fbpx
22:49 | 2020-06-08 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ლაზი არ ვარ, მაჭახელელი ქართველი ვარ!“ – „გელინოს“ და „ჯილველოის“ შემსრულებელმა ქართული სიმღერები შვილებსაც შეასწავლა

„ლაზი არ ვარ, მაჭახელელი ქართველი ვარ!“ – „გელინოს“ და „ჯილველოის“ შემსრულებელმა ქართული სიმღერები შვილებსაც შეასწავლა

ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და „თურ­ქე­თის ქარ­თველ მარ­გა­ლი­ტად” წო­დე­ბუ­ლი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) საქართველოს და ქართველების დიდი სიყვარულით გამოირჩევა. 56 წლის ქართველი მომღერალი, ლაზურ და თურქულ სიმღერებსაც შესანიშნავად ასრულებს.

 

საქართველოში, მისი პირველი ალბომი, 2005 წელს გამოვიდა, სადაც ყველაზე ცნობილი სიმღერებია ჩაწერილი – „გელინო“, „ჯილველოი“, „განდაგანა“, „ელია გოგო“…. გარდა იმისა, რომ ბაიარი ქართულად კარგად საუბრობს, აღმოჩნდა, რომ წერა-კითხვაც საუკეთესოდ იცის, თუ არ ჩავთვლით, როგორც თავად ამბობს, ცუდი კალიგრაფია აქვს. მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი თა­მა­რა, იუ­დუმ და დამ­ლა შა­ჰი­ნე­ბი, მა­მის მსგავ­სად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რი­ან და ქარ­თუ­ლადაც კარგად სა­უბ­რო­ბენ.

სად არის და რას საქმიანობს „მამლუქის“ მთავარი გმირი ხვიჩა - გზა ვარსკვლავბიჭუნადან ბრძენ გურუმდე!
2020-01-06სად არის და რას საქმიანობს „მამლუქის“ მთავარი გმირი ხვიჩა - გზა ვარსკვლავბიჭუნადან ბრძენ გურუმდე!

 

 

 

„პრაიმტაიმი“ ქართველ მომღერალს თურქეთში დაუკავშირდა:

 

– ჩემი ქართული გვარია – გუნდარიძე. წარმოშობით მაჭახელიდან ვარ. ჩვენი გვარი, არსად არ გადასახლებულა. მაჭახელაში დავიბადე, მაგრამ 42 წლის წინ, ოჯახთან ერთად სტამბულში გადავედი საცხოვრებლად და დღემდე აქ ვცხოვრობ. დავამთავრე სტამბულის კონსერვატორია, მუსიკალური განათლება თურქეთში მივიღე. 13 წლიდან აქ ვარ.

 

მაჭახელი, ტაო-კლარჯეთში ართვინის გუბერნიაში – ბორჩხაში მდებარეობს. მაჭახელის ხეობაში – 18 სოფელია. ექვსი სოფელი, საზღვრის გაყოფის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო 12 – საქართველოს ტერიტორიაზე. ექვსი სოფელი, რომელიც თურქეთში დარჩა, ესენია – ხერთვისი, ეფრატი, ქვაბითავი, აკრია, მინდიეთი, ზედვაკე. მე სოფელ ქვაბითავში დავიბადე. ბებიაჩემი, სოფ. ჩხუტუნეთიდან იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა. საქართველო-თურქეთის საზღვრების გაყოფამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჩხუტუნეთიდან ქვაბითავში გამოთხოვდა.

 

რა გვარი იყო ბებია?

 

– ბებია, ხანი ბეი გვარად ქობულაძე იყო. იმ პერიდში, ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ, დედ-მამასთან წასვლის პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ როცა საზღვრები ჩაიკეტა, სულ ჩხუტუნეთზე ტიროდა, ვერც დედ-მამის საფლავზე ჩადიოდა. ექვსი წლის ვიყავი, ბებია რომ გარდამეცვალა. ბავშვობაში რასაც მიყვებოდა, ყველაფერი მახსოვს. ჩემი საქართველოსთან კავშირი, მისი დამსახურებაა. სწორედ, მისი მონათხრობიდან დავინტერესდი მაჭახელის სოფლებზე, ბათუმზეც გაგონილი მქონდა, რამაც საქართველოს სიყვარული, კიდევ უფრო გააძლიერა. 13 წლის მერე აქ ვარ და ამიტომ ძალიან მოვწყდი ქართულ კულტურას. საქართველოდან საკმაოდ შორს მომიწია ცხოვრება, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ქართული მუსიკით დავინტერესდი.

 

 

ძალიან კარგად საუბრობთ, ქართულად…

 

– მთელი ცხოვრება ქართულად ვსაუბრობ. ძალიან კარგად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ სამაგიეროდ, ვმღერი ქართულად.

 

როდის იმღერეთ პირველად ქართულად?

 

– პირველად, 1990 -იან წლებში ვიმღერე. იმ პრიოდში, თურქეთში, უცხო ენაზე სიმღერა და საუბარი, ოფიციალურად არ იყო შესაძლებებელი. მე სახელმწიფო ტელევიზიაში, ჩემი საავტორო გადაცემა გავაკეთე. ამ გადაცემის ორგანიზატორიც და წამყვანიც მე ვიყავი. ძირითადად, ტელევიზია მაფინანსებდა. 2013 წელს აჭარის, გურიის და იმერეთის მხარეები შემოვიარე და უამრავი ქართული სიმღერა ჩავწერე, რომლებიც თურქეთის ტელევიზიის არხზე გავიდა. იმ პერიოდში, ტელევიზიაში ფინანსური პრობლემები შეიქმნა და არხი დავტოვე. ჩემი პროექტი, სწორედ, ამის შემდეგ დასრულდა. დაახლოებით 2010-12 წლებში, მას მერე, რაც პოპულარული გავხდი, თურქეთის ტელევიზიაში, რადიოში, ქართულად მე ვიმღერე. ჩემი სოლო ალბომის დისკიც კი გამოვუშვი.

 

პირველი, ვინც ლაზურად იმღერა…

 

– პირველი სიმღერა ლაზურად, როკ-ანსამბლმა – „ზღვის შვილები“ შეასრულა. ამის შემდეგ, ქაზიმ ქოინჯუმ (ლაზი პოლიტოლოგი და მუსიკოსი) იმღერა, რომელიც სოლისტი იყო გიტარაზე. თურქეთში პირველი ლაზური სიმღერები, სწორედ მათ იმღერეს.

 

 

მე, ქართულ სიმღერებს ვმღერი და პირველი ვიყავი, ვინც ქართული სიმღერა შეასრულა. ლაზი არ ვარ და არც ლაზური ვიცი, მაგრამ ლაზური და მეგრული სიმღერები ვისწავლე, რომლებიც ჩემს რეპერტუარში შევიტანე. აფხაზური სიმღერაც კი შევასრულე, მაგრამ პირველად, ქართული სიმღერა შევასრულე. ბევრჯერ დაიწერა, ბაიარ შაჰინი თურქეთში მცხოვრები ლაზი მომღერალიო. მართალია, ლაზებიც ქართველები არიან, მაგრამ რაც სიმართლეა, ის მინდა დაიწეროს. სულ ვეუბნები ლაზებს, თქვენ ქართველები ხართ მეთქი. მაგრამ მე რომ ლაზი მიწოდონ, არ იქნება სიმართლე. მე მაჭახელელი ქართველი ვარ და მინდა ასე მომიხსენიონ.

 

ასწავლით სიმღერებს?

 

მასწავლებელი არ ვარ და არც სიმღერებს ვასწავლი. სამი ქალიშვილი მყავს, რომლებიც მღერიან და ჩამოაყალიბეს ანსამბლი „სამი და“. ორმა მათგანმა, სტამბულის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა და მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მუშაობენ. მათ თავიანთი გუნდი ჩამოაყალიბეს. მესამე ვიოლინოზე უკრავს და წელს ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს.

 

 

თქვენ ასწავლეთ ქართული სიმღერები?

 

– რა თქმა უნდა, პირველად, მე ვასწავლე და ამის შემდეგ, ერთად ქმნიან ქართულ სიმღერებს. მასწავლებლად არ მიმუშავია, მაგრამ ჩემი გამოშვებული შვიდი დისკიდან, ბევრმა მათგანმა, შეიძლება თავისითაც კი ისწავლა.

 

დაოჯახებულები არიან?

 

– ჯერჯერობით არა.

 

 

ქართველ სიძეზე, რა აზრის ხართ?

 

– როგორ ფიქრობთ! რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ ვერ ვეტყვი, ქართველის გარდა, არავის გაყვეთ ცოლად-მეთქი! გამიხარდებოდა ძალიან, თუ ბედია იქნებ კიდეც მოხდეს სასწაული. მე ქართველი ვარ და ჩემ ქართულ კულტურას ვემსახურები და ამით ვამაყობ! ვნახოთ, რას ინებებს უფალი.

 

თქვენი სარწმუნოება..

 

– მე მუსლიმანი ვარ.

 

თქვენი მეუღლე…

 

– ჩემი მეუღლეც – მიჰრიე შაჰინ მაჭახლიდან არის, გვარად კორტანიძეა. მუსიკალური განათლება არ აქვს, დიასახლისია.

 

პირველი ქართული სიმღერა…

 

– ჩემი პირველი ქართული სიმღერაა – „ჯილველოი ნანაიდა“, რომელიც 1987 წელს, ერთ-ერთ ქორწილში შევასრულე.

 

 

ყველაზე წარმატებული სიმღერა…

 

„ელია გოგო“, „ჯილველოი“, „გელინო“, „რა სამშობლო მქონია“, „მენატრები ჩემო ხულო“. ყველაზე მეტი „ელია გოგომ“ მოიტანა. ისე, თურქულ ხალხურ სიმღერაბსაც დიდი წარმატება ჰქონდა.

 

ბოლოს როდის სტუმრობდით საქართველოს?

 

3 მარტს საელჩოს ღონისძიებაზე ჩამოვედი. ბათუმში ბინა მაქვს და ხშირად დავდივარ, თბილისშიც კი ვიყავი.

 

რომელ ქართველ მომღერლებთან გაქვთ კონტაქტი?

 

ძალიან ბევრ ქართულ ანსამბლებს და მომღერლებს ვეკონტაქტები. ჩემს გადაცემაში, ყოველთვის ჩამომყავდა საქართველოდან მომღერლები – ჯგუფი „შინი“, ზუმბა, ანსამბლი სამეგრელოდან, ქალთა ვოკალური ანსამბლი ბათუმიდან. ჩემი სიმღერის „რა სამშობლო მქონია“ავტორი მერაბ მამულაშვილი, საპატრიარქოს სტუდიაში მუშაობს. სწორედ მასთან ვკონტაქტობ და ხშირად ერთად ვქნით მუსიკას. ასევე ნიაზ დიასამიძე, ბათუმშიც ბევრი მეგობრები მყავს, „ქართული ხმები“, „ბასიანი“, ქართული ფლკლორის ცენტრი, ასევე ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილი.

 

სამომავლო გეგმები…

 

ახალ პროექტს ვაკეთებ – „გრანდი“, სადაც კონსერვატორიაში და კულტურის სამინისტროში დიასპორის დეპარტამენტიში. ეს პროექტი თითქმის დავასრულეთ, მაგრამ წინ, კიდევ ბევრი გეგმები მაქვს.

 

რას ეტყოდით ქართველ ხალხს?

 

გიყვარდეთ ერთმანეთი. ცხოვრება, სიყვარულის გარეშე, შეუძლებელია. არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ცხოვრობ, თურქეთში, ამერიკაში, ევროპაში თუ თუნდაც ირანში, მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს. თუ ერთმანეთი არ გიყვართ, სხვა ერს თავს ვერ შეაყვარებთ. სიყვარულის გარეშე, აზრი არ აქვს სიცოცხლეს!

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X