15:12 | 2020-05-14 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ლეგენდარული თაღლითი ქალი, რომელიც სიყვარულმა დაღუპა

ლეგენდარული თაღლითი ქალი, რომელიც სიყვარულმა დაღუპა

 

ქალთა ისტორიები

მოთხრობებს წერდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად ჭკვიანურად შეეძლო მას მამაკაცების მოტყუება. მასზე ქმნიდნენ სიმღერებს, იღებდნენ ფილმებსა და სერიალებს. მის საფლავზე მუდმივად დევს ახალი ყვავილები, ხოლო კვარცხლბეკი დაფარულია წარწერებით: „სონია, დაგვეხმარე, საძმო არ დაგივიწყებს“. მისი ცხოვრების ისტორიის განსხვავება მხატვრული ლიტერატურისგან ძნელია, მაგრამ შევეცდებით, ყველაზე ცნობილი კრიმინალი ქალის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები შემოგთავაზოთ.

 

სოფია ბლუმშტეინს ეძახდნენ შეინდლ-სურას ლეიბოვნა სოლომონიაკის. მან სოფია თავად დაირქვა და, სავარაუდოდ, დაბადების თარიღიც მოიგონა: 1846 წლის 1 აპრილი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ნათლობისას, სოფია გახდა მარია და დაბადების თარიღადაც 1841 წელი მიუთითა.

 

ლეგენდარული თაღლითი ქალი

 

სოფიას უფროსი და ასევე ნიჭიერი ქურდი იყო. მამა ყიდულობდა მოპარულ საქონელს და კონტრაბანდით იყო დაკავებული, ხოლო გოგონა პატარაობიდანვე გამოიმუშავებდა კრიმინალურ უნარებს და ქურდებს შორის ტრიალებდა.

 

სონია სრულყოფილად ფლობდა 5-6 ენას, უკრავდა, კარგად მღეროდა, იცოდა, როგორ მოქცეულიყო საზოგადოებაში და ყოველთვის წარმოადგენდა თავს გრაფინიად ან ბარონესად.

 

ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი. სონიამ იცოდა, როგორ გაეკეთებინა სწორი მაკიაჟი, დაეწებებინა წამწამები და დაეხურა პარიკი.

 

ჰქონდა სამსახიობო ნიჭი და ჯადოსნური ხიბლი.

 

მას ყოველთვის დიდი მოწონება ჰქონდა მამაკაცებს შორის, თუმცა არასდროს ყოფილა ლამაზი.

 

„სიმაღლით 153 სმ, თეთრი პირისახით, ცხვირი – ფართე ნესტოებით, თხელი ტუჩებით, მეჭეჭი მარჯვენა ლოყაზე“, – ასე აღწერდნენ სონიას პოლიციის დოკუმენტებში.

 

 

ერთი ვერსიის თანახმად, სონიას მეტსახელი „ოქროსხელება“ ბავშვობაში შეერქვა:

 

მუსიკის მასწავლებელი მუდმივად აქებდა და ეუბნებოდა: „შენ ოქროსხელება გოგო ხარ“.

 

სინამდვილეში სონიას ჰქონდა ოქროს სამკაულებით დამძიმებული, გრძელი თითები, ხოლო გრძელი ფრჩხილების ქვეშ ოქროულობის მაღაზიიდან მოპარულ ძვირფას თვლებს მალავდა.

 

გარდა ამისა, სონიას ფეხსაცმელზე სპეციალური ქუსლები ჰქონდა, რომლითაც სამკაულებს „იწებებდა“.

 

ეცვა კაბა-ტომარა, რომლის ქვეშაც ქსოვილის მთელი რულონის დამალვა შეეძლო და ჰყავდა გაწვრთნილი მაიმუნი. ვიდრე ქალი ვაჭრობით იყო გართული, მაიმუნი ყლაპავდა ძვირფას თვლებს და სახლში ოყნის საშუალებით „ათავისუფლებდა“.

 

სონია რამდენჯერმე დაქორწინდა. მოატყუა ქმრები და გაასუფთავა ისინი ბოლომდე, მაგრამ ამავე დროს, შეძლო, შეენარჩუნებინა მათთან არა მხოლოდ კარგი ურთიერთობა, არამედ საქმიანი კონტაქტებიც. სონიას მიერ დაგეგმილ რამდენიმე ქურდობაში მისი ყოფილი სამი ქმარი მონაწილეობდა.

 

სონიას ეკუთვნის სასტუმროებში გაქურდვის ორიგინალური მეთოდი, სახელწოდებით – „გუტენ მორგენ“.

 

 

ქალი ბინავდებოდა ძვირადღირებულ სასტუმროში, აკვირდებოდა მობინადრეებს.

 

გულდასმით შეისწავლიდა სასტუმროს ოთახების განლაგების გეგმას, გამოითვლიდა უმდიდრეს სტუმარს და დილით ადრე, ჩუმად შედიოდა მსხვერპლის ოთახში.

 

თუ მოულოდნელად სტუმარი გამოფხიზლდებოდა, ეტყოდა, რომ ნომერი შეეშალა.

 

მატარებელში ქურდობა სონიას კიდევ ერთი სპეციალობა იყო. თავიდან მესამე კლასის ვაგონებში წვრილმანი ქურდობით დაიწყო და მხოლოდ ერთხელ დაიჭირეს ფაქტით.

 

მას ბრალი წაუყენეს იუნკერ გოროჟანსკის ჩემოდნის ქურდობისთვის, მაგრამ მან შეძლო ყველა დაერწმუნებინა, რომ შეცდომით აიღო ჩემოდანი. გოგონა გაუშვეს, რის შემდეგაც ის უფრო ფრთხილი გახდა.

 

ნიჭიერი ქურდი  უფრო მარალი კლასის ვაგონებში ძარცვაზე გადავიდა. დახვეწილად ჩაცმული სონია თავს მარკიზად, მდიდარ გრაფინიად ან მდიდარ ქვრივად ასაღებდა.

 

იცინოდა, ფლირტს აბამდა და ელოდა მსხვერპლის დაძინებას. თუ მამაკაცი ვერ იძინებდა, საძილე აბებით „ეხმარებოდა“ მას. ამ გზით, სონიამ ციმბირელ ვაჭარს 300 000 მანეთი მოჰპარა, ხოლო გენერალ ფროლოვს – დაახლოებით 213 000.

 

სონიას რეპუტაცია კრიმინალურ სამყაროში დღითიდღე იზრდებოდა. 1872 წელს მან მიიღო შეთავაზება, შესულიყო რუსეთის თაღლითების უმსხვილეს კლუბში, „ყვავის ვალეტი“, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ უკვე თავად ხელმძღვანელობდა მას.

 

სონია ბევრჯერ ჩავარდა. ის გაასამართლეს პეტერბურგში, ვარშავასა და კიევში, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა, გამამართლებელი განაჩენი მიეღო, ვიდრე ახალმა შეყვარებულმა არ უღალატა.

 

20 წლის სიმპათიური მამაკაცი, ქურდი ვოლოდია კოჩუბჩიკი, სწრაფად მიეჩვია საყვარელი ქალის ხარჯზე ცხოვრებას. ბანქოში სონიას ფულს აგებდა, ქალი კი ისევ რისკზე უნდა წასულიყო.

 

ნერვიულობის გამო შეცდომების დაშვება დაიწყო და საბოლოოდ, ჩავარდა. მოსკოვში გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, სონია გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს, ხოლო მისი ახალგაზრდა შეყვარებული, რომელსაც 6 თვე შინაპატიმრობა აკმარეს, გაიქცა სამხრეთში მდიდარი მიწის მესაკუთრე გახდა.

 

სონია საპატიმროდან გაიქცა და ისევ ძარცვას მიჰყო ხელი. რამდენიმე გახმაურებული ქურდობის შემდეგ, მას კატორღა მიუსაჯეს, საიდანაც სამჯერ სცადა გაქცევა და სამჯერვე წარუმატებლად. მეორე მცდელობის შემდეგ გაწკეპლეს და ბორკილები დაადეს, რომლებიც სამი წელი ატარა.

 

ანტონ ჩეხოვმა თავის წიგნში – „კუნძული სახალინი“, მსჯავრდებული სოფია ბლუმშტეინი აღწერა:

 

Соньку Золотую Ручку заковывают в кандалы

 

„ეს არის პატარა, თხელი, უკვე ჭაღარა ქალი, დაჟეჟილი, მოხუცებული სახით.

 

ხელებზე ბორკილები აქვს, ნარზე კი მხოლოდ ნაცრისფერი ცხვრის ტყავი აქვს დაგებული, რომელიც მისთვის ტანისამოსიცაა და ქვეშაგებიც.

 

ის საკანში კუთხიდან კუთხეში დადის და ჰაერს მახეში გაბმული თაგვივით ისუნთქავს.

 

სახის გამომეტყველებაც თაგვის აქვს. მისი დანახვისას ვერ ვიჯერებ, რომ ბოლო დრომდე იგი იმდენად მშვენიერი იყო, რომ ციხის თანამშრომლები მოხიბლა.

 

ბევრი ლეგენდა არსებობს სონიას გარდაცვალების შესახებ.

 

ამბობენ, რომ მისი ცხოვრება კატორღაში არ დასრულებულა, სონია გაიქცა, ხოლო მის ნაცვლად სასჯელს სხვა ადამიანი იხდიდა.

 

ციხის ხელისუფლებაც კი არ იყო დარწმუნებული, რომ საკანში ნამდვილად სოფია ბლუმშტეინი იყო. ზოგი ამბობს, რომ იგი გარდაიცვალა მოსკოვში, 1920 წელს, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ომის შემდეგ – 1947 წელს.

 

ამავე რუბრიკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ: 

 

„ენი, კარგად ხარ?“ – უცნობი გოგონას ისტორია, რომლის ტუჩებსაც უკვე 300 მილიონზე მეტი ადამიანი შეეხო

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X