10:25 | 2021-10-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“მაკა, როგორ მიყვარხარ. შენთან ერთად თამაშზე ვოცნებობდიო. ამ სიტყვებმა მომატრიალა” – მაკა შალიკაშვილი თავის ახალ ეტაპზე

“მაკა, როგორ მიყვარხარ. შენთან ერთად თამაშზე ვოცნებობდიო. ამ სიტყვებმა მომატრიალა” – მაკა შალიკაშვილი თავის ახალ ეტაპზე

ნოემბრის დასაწყისში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერაა. ამჯერად შექსპირის უკვდავ “მაკბეტს” თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე დგამს.

 

ლედი მაკბეტის როლზე რეჟისორმა მაკა შალიკაშვილი დააკავა. მსახიობი გორის თეატრიდან მიიწვიეს, სასტუმროში დააბინავეს და როგორც ამბობს, ყველა პირობა შეუქმნეს, რომ თავი დაფასებულ არტისტად იგრძნოს.

 

ეს ერთიორად ზრდის ხელოვანის შრომისუნარიანობასა და საყვარელი საქმისადმი მიდგომის ხარისხს ამაღლებს.

 

მაკა შალიკაშვილი: – ბატონ კოტე აბაშიძეს არ ვიცნობდი. ჩვენ არანაირი ნაცნობობა არ გვაკავშირებდა. უბრალოდ იცოდა, რომ გორის თეატრის მსახიობი ვარ. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის, დათო ჩხარტიშვილის საშუალებით, დამიკავშირდა და ლედი მაკბეტის როლი შემომთავაზა.

 

2021-10-06"ნინო კასრაძემ ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა" - სპექტაკლს მოწყურებულმა მაყურებელმა ბილეთები აღარ დატოვა

 

როლზე უარი ვერაფრით ვთქვი. მსახიობის ცხოვრებაში ეს ისეთი როლია, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ქალი ვერ იტყვის უარს.

ყოველთვის აქტუალური, მნიშვნელოვანი, გენიალური დრამატურგის, უილიამ შექსპირის “მაკბეტში” თამაში დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა.

 

ეს არის გრანდიოზული პროექტი, 75 ადამიანის მონაწილეობით. მასში დასის თითქმის ყველა მსახიობი თამაშობს. სპექტაკლს მუსიკალურად საოპერო გუნდი აფორმებს. მიწვეული მსახიობი მხოლოდ მე ვარ.

 

რეჟისორზე ახლობელი და გულშემატკივარი, მე ამ თეატრში არავინ მყავს. ამიტომ ამ როლს ვითამაშებ, თუ ვერ ვითამაშებ, თავიდან ბოლომდე კოტეს “ბრალი” იქნება.

 

მის მიმართ მე დიდი პასუხიმგებლობა და მადლიერება მაქვს.

 

როდესაც სხვა ქალაქის თეატრში მიწვეული ხარ და “სხვა მოედანზე” თამაშობ, დიდი შიში გიპყრობს. არის მომენტები, როცა გინდა დაყარო ყველაფერი და გაიქცე. მერე როდესაც გხვდება ადამიანი (ამ შემთხვევაში ეს იყო მსახიობი გივი საღინაშვილი) და გეუბნება: მაკა, როგორ მიყვარხარ და რა ბედნიერებაა, ჩვენთან ერთად რომ თამაშობ, ვოცნებობდი, შენთან ერთად სპექტაკლში მეთამაშაო, აი, ამ გულწრფელმა სიტყვებმა მომატრიალა.

 

 

მანანა გოგლიჩიძემ, სასტუმროში დამაბინავა. ნომერში რომ შევედი, მაშინ პირველი რაც გავიფიქრე იყო, ვითომ ასეთ საწოლში ძინავს ლედი მაკბეტს-მეთქი.

 

ჩემმა უსაყვარლესმა კეთილმა ადამიანებმა, ყველა პირობა შემიქმნეს, რომ მე თავი ქუთაისში კარგად ვიგრძნო. მათ შორის, ალეკო ფურცხვანიძემ (ჩემი პარტნიორია, მაკბეტის როლში), სულხან გოგოლაშვილმს (მსახიობი და დირექტორია)…

 

მსახიობი ბედნიერი, გაბრწყინებული და გახარებული უნდა იყოს, რომ როლი ითამაშოს.

 

ნახევრად ხუმრობით რომ ამბობენ, მსახიობს უნდა შიოდეს, უნდა წყუროდეს, უბედური იყოს, რომ როლი კარგად ითამაშოსო. არამც და არამც, მეგობრებო! მსახიობი ჩემსავით პატივმიგებული უნდა იყოს. გორიდან ქუთაისში ჩამოვედი და ისეთ პატივში ვარ, მაქვს ყველა პირობა, როლზე ვიმუშაო.

 

 

ყველაფერი როლისთვის მზადებაა: სად იძინებს მსახიობი, სად დგება, დილა როგორი აქვს. “ლედი მაკბეტური” ლამბაქი და ფინჯანი მზია ჩიხლაძემ მაჩუქა და განწყობას ძალიან მიმაღლებს.

 

როგორ იწყებ დილას ყავით, როგორ გამოდიხარ სასტუმროდან, როგორ თბილად გეგებებიან ქუთაისლები და თეატრში ბედნიერი შედიხარ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მსახიობი ბედნიერებით და მადლიერებით მაძღარი უნდა იყოს, დაფასებული უნდა იყოს.

 

მსახიობზე ამბობენ ჭირველია და რთული ადამიანები არიანო. არა ბატონო, მათ მხოლოდ დაფასება სჭირდებათ. ის თუ ამას ხედავს, ათასმაგად ბედნიერდება და ნიჭიერდება. და შემდეგ შედეგს დებს.

 

ლედი მაკბეტი დადებითი პერსონაჟი არ არის. ძალაუფლების მოყვარე ქალია. ყველა უარყოფით ადამიანში უნდა დავინახოთ, ხასიათის რა კარგი შტრიხი შეიძლება ჰქონდეს, რატომ გახდა ის ასეთი. როდესაც ადამიანი მოიპოვებს ძალაუფლებას, მაშინ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად.

 

თუ მე და რეჟისორმა შევძელით და მაყურებელს დავანახეთ, თუ როგორ ნანობს ეს პერსონაჟი თავის საქციელებს, რომ არასოდეს მაყურებელი ასე არ უნდა მოიქცეს, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. ამიტომ არის გენიალური შექსპირი. ის სულ აქტუალურია.

 

 

შემოქმედებითად პირველად ვთანამშრომლობ ქუთაისთან. უსაყვარლესი ადამიანები არიან აქ. თავს არც ერთ ქალაქში მარტო არ ვგრძნობ. მით უმეტეს, აქ, ქუთაისში. ხელოვნების აკვანი ხომ აქ დაირწა.

 

ბევრ ქუთაისელს ვიცნობ. მათ შორის გამოვყოფ, ჩემს საყვარელ ადამიანებს: უკეთილეს კოკი კიწმარიშვილს, ჩემს მეჯვარეს ანა ჩოგოვაძეს, ეკა მგალობლიშვილს, კახი მაჭავარიანს, გიორგი უჩავას, მებუფეტე, ნატო დეიდას… შევიძინე ბევრი მეგობარი. არ ვიცი, საიდან დავიწყო და სად დავამთავრო.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!