16:08 | 2021-04-01 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ლარის კურსის ვარდნა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობისა და პოლიტიკური კრიზისის გამოც ხდება – ინტერვიუ ლადო პაპავასთან

ლარის კურსის ვარდნა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობისა და პოლიტიკური კრიზისის გამოც ხდება – ინტერვიუ ლადო პაპავასთან

ბოლო დღეებში ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა. საზოგადოებაში პანიკის ნიშნებიც კი იგრძნობა, ამის გამო. პროფესორი ლადო პაპავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გარდა გარე ფაქტორებისა, ლარის კურსის ასეთ ცვლილებაზე პოლიტიკური არასტაბილურობა და ვაქცინაციის პროცესის მიმართ უნდობლობაც ახდენს გავლენას.

 

– ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დამოკიდებულია ქვეყნის როგორც გარე, ისე შიგა ფაქტორებზე. ამიტომ, ხშირად, კრიტიკული დამოკიდებულება ლარის მიმართ უცოდინარობასთანაა დაკავშირებული, რადგან პრობლემა არ არის ლარში. პრობლემა გახლავთ ქვეყნის ეკონომიკაში და ლარი ასახსვს სწორედ ქვეყნის ეკონომიკას და ასევე, თუ როგორ ექცევა ლარს ეროვნული ბანკი.

 

ხშირად მომყავს მაგალითი: თუ თერმომეტრი აფიქსირებს მაღალ სიცხეს, ეს არ არის თერმომეტრისა და ვერცხლისწყლის ბრალი. ის მაღალ სიცხეს აფიქსირებს იმიტომ, რომ ადამიანი (ამ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა) არის ავად ან და თერმომეტრი (ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი) არ მუშაობს სწორად.

 

რაც ლარზე გავლენას ახდენს, პირველი და უმთავრესი არის დოლარის გამყარება, რაც გამოიწვია აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელმაც საკმაოდ დიდი დახმარება გამოყო ეკონომიკისთვის – უდიდეს თანხებზეა ლაპარაკი. ამან გააჩინა ქვეყანაში იმედისა და ოპტიმიზმის განცდა. ამას ემატება მასობრივი ვაქცინაცია, რომელიც კოვიდის დასასრულის წინაპირობაა. ბუნებრივია, რომ ასეთი მომავლის პერსპექტივამ ძალიან შეუწყო ხელი დოლარის გამყარებას. ამიტომ, თუ მსოფლიოში დოლარი მყარდება, ის გამყარდება საქართველოშიც.

 

მეორე მიზეზი გახლავთ თურქეთში მიმდინარე პროცესები, რომელიც ბოლო წლებში, სამწუხაროდ, დიდი სტაბილურობიობით არ გამოირჩევა. იქ ძალიან სერიოზული ნახტომი ჰქონდა ბოლო პერიოდში თურქული ლირის გაუფასურებას, რასაც შედეგად მოჰყვა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გადაყენება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ თურქეთი და როცა თურქეთში ლირა მერყეობს, ეს გვინდა თუ არა, აუცილებლად აისახება ლარზეც.

 

გვაქვს შიგა პრობლემებიც, რა თქმა უნდა: არის ხნგრძლივი პრობლემები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და არის მიმდინარე პრობლემები. ანგრძლივ პრობლემებს შორის გახლავთ ქვეყნის არასწორი ეკონომიკური განვითარება. როცა ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე. მაშინ, როდესაც ეკონომიკა უნდა განვითარებულიყო რეალური სექტორების ხელშეწყობით. რეალურ სექტორში, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას და ეს ორი დარგი უნდა განვითარებულიყო. პანდემიამ დღეს გვიჩვენა, რომ სურსათის პრობლემის გადაწყვეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და მათი გადამამუშავებელი საწარმოების არსებობას. ამის გაკეთება შესაძლებელია სწრაფად და აუცილებლად გასაკეთებელია.

 

რაც შეეხება მეორე შიგა პრბლემას, ეს გახლავთ ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უნდობლობა. ეს ძალიან ცუდია და ზემოთ მოყვანილი ამერიკის მაგალითი გავიხსენოთ. სამწუხაროდ, მოხდა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მედდა გარდაიცვალა აცრის გამო და ამან შექმნა საზოგადოებაში ძალიან უარყოფითი ფონი, მაგრამ სხვა გზა არ არის, ვაქცინის გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება და კრიზისიც არ შეჩერდება. 

 

 

პოლიტიკური არასტაბილურობაც აისახება ლარის კურსზე. უკვე დიდი ხანია, ამ პროცესში ვიმყოფებით და ყველა ქვეყანაში ზუსტად ასეთი შედეგი დადგებოდა. იმედი გვქონდა, რომ გუშინ შედგებოდა შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეთანცხმება ვერ შედგა და ბუნებრივია, ლარზე აისახა.

აშკარაა, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტისა და ამერიკული დოლარის სტაბილურობაზე ჩვენ გავლენას ვერ ვიქონიებთ. საჭიროა ზემოქმედება შიგა ფაქტორებზე, რაც არის რეალური და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს საქართველოს მთავრობამ.

 

რასაც აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში (პერიოდულ ინტერვენციებს ვგულისხმობ), ეს კეთდება არა იმიტომ, რომ ლარის სიმყარ შევინარჩუნოთ, არამედ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა ლარის გაუფასურებაში, რაც გარდაუვალი პროცესია.

 

ერთ რეკომენდაციას მივცემდი საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს: შევაჩერებდი ლარიზაციის პროცესს, რაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას (ლარიზაცია – საზოგადოდ, ამ პროცესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისთვის უპირატესობას ანიჭებენ ეროვნულ ვალუტას. კერძოდ, საკუთარი ნებით დანაზოგს ინახავენ ეროვნული ვალუტით, ნაცვლად უცხოური ვალუტისა და ასევე საკუთარი ნებით სესხებს იღებენ ეროვნული ვალუტით, ნაცვლად უცხოური ვალუტისა, ფასებს აფიქსირებენ (მათ შორის გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე: ბინა, მანქანა და სხვ) ეროვნული ვალუტით, ნაცვლად უცხოური ვალუტისა).

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X