ძალზედ შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მსახიობს სტენტი ჩაუდგეს და ის უკვე „პრაიმტაიმთან“ თავის პირველ კომენტარს აკეთებს.

 

მალხაზ ქვრივიშვილი: – გულის ფიცარი უცებ გამიხურდა, სიმძიმე დამაწვა, კუნთები მომიდუნდა – კისრის, ხელების, თვალთ დამიბნელდა. კიდევ კარგი დიღომში ვიყავი, მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა და მაშინვე გამომაქანეს „ჯო ენის“ კლინიკაში. და მიოკარდიული ინფარქტი აღმომაჩნდა! ჩამიდგეს სტენტი და კიდე ორი მაქვს ჩასადგმელი…

 

მახო, რამეზე ინერვიულე?

– სულ სანერვიულო არ არის ყველაფერი? გუშინ ჩემ პარტნიორს ველაპარაკებოდი ჩვენი კარაოკე კლუბის – „მეტროს“ დახურვაზე, რა ეშველება ჩვენთან მომუშავე პერსონალს-მეთქი, ვდარდობდი. ადამიანები ამ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი. შუქის და გაზის ფული რომ მოუვათ გადასახდელი, საჭმლის და გზის ფული რომ უნდათ, რა უნდა ქნან? შეიძლება ამაზეც ვინერვიულე. ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე.

 

– ახლა როგორ ხარ?

– ახლიდან დავიბადე. მადლობა ლაშა ჩანტლაძეს… ავდგები და გავივლი-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ჯერ არ მრთავენ ნებას. ასე მომიკაკუნა მიქელამ. მე ვუთხარი, მისამართი შეგეშალა, ბატონო, მიქელ-მეთქი. ახლა წავალ და სხვა დროს არ აგცდებაო, დამიბარა…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X