13:45 | 2020-04-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“ლანა ღოღობერიძეს პირველად მოვუხდი საჯაროდ ბოდიშს” – მზია მაღლაკელიძე გულში ჩარჩენილი ხინჯისგან გათავისუფლდა

“ლანა ღოღობერიძეს პირველად მოვუხდი საჯაროდ ბოდიშს” – მზია მაღლაკელიძე გულში ჩარჩენილი ხინჯისგან გათავისუფლდა

83 წლის მსახიობი, მზია მაღლაკელიძე უკვე რამდენიმე წელია ნიუ-იორკში მომღერალ ქალიშვილთან, ნუცა შანშიაშვილთან ცხოვრობს და შვილიშვილის აღზრდაში მონაწილეობს.

 

მთელი ცხოვრება ვცდილობდი გარყვნილი ქალის იმიჯი შემექმნა, მაგრამ არ გამომივიდაო, ერთ ინტერვიუში თქვა მსახიობმა, რომლის ანგარიშზეც ქართული კინოს პირველი თამამი სცენის თამაში ირიცხება.

 

მერაბ კოკოჩაშვილის „დიდ მწვანე ველში“ მზია მაღლაკელიძისა და დოდო აბაშიძის ვნებით სავსე სცენა იმდროინდელი მაყურებლის არაერთგვაროვან შეფასებას იწვევდა. რთული წარმოსადგენი არ არის, გასული საუკუნის 60-იანი წლების საქართველო და ამ ფილმის სასიყვარულო სცენები…

 

ამ ფილმით, რომელიც მაღლაკელიძის სავიზიტო ბარათად დარჩა, მსახიობი ამაყობს. წუხს, რომ ბევრი კადრი საბჭოთა ცენზურის მაკრატელმა შეიწირა. ნანობს, რომ უფრო მეტად არ „გამოჩნდა“ ფილმებში. რუსთაველის თეატრის სცენაზე კი 40 წელი ითამაშა…

 

ორჯერ უყვარდა. პირველი რეჟისორი იყო – გიზო ჟორდანია, მეორე მოქანდაკე – ჯემალ შანშიაშვილი.

 

მზია მაღლაკელიძე ამერიკიდან, ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ საუბარში ბოდიშს უხდის რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს.

 

თუ რისთვის და რატომ ახლა, ამას მსახიობი თავადა ყვება.

 

მზია მაღლაკელიძე: – ეს მშვენიერი, მომღიმარი, მხიარული, ხმაურიანი და ენერგიით სავსე ამერიკა ისეა ჩამკვდარი, ისეთი საცოდავია, საშინელებაა.

 

ისეთი დიდი სევდა მაქვს, ვერ გადმოგცემთ.

 

ჩემი პატარა სქართველო მენატრება. ჩემი სახლის ხედი მენატრება ვერაზე. ჩვენი ფანჯარა მთელ თბილისს გადმოჰყურებს.

 

სამება, როგორც დედოფალი, პირდაპირ ჩემს სახლში დგას. ძალიან ლამაზია.

 

თურმე ძალიან მყვარებია თბილისი და ჩემი ქვეყანა. ნოსტალგიაო, რომ ახსენებდნენ, ისე მიკვირდა, ორი დღის წასულებს ასე რა ენატრებათ-მეთქი?!..

 

საშინელება ყოფილა! შენი ქვეყნიდან გადაკარგული რომ ხარ, მეგობრებს, რომელთან ერთადაც გაიზარდე და დაბერდი, რომ ვერ ნახულობ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რას ვიზამ, უნდა გავუძლო.

 

როცა საქართველოში მოვდივარ, ისეთი ბედნიერი ვარ… ახლა არ ვიცი, როდის მოვახერხებ წამოსვლას. ვინმემ იცის რამე?

 

მინდა ასევე გითხრათ, რომ ექიმების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. მამა მყავდა ექიმი, ქირურგი – ცაგური მაღლაკელიძე. ის მიყვარდა – ყველაზე მეტად.

 

ახლა პირდაპირ თაყვანს ვცემ ქართველ ექიმებს. რა სასწაულებს შვებიან, გმირები არიან.

 

გადავრჩებით! ასე მგონია… მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს.

 

სიყვარული კი, ისეთია, ჩემო ლამაზო, ყველაფერს ჯობნის, ყველა ბოროტებას… რწმენა კი ისეთი ძლიერია, უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგად ვიქნებით. და ასეც იქნება…

 

– „დიდ მწვანე ველს“ ახლა, ამ ასაკში როგორ გაიხსენებდით?

 

– მერაბ კოკოჩაშვილი ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ამ ფილმით ისტორიაში ვარ შესული. „დიდი მწვანე ველი“ მსოფლიოს ას საუკეთესო ფილმშია შესული. ბედნიერი ვარ.

 

მე ჩემი ქმრის დამსახურბითაც შემოვრჩები ისტორიას. კარგი სხეული მქონდა და ჩემმა მოქანდაკე ქმარმა ჩემი ტორსი იმდენი ძერწა, იმდენი ძერწა, რომ შედეგად ვერის ძველი ღვინის ქარხნის ეზოში დგას, ორი ქანდაკება.

 

ერთიც ავლაბარში, სასტუმრო “შერატონის” ფოიეში დგას. ძვირფასი ტორსია. დანარჩენი ჩვენს მუზეუმში გვაქვს.

 

– ბევრი სცენა ამოჭრილია ფილმიდან, რომელიმე სცენაზე გული გწყდებათ?

 

– კი. გარეგნობით ისეთი ვიყავი, ნამდვილი ბოშასგან ვერ გამარჩევდით. სესილია თაყაიშვილთან ერთად ვთამაშობდი ერთ სცენაში, სადაც ის ბოშების ხელმძღვანელი იყო.

 

ძალიან სიმპათიური როლი ჰქონდა. პიჯაკში დადიოდა, მეც პიჯაკით ვიყავი, რაღაცებით ახორხლილი დავდევდი.

 

ბოდბისხევის ბაზარში რაღაცებს ვყიდდით. მერე ამ სცენების ნაცვლად გრიგოლ ტყაბლაძის და სოსანას სცენა ჩასვეს. მახსოვს მერაბმა თქვა, შენახული მაქვს ამოჭრილი კადრებიო. ძალიან გამიხარდა.

 

„მე ამას ვერ ვითამაშებ“ – ეს დამოკიდებულება არცერთი სცენის მიმართ არ გქონიათ?

 

– არა. არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო. დოდო აბაშიძე ცხოვრებაშიც ძალიან მიყვარდა.

 

ვმეგობრობდით, ამდენად დოდოს სიყვარული არ გამჭირვებია. იმ დროს დოდოს დიდი ვნებები ჰქონდა მსახიობ ლია კაპანაძესთან.

 

და ლია ხომ არ ეჭვიანობდა თქვენზე?

 

– არა. რა ჰქონდა საეჭვიანო? პირიქით, მათი ხელისშემწყობი ვიყავი. უკიდეგანო გრძნობები ჰქონდათ.

 

– ქალბატონო მზია, ამ ფილმის შემდეგ ქუჩაში გცნობდნენ?

 

– მცნობდნენ. დღემდე მგონია, რომ არავინ არ მიცნობს. ამიტომ ყოველთვის მიკვირდა, თუკი ვინმე მიცნობდა… ჩემ თავს არ ვანებივრებდი.

 

არ გწყდებათ გული, რომ თქვენი ფაქტურის მსახიობი კინოში სათანადო დოზით არ ხართ „გამოყენებული“?

 

– ცოტათი მწყდება. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მეტ ფილმში ვყოფილიყავი. მაგრამ ეს იყო ჩემი ბედი… თურმე საინტერესო ტიპაჟი ვიყავი.

 

ცხოვრება რომ გავიდა და თვალი გადავავლე, ჩემი მონაცემები მერე უფრო შევაფასე და დავაფასე.

 

იყო მომენტი თვითონ ვამბობდი ფილმზე უარს. საინტერესო დიალოგებიან ფილმს რატომ არ დავთანხმდებოდი, მაგრამ გაწელილ მონოლოგზე უარი მითქვამს.

 

დაასახელებთ ფილმს, რომელზეც უარი თქვით?

 

– დავასახელებ. მადლობა ამ კითხვისთვის. ლანა ღოღობერიძე ჩემი უსაყვარლესი ადამიანია. პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას და რეჟისორს.

 

თქვენი მეშვეობით მე მას პირველად მოვუხდი საჯაროდ ბოდიშს.

 

ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე“ ლანამ ერთი რესპონდენტის როლი შემომთავაზა. მერე ის როლი ჩემმა მეგობარმა, მანანა გამცემლიძემ არაჩვეულებრივად ითამაშა.

 

კინოში ტექსტის დაზეპირება მიჭირდა, ვწვალობდი. სცენაზე ასე არ იყო. ძირითადად ამიტომ ვამბობდი უარს კინოში გადაღებაზე.

 

წარმოიდგინეთ, ლანას რომ უარს ეტყვი ფილმში თამაშზე… შერცხვენილი ვიყავი მასთან.

 

არასდროს მომენტი არ ჩამივარდა, რომ მისთვის პირადად მეთქვა, აი, ამიტომ ვამბობდი უარს-მეთქი და ახლა ვეუბნები.

 

– ეწყინა უარი?

 

– არა, ლანას რა უნდა სწყენოდა. არაჩვეულბრივი ქალია ყველა ასპექტში. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

 

ახლაც ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ გულში ხინჯად მაქვს ის უარი. ახლა ბოდიშს ვუხდი.

 

მზია მაღლაკელიძემ რუსთაველის თეატრში 40 წელი გაატარა. თამაშობდა გმირსაც, წეროსაც, ეპიზოდურ პატარა როლებსაც, იდგა „მასოვკაშიც“. მისი რეპერტუარი საკმაოდ ჭრელი იყო.

 

მზია: – არ დავიშტამპე და ამით ბედნიერი ვარ. ერთი ამპლუა არ მქონდა და ეს მიხარია. სხვადასხვა სახეებს ვთამაშობდი.

 

ვამაყობ იმით, რომ როლი არ ჩამიგდია. მთელ ჩემ არსებას ვდებდი როლში.

 

სოხუმის თეატრიდან დავიწყე. სერგო ზაქარიაძე იყო მოწვეული და ჩემთან ერთად ითამაშა.

 

გადაირია ჩემი თამაშით და თან ისე, რომ თამაშს თავს ანებებდა.

 

ეს რომ დავინახე, სულ გადავირიე, ავიწყვიტე და გავგიჟდი. მერე რუსთაველის თეატრმა გადამიყვანა…

 

„სეილემის პროცესის“ პრემიერა რომ ვითამაშეთ, საგრიმიოროში რობიკოს წერილი დამხდა. „მზეო (დედა მეძახდა ასე და თეატრშიც აიტაცეს) ცხოვრება წინ არის, ყველაფერი წინ გვაქვს.“ ძალიან გამახარა ამით.

 

მერე წლების გასვლის შემდეგ, როლებზე რომ აღარ დამაკავა, ძალიან განვიცადე.

 

რატომ ვბრაზდებოდი ჩემთვის, რას ვიბერებოდი, გული ლამის რომ გავიხეთქე, ახლა მეცინება…

 

თეატრალურ უნივერსიტეტში დიდი ხანი ვპედაგოგობდი. მსახიობებთან ხელშეკრულებების დადება რომ დაიწყო, ვღელავდით, რა იქნება, რამდენ ხანს დაგვიდებენ ხელშეკრულებასო.

 

ერთხელაც მომეშალა ნერვები, აღარ ვდებ ხელშეკრულებას-მეთქი, ასაკიც ხელს მიწყობდა და თეატრში აღარ დავბრუნდი. 65 წლის ვიქნებოდი…

 

ერთხელაც მოსკოვში, ნუცამ ედიტ პიაფის პრემიერა რომ ითამაშა და სახლში ბედნიერები ვსაუბრობდით, ნუცის ვუთხარი, იცი, რობიკო და დუდანა როგორ მენატრებიან-მეთქი. მერე აიღე ტელეფონი და დაურეკეო, მითხრა.

 

ამდენი ხანია არ მინახავს და რა ვუთხრა, რომ დავურეკავ-მეთქი… ვერ დავრეკე. რობიკო… ეგ ოხერი ახლაც მიყვარს ძალიან (იცინის).

 

ასაკი შინაგანი განწყობაა?

 

– სული არ უნდა დაგიბერდეს. შინიდან თუ დაბერდი, ვერაფერი გიშველის. სიყვარული ყველააფერია, არ აბერებს ადამიანს.

 

ადამიანი იცვლება?

 

– არა. ბოლომდე ის რჩები, რაც იყავი. ძლიერი უნდა იყო, რომ თავს მოერიო და შეცვალო. მაგრამ არა, პიროვნება არ იცვლება.

 

თავს უნდა ფლობდე და მართავდე. სიკეთით და სიყვარულით უნდა მართო.

 

რამეს ნანობთ? 

 

– არაფერს. სიყვარული განვიცადე, ორჯერ მიყვარდა. ორჯერ ვიყავი გათხოვილი. არაჩვეულებრივი ქმრები მყავდა, ერთიც და მეორეც. როლები მქონდა. არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ბრძენი ნუცა, რომელსაც დღეს ბევრ რამეს ვეკითხები. და ჩემი უსაყვარლესი შვილიშვილი ნიკოლოზი, რომლის აღზრდით ვარ დაკავებული.

 

მოკლედ, საინტერესო ცხოვრება განვლე…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +